Այլք

რუსეთის პატრიარქი ილია II-ს ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტად სიტყვიერადაც არ აღიარებს

11 Հունվար, 2019

2019 წლის 9 იანვარს პრო-რუსული პარტია “დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ პრესკონფერენცია გამართა, სადაც უკრაინის ავტოკეფალიის საკითხზე ისაუბრა. ბურჯანაძის თქმით, თუ საქართველოს ეკლესია უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას აღიარებს, საპასუხოდ, რუსეთის საპატრიარქო აფხაზეთის ეკლესიის დამოუკიდებლობას აღიარებს. იმავე დღეს, ნინო ბურჯანაძემ ამ საკითხზე ტელეკომპანია “ობიექტივის” ეთერშიც ისაუბრა და აღნიშნა, რომ უკრაინის ავტოკეფალიის საკითხი ამერიკის ინტერესებშია, რათა რუსეთსა და უკრაინას შორის განხეთქილება მოხდეს.

ნინო ბურჯანაძე, დემოკრატიული მოძრაობა: „მე ზუსტად ვიცი, დარწმუნებული ვარ, რომ თუ საქართველოს ეკლესია უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას ცნობს, რუსეთის საპატრიარქო ავტომატურად გააკეთებს იმას, რაც აქამდე არ გაუკეთებია - აღიარებს აფხაზეთის ეკლესიის დამოუკიდებლობას. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი და დიდი ნაბიჯი გადადგმული აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დამოუკიდებლობისათვის და ეს იქნება დამღუპველი საქართველოს ერთიანობის პერსპექტივისათვის.“


ნინო ბურჯანაძე, დემოკრატიული მოძრაობა, ობიექტივის ეთერი: “რეალურად, რა თქმა უნდა, ეს არის ამერიკის ინტერესში, რომ განხეთქილება მოხდეს რუსეთსა და უკრაინას შორის, რასაც მიაღწიეს გარკვეულწილად, თუმცა, მე ვფიქრობ, რომ საბოლოო ჯამში, მაინც ალბათ რუსეთსა და უკრაინას შორის ურთიერთობები დალაგდება და ეს არის, მსოფლიო პატრიარქის გადაწყვეტილება სამწუხაროდ არის აბსოლუტურად, ერთმნიშვნელოვნად პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელსაც შიდა უკრაინულ პროცესებში ისეთი უმძიმესი შედეგები მოყვეს, რომ სამოქალაქო დაპირისპირებამდე მივიდეს საქმე“.

ბურჯანაძის განცხადება მანიპულაციაა. 1. რუსეთის მიერ აფხაზეთის ეკლესიის დამოუკიდებლობის აღიარება მხოლოდ ფორმალური ხასიათის იქნება, რადგანაც აფხაზეთის ეპარქიას უკვე წლებია რუსი ეპისკოპოსი მართავს. ამასთან, რუსეთის საპატრიარქო საქართველოს პატრიარქის წოდებას “ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი”  არ აღიარებს. 2. რუსეთის საპატრიარქოს მიერ აფხაზეთის ეკლესიის დამოუკიდებლობის აღიარება არაკანონიკური იქნება, რადგანაც ავტოკეფალიის მინიჭების პრეროგატივა მხოლოდ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს აქვს.

        1. კონსტანტინოპოლისგან განსხვავებით, რუსეთის საპატრიარქო ილია II-ის “ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის” ტიტულს არ აღიარებს.

რუსეთის საპატრიარქო საქართველოს პატრიარქის ტიტულს სრულად არ აღიარებს. ილია II-ის სრული წოდებიდან რუსეთის საპატრიარქო განგებ ტოვებს “ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის” წოდებას. რუსეთის საპატრიარქოს ოფიციალურ გვერდზე მოცემულია ილია II-ის ბიოგრაფია, სადაც საქართველოს პატრიარქი მოხსენიებულია, როგორც “სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმინდესი და უნეტარესი.” 2018 წლის 20 დეკემბერს, უკრაინის გამაერთიანებელი კრების შემდეგ, მოსკოვის პატრიარქმა კირილმა მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურებს წერილი გაუგზავნა, რომელშიც მათ კონსტანტინოპოლის პატრიარქის წინააღმდეგ მხარდაჭერა სთხოვა. ამ წერილშიც ილია II-ის ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის წოდება გამოტოვებული იყო.

"

ამის საპირისპიროდ, კონსტანტინოპოლის ეკლესია საქართველოს პატრიარქის ტიტულს სრულად აღიარებს. 2017 წლის 23 დეკემბრის წერილში კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ილია II-ს აღსაყდრების 40 წლისთავი მიულოცა, რომელშიც მან საქართველოს პატრიარქი სრული ტიტულით მოიხსენია.

ბართლომეოსის მისალოცი წერილი ილია II-ს.
"

როგორ მოიხსნიებენ ილია II-ს კონსტანტინოპოლის და რუსეთის პატრიარქები


მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი

რუსეთის პატრიარქი კირილი

უნეტარესი და უწმიდესი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი.

Святейший и Блаженнейший Католикос-Патриарх всея Грузии, Архиепископ Мцхетский и Тбилисский.

უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი.


     2. რუსეთის მიერ აფხაზეთის ეკლესიის დამოუკიდებლობის აღიარების საკითხი მხოლოდ ფორმალობაა. რუსეთის საპატრიარქო წლებია აფხაზეთის ეპარქიას მართავს.

მოსკოვის საპატრიარქო წლებია დაუფარავად ერევა ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის საქმიანობაში. შესაბამისად შიშების დათესვა, თითქოს საქართველოს ეკლესიის მიერ უკრაინის ეკლესიის აღიარება აფხაზეთს დაგვაკარგინებს, უსაფუძვლოა, რადგანაც აფხაზეთის ეპარქიას ისედაც რუსეთი მართავს.

რუსეთი არა თუ ერევა აფხაზეთის ეპარქიის საკითხებში, უკვე წლებია მართავს მას.

  • ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მდებარე ყველა ტაძარს (ახალი ათონის მონასტრის გარდა) მოსკოვის საპატრიარქო აკონტროლებს.
  • მოსკოვის საპატრიარქოს აფხაზეთის ტერიტორიაზე 15-მდე მღვდელი ჰყავს დადგენილი, რომელთაგან უმეტესობა (ერთის გამოკლებით) საპატრიარქოს მიერვე არის ნაკურთხი.
  • აფხაზეთის ეპარქიას მაიკოპისა და ადიღეს რუსი ეპისკოპოსი მართავს.

აფხაზეთის ეპარქიისთვის მთავარ საფრთხეს სწორედ რუსეთის საპატრიარქო წარმოადგენს, რომელიც თავის სასულიერო პირებს გზავნის ოკუპირებულ აფხაზეთში, რაც კანონიერად გაუმართლებელია. ასევე, ხშირია აფხაზეთში მდებარე ეკლესიების გადათეთრება და დაზიანება, რაც ქართული კვალის წაშლას ემსახურება.

გარდა ამისა, რუსეთის მიერ აფხაზეთის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარება არაკანონიკურია. ავტოკეფალიის მინიჭების პრეროგატივა მხოლოდ კონსტანტინოპოლს აქვს. ავტოკეფალიის მინიჭების ერთ-ერთი კრიტერიუმი სახელმწიფოებრიობაც არის, აფხაზეთი კი რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიაა.


მოამზადა სოფო გელავამ