Այլք

რუსული კონსპირაციები Pokémon GO-ს შესახებ

23 Սեպտեմբեր, 2016

რუსული ტელეკომპანია „РЕН ТВ" პოპულარულ თამაშ Pokémon GO-ს უცხოური სპეცსამსახურების მიერ შექმნილ აპლიკაციად წარმოაჩენს. 2010 წელს, რუსეთის საგარეო დაზვერვის (СВР РФ) აგენტობაში დადანაშაულებული ანა ჩაპმანის ტელეშოუს „ჩაპმანის საიდუმლოებები. ჩვენ გვითვალთვალებენ" მიხედვით, Pokémon GO ისეთი პიროვნებების სათვალთვალოდ შეიქმნა, როგორიცაა ჟულიან ასანჟი - WikiLeaks - ის დამფუძნებელი. სიუჟეტში მოთხრობილია, რომ 18 ივლისს ეკვადორის საელჩოს შენობა ლონდონში Pokémon GO-ს მოყვარულების თავშეყრის ადგილად გადაიქცა, რადგანაც თამაშის მიხედვით შენობა ერთ-ერთ პოკესტოპს (ადგილი- სადაც მოთამაშეები დამატებით „ბონუსებს" აგროვებენ) წარმოადგენდა. ჩაპმანის შოუმ Pokémon GO-ს მოთამაშეების აქტივობა დაუკავშირა იმ ფაქტს, რომ ჟულიან ასანჟი ეკვადორის საელჩოს ტერიტორიაზე იმყოფება, მას შემდეგ რაც 2012 წელს ეკვადორს პოლიტიკური თავშესაფარი სთხოვა. სიუჟეტში ამბობენ, რომ ჟულიან ასანჟზე დიდი ხანია ნადირობს ბრიტანული პოლიცია, ხოლო ერთი შეხედვით უწყინარი Pokémon GO-ს შეიძლება „ორმაგი თამაშის" ნაწილი იყოს, რომელიც ჟულიან ასანჟის თვალთვალს ისახავს მიზნად.

რუსული კონსპირაცია: Pokémon GO - სატანური თამაში თუ უცხოური სპეცსამსახურების პროექტი

ზოგიერთი რუსი პოლიტიკოსის განცხადებით, ანიმაციურ პერსონაჟებზე ნადირობა ქუჩებში, სატანურია. ცნობილი რუსი ულტრანაციონალისტის და იდეოლოგის ალექსანდრ დუგინის აზრით კი, თამაშის შემქმნელები ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოსთან არიან კავშირში. მსგავს პოზიციაზეა რუსეთის კომუნიკაციების მინისტრი ნიკოლაი ნიკიფოროვიც, რომელიც ეჭვობს, რომ აპლიკაციის შექმნაში სპეცსამსახურები მონაწილეობდნენ.

ეკატერინბურგში, 21 წლის ვიდეო ბლოგერი დააპატიმრეს, რომელმაც იუთუბზე ვიდეო ატვირთა, სადაც ის Pokémon GO -ს თამაშობს ეკლესიაში. რუსლან სოკოლოვსკის ბრალად ედება სიძულვილის გაღვივება და სხვისი რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა, რომელიც შესაძლოა 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისაჯოს.

პოკემონ გოს- რუსული ვერსია: „სელფები" ივანე მრისხანესა და ნაპოლეონ ბონაპარტთან ერთად

1

ქალაქ მოსკოვის მთავრობა გეგმავს  Pokémon GO-ს რუსული ვერსიის  შექმნას, რომელიც თამაშში ჩართავს  ისტორიულ პერსონაჟებს - ივანე  მრისხანე, პეტრე დიდი და საფრანგეთის  იმპერატორი ნაპოლეონ ბონაპარტე,  რომელმაც 1812 წელს მოსკოვი დაიპყრო.  მოთამაშეები პერსონაჟებთან „ბრძოლის"  მაგივრად მათთან სელფებს გადაიღებენ.

Pokémon GO

რეალითი თამაშია,  რომელიც პირველად 2016 წლის  ივლისში რამოდენიმე ქვეყანაში  გამოუშვეს და ძალიან მალე მსოფლიოში  ყველაზე პოპულარულ აპლიკაციად  იქცა. ეს აპლიკაცია iOSAndroid, და Apple Watch-ის მოწყობილობებისთვის შეიქმნა. Pokémon GO-ს მოთამაშე გადაადგილდება რეალურ სამყაროში, ამ დროს კი მისი სმარტფონის ეკრანზე კამერის მეშვეობით აღქმულ რეალობას ემატება თამაშის რუკა, რომელზეც მოულოდნელად ჩნდებიან 3-D პოკემონები. მოთამაშემ უნდა მოახერხოს მათი „დაჭერა".