Նույնականություն

ლევან ჩაჩუას 2 ტყუილი ლუკაშენკოს და ბუტარისის შესახებ

30 Մայիս, 2018

2018 წლის  24 მაისს საინფორმაციო პორტალმა Geworld.ge-მ გამოაქვეყნა ინტერვიუ პოლიტიკური პარტიის “ქართული იდეა“ ლიდერთან ლევან ჩაჩუასთან, რომელშიც 17 მაისის მოვლენებია მიმოხილული. ჩაჩუას თქმით,  საქართველოს, ალექსანდრე ლუკაშენკოსნაირი “მუჟიკი” მმართველი სჭირდება, რომელმაც აშშ-ის ელჩი ქვეყნიდან იმის გამო გააძევა, რომ ამ უკანასკნელმა ლუკაშენკოს ბელარუსში ტრანსოფობიასა და ჰომოფობიასთან ბრძოლის აქციის გამართვა მოსთხოვა. ამავე ინტერვიუში ჩაჩუა აღნიშნავს, რომ საბერძნეთში ქალაქის მერს 17 მაისის აქციის ნებართვის გაცემის გამო ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ლევან ჩაჩუა, ქართული იდეა: ,,ვერ ვეღირსეთ ქართველები, გვყავდეს თუნდაც ლუკაშენკოსნაირი “მუჟიკი” ხელისუფალი, რომელსაც ერთხელ გაუბედა ამერიკის ელჩმა და უთხრა, ტრანსფობიისა და ჰომოფობიის საწინააღმდეგო აქცია ჩაეტარებინა, მაგრამ ლუკაშენკომ ის ქვეყნიდან გააგდო, პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა...იგივე ხდება საბერძნეთშიც, ქალაქის მერი კინაღამ შემოაკვდათ, აფურთხებდნენ და ნაგავი დააყარეს თავზე იმისთვის, რომ 17 მაისის აღნიშვნის ნებართვა გასცა.”

ლევან ჩაჩუას მტკიცება, თითქოს ალექსანდრე ლუკაშენკომ ამერიკის ელჩი კარენ სტიუარტი ტრანსფობიასა და ჰომოფობიის წინააღმდეგ აქციის ჩატარების მოთხოვნის გამო გააგდო, დეზინფორმაცია. რეალურად,  აშშ-ის ელჩის ქვეყნიდან გაძევების მიზეზი ამერიკის მიერ ბელარუსიის სახელმწიფო ნავთობკომპანიასა ("ბელნეფტხიმის")  და ქვეყნის პრეზიდენტზე არჩევნების არადემოკრატიულად ჩატრების გამო დაწესებული სანქციების საპასუხო ნაბიჯი  იყო. სალონიკის მერს კი ფიზიკურად ბერძენი ულტრა-ნაციონალისტები გაუსწორდნენ, რისი მიზეზიც გენოციდთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე მერის დასწრება იყო.

რეალური ფაქტები

    1. აშშ-ის ელჩი ლუკაშენკომ ნავთობის სახელმწიფო კომპანიასა და ლუკაშენკოს ევროპასა და აშშ-ში გადაადგილებაზე დაწესებული სანქციების საპასუხოდ გააძევა

ბელარუსმა შეერთებული შტატების ელჩი, მას შემდეგ გააძევა, რაც ვაშინგტონის მიერ მისი პრეზიდენტისთვის დაწესებული მგზავრობის შეზღუდვები ამოქმედდა. გადაწყვეტილება ასევე ითვალისწინებდა აშშ-ის სანქციებს, რომლებიც სახელმწიფო კონტროლირებადი ნავთობპროდუქტებისა და ქიმიურ კომპანიაზე დააწესა.

ამერიკული სანქციების მიზეზი ბელარუსში 2006 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები იყო, რომელიც საერთასორისო საზოგადოებამ საერთაშორისო ნორმების დარღვევად, არათავისუფალ და არასამართლიანად შეაფასა. ამის გამო აშშ-მა და ევროკავშირმა 16 პირს, მათ შორის ალექსანდრ ლუკაშენკოს მგზავრობის შეზღუდვები დაუწესა, ამასთან ფინანსური სანქციები დააკისრა სახელმწიფო მფოლობელობაში მყოფ 16 კომპანიას. 2008 წელს, მას შემდეგ, რაც ბელარუსში ადამიანის უფლებების კუთხით მდგომარეობა გაუარესდა, აშშ-მა სანქციები გაამკაცრა. სწორედ ამის პასუხად ლუკაშენკომ ქვეყნიდან ამერიკის ელჩი და 30 ამერიკელი დიპლომატი გააძევა.

ამერიკული სანქციები მხოლოდ მას შემდეგ შემსუბუქდა, რაც 2015 წლის აგვისტოს ლუკაშენკომ ის ექვსი პოლიტიკური პატიმარი გაათავისუფლა, რომელთა დაკავების გამო დასავლეთი ლუკაშენკოს რეჟიმს ხშირად აკრიტიკებდა.

    2. სალონიკის მერზე ბერძენი ულტრა-ნაციონალისტების მხრიდან თავდასხმის მიზეზი გენოციდთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე მერის დასწრება იყო

რეალურად, სალონიკის 75 წლის მერს ფიზიკურად 19 მაისის შეკრებაზე გაუსწორდნენ, რომელიც 1913-1922 წლებში ბერძენთა გენოციდის ხსოვნას ეძღვნებოდა. ღონისძიებაზე ბუტარისის გამოჩენამ ბერძენი ულტრა-ნაციონალისტური ჯგუფები გააღიზიანა, რადგანაც ბუტარისი მაკედონიასა და თურქეთის შერიგების, თანამედროვე თურქეთის სახელმწიფოს დამფუძნებლის, ქემალ ათათურქის ქებისა და სხვა ანტი-ნაციონალისტური დღის წესრიგით გამოირჩევა. გენოციდის ხსოვნის ღონისძიებაზე ანტი-ნაციონალისტი მერის გამოჩენა ულტრა-ნაციონალისტური ჯგუფების მხრიდან ძალადობის მიზეზი გახდა და მას ლგბტ თემის მხარდაჭერასთან კავშირი არ აქვს.

2018 წლის 22 მაისს იგივე დეზინფორმაცია ონლაინ სააგენტო Ipress-მა გაავრცელა. ვრცლად იხილეთ მითების დეტექტორის ადრინდელი პუბლიკაცია.

“ქართული იდეისა” და ლევან ჩაჩუას შესახებ

“ქართული იდეის” ლიდერი ლევან ჩაჩუა “ქართულ მარშთან” ერთად 14-17 მაისს ულტრა-ნაციონალისტურ და ჰომოფობიურ აქციებში მონაწილეობდა. ის ასევე აქტიურად იყო ჩართული 2017 წლის ივლისში ე.წ. “ქართული მარშის” ორგანიზებაში. ლევან ჩაჩუას 2010 წელს ტელეკომპანია კავკასიაში შეჭრისა და ექსტრემისტული საქმიანობის გამო 4 წლით პატიმრობა მიუსაჯეს, თუმცა 2012 წელს ის პოლიტიკური პატიმრის სტატუსით გათავისუფლდა. 2014 წლის 16 დეკემბერს, ახალი პოლიტიკური პარტია “ქართული იდეის” დაარსების შესახებ პარტიის თავმჯდომარე ლევან ჩაჩუამ „რია-ნოვოსტის“ თბილისის საერთაშორისო პრეს-ცენტრში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. პარტია მონაწილეობას იღებდა 2016 წლისსაპარლამენტო არჩევნებში.


მოამზადა ირაკლი თაკალანძემ,
მითების დეტექტორის ლაბორატორია