Հակամարտություններ

დეზინფორმაცია, თითქოს “ქართული ლეგიონის” მებრძოლი დონეცკის დე ფაქტო რესპუბლიკის მხარეს გადავიდა

10 Մայիս, 2018

30 აპრილს, საინფორმაციო სააგენტო “საქინფორმმა” გამოაქვეყნა მასალა, სათაურით „„ქართული ლეგიონის“ მებრძოლი დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მხარეს გადავიდა“. მასალაში ე.წ დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ოპერატიული ძალების მეთაურის მოადგილე, ედუარდ ბასურინი აცხადებს, რომ ურთიერთშეხების ხაზთან დააკავეს საქართველოს მოქალაქე, რომელიც „ქართულ ლეგიონში“ ირიცხებოდა და მზადაა სეპარატისტების მხარეს გადავიდეს.  ბასურინის თქმით, დაკავებული აცხადებს რომ მიზეზი იმ ქართველი მებრძოლების წინააღმდეგ დაწყებული დევნაა, რომლებიც 2014 წელს მაიდნის მოვლენებში იღებდნენ მონაწილეობას. ტექსტის ბოლოს მოყვანილია ქართული ლეგიონის მეთაურის, მამუკა მამულაშვილის კომენტარი, რომელიც ბასურინის განცხადებას აბსურდულს უწოდებს.

ამბავი 26-27 აპრილს რუსულმა  მედიასაშუალებებმა Риа Новости, Военное Обозрение, News.rambler.ru, naspravdi.info  -მაც გაავრცელეს. მასალებში ედუარდ ბასურინი სეპარატისტების მხარეს გადასულ მებრძოლს თემურ.კ-დ  მოიხსენიებს.

"

“ქართული ლეგიონის” მეთაურის, მამუკა მამულაშვილის განცხადებით, ცნობა  “ქართული ლეგიონის” მებრძოლის დონეცკის დე ფაქტო რესპუბლიკის მხარეს გადასვლის შესახებ სიცრუეა. მისი თქმით, “ქართული ლეგიონის” რიგებში მებრძოლი სახელით „თემური“ არასდროს ყოფილა. საქინფორმის მასალაში მამუკა მამულაშილის პოზიცია ბასურინის ციტატის შემდგომ, ტექსტის ბოლოსაა მოყვანილი, სათაურში კი მტკიცებითი ფორმით ნათქვამია, რომ ქართული ლეგიონის მებრძოლი დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მხარეს გადავიდა. სათაურის ამგვარი ფორმულირება მანიპულაციურია და მკითხველის შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.

მითების დეტექტორი დაუკავშირდა უკრაინაში „ქართული ლეგიონის“ მეთაურს, მამუკა მამულაშვილს, რომელმაც განაცხადა, რომ დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ოპერატიული ძალების მოადგილის განცხადება სიცრუეა. მისი განმარტებით, “ქართული ლეგიონის” რიგებში მებრძოლი სახელით „თემური“ არასდროს ყოფილა. ლეგიონის მეთაური მიიჩნევს, რომ ბასურინის მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმ პროვოკაციების სერიის ნაწილია, რომელიც ტრისტან წითელაშვილმა წამოიწყო და სამი ქართველის მონაწილეობით, იტალიაში გადაღებული ფილმით გაგრძელდა.  მამულაშვილის თქმით, პროვოკაციების უკან რუსული სპეცსამსახურები დგას.

FAKE: დაქირავებული ქართველი სნაიპერები მაიდნის მოვლენების დროს მშვიდობიან დემონსტრანტებს ესროდნენ

ედუარდ ბასურინი თავის განცხადებაში მაიდნის მოვლენებში ქართველი მებრძოლების მონაწილეობის შესახებ საუბრობს, რაც 2017 წელის ნოემბერში აგორებული დეზინფორმაციული კამპანიიდან იღებს სათავეს. იტალიურმა ტელეარხ Matrix-მა დოკუმენტური ფილმი გადაიღო, სადაც კობა ნერგაძე, ზალოგი კვარაცხელია და ალექსანდრე რევაზიშვილი ყვებიან, რომ 2014 წელს მაიდნის მოვლენებში მონაწილეობის მიღების მიზნით ,„ქართული ლეგიონის“ მეთაურმა მამუკა მამულაშვილმა მათ 1000 დოლარი გადაუხადა და ყალბი პასპორტებით ჩაიყვანა კიევში. ფილმში განვითარებულია მოსაზრება, რომ 2014 წლის თებერვალში მაიდანზე შეკრებილ დემონსტრანტებს პრო-რუსული უკრაინული სამთავრობო ძალების ნაცვლად ოპოზიციის ლიდერებისა და ევროკავშირისგან მხარდაჭერილი ქართველი სნაიპერები ესროდნენ.  დოკუმენტური ფილმი მითების დეტექტორმა, Stop Fake-მა, Insider-მა და BBC Monitoring-მა გააბათილეს. რესპოდენტების განცხადებები ფაქტობრივ უზუსტობებს შეიცავდა და  წინააღმდეგობაში მოდიოდა ოფიციალურ მონაცემებთან. კერძოდ, უკრაინის პროკურატურის მონაცემებით ნერგაძეს, რევაზიშვილს და ზალოგი კვარაცხელიას უკრაინის საზღვარი არ გადაუკვეთავთ და 2014 წლის თებერვალში, მაიდნის მოვლენების დროს უკრაინაში არ იმყოფებოდნენ. მამუკა მამულაშვილის განმარტებით, უკრაინის სახელმწიფო საზღვარი 2014 წლის აპრილამდე არც მას არ გადაუკვეთავს. ე.წ “ქართველი სნაიპერების” შეუსაბამობაში მოდიოდა სასამართლო, სამედიცინო თუ ბალისტიკური ექსპერტიზის, ასევე 20 თებერვალს დაჭრილთა დაკითხვის შედეგებთან. ფილმში მოყვანილი მტკიცებების დამადასტურებელი “დოკუმენტები”კი შეიცავდა გრამატიკულ ხარვეზებს ინგლისურ ენაზე.

"
დოკუმენტური ფილმის „მიგნებები“ 2017 წლის ნოემბერში რუსულმა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს. 27 იანვარს „ასავალ-დასავალისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ფილმის დეზინფორმაციული გზავნილები საქართველოში რუსეთისთვის ჯაშუშობაში ბრალდებულმა,  გენერალმა ტრისტან წითელაშვილმაც განავრცო.

"


პროპაგანდის მეთოდი

Ad nauseam-ის ტექნიკა, გულისხმობს ერთი და იმავე იდეის ან სლოგანის განუწყვეტლივ განმეორებას იმდენად ხშირად, რომ ადამიანები მას იჯერებენ.


მოამზადა ელმედდინ მამედოვმა
მითების დეტექტორის ლაბორატორია