ՆԱՏՕ

ვინ სვამს ტოლობის ნიშანს ნატოში ინტეგრაციასა და საქართველოში თურქეთის ჯარების განთავსებას შორის?

22 Մարտ, 2018

ცნობილი კონსპირაცია, რომ საქართველოს ნატოში ინტეგრაციის შემთხვევაში ქვეყანაში თურქეთის ჯარები განთავსდება, რადგან თურქეთი ნატოს წევრი ქვეყანაა, ამჯერად ვებ პორტალმა „საქართველო და მსოფლიომ“ გააცოცხლა, რომელმაც 16 მარტს მასალა, სათაურით „ეი, ნატო, სად ხარ?” გამოაქვეყნა. სტატიაში “საქართველო და მსოფლიოს” გამომცემლის, რუსეთში მოღვაწე პოლიტოლოგის ალექსანდრე ჭაჭიას ინტერვიუს ფრაგმენტებია მოყვანილი, რომელიც მან ამავე გამოცემას 2012 წელს მისცა. რესპოდენტის თქმით, საქართველოს ნატოში შესვლით თურქეთია დაინტერესებული, რადგან მას საშუალება ექნება საკუთარი ჯარები საქართველოს ტერიტორიაზე შეიყვანოს.

ალექსანდრე ჭაჭია, რუსეთში მოღვაწე პოლიტოლოგი: „იცით, ვინაა ყველაზე მეტად, აშშ–ის გარდა, საქართველოს ნატოში შესვლით დაინტერესებული? _ თურქეთი, აგრეთვე, აფხაზეთისა და ოსეთის პოლიტიკური წრეები. თურქეთს ეს მისცემს საშუალებას, რუსეთს არცშეხედოს და ნატოს ბაზების ეგიდით შეიყვანოს თავისი ჯარები საქართველოში, საიდანაც 200 წლის წინათ რუსებმა გაყარეს... რა ინტეგრაცია უნდა იყოს მაშინ, როდესაც საზღვრის ერთ მხარეს ნატოს თურქული ჯარები დგას, მეორე მხარეს კი _ რუსეთის? “
16 მარტი, 2018. Geworld.ge

ალექსანდრე ჭაჭიას და Geworld.ge -ს მიერ გაცოცხლებული მითი საქართველოს ტერიტორიაზე თურქეთის ჯარების განლაგების შესახებ, ანტიდასავლური პროპაგანდის ცნობილი გზავნილია  და მიზნად საზოგადოებაში ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის საწინააღმდეგოდ უსაფუძვლო ეჭვების დათესვას ისახავს მიზნად. ნატოს არ გააჩნია „ჯარი“, ხოლო მისი სტრუქტურა, ფუნქციონირება და პროცედურები რომელიმე წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე სამხედრო ბაზების განთავსებას არ გულისხმობს.

რეალური ფაქტები:

  • ნატოს არ გააჩნია „ჯარი“, იგი შედგება სამხედრო მართვის სტრუქტურისა და თავდაცვითი შესაძლებლობებისგან - რომელიც მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში და დადგენილი პროცედურების მიხედვით იწყებს მოქმედებას.
  • ნატოში გაწევრიანება ავტომატურად არ იწვევს ქვეყანაში ჯარების შესვლას, მათ შორის არც წევრი სახელმწიფოების ტერიტორიაზე - ალიანსის ფუნქციონირება, პროცედურები და სტრუქტურა არ გულისხმობს სამხედრო ბაზების განთავსებას წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე.
  • ნატო-ს ძალები გადაადგილდება და შედის ქვეყანაში მხოლოდ საფრთხის არსებობის შემთხვევაში და ატარებს მხოლოდ თავდაცვით ხასიათს - მშვიდობიანობის დროს ნატოს წევრი ყველა სახელმწიფოს შეიარაღებული ძალები თავად ამ სახელწმწიფოების და არა ნატოს მართვის ქვეშ იმყოფება. შესაბამისად, ნატოს არცერთ ქვეყანას, მათ შორის თურქეთს სხვა სუვერენულ სახელმწიფოს, თუნდაც ნატოს წევრ სახელმწიფოს ტერიტორიაზე შესვლის არავითარი დამატებითი უფლება არ აქვს.
  • ნატოს ჯარების გადაადგილება, სამხედრო მოქმედებები და სხვა სახელმწიფოში შესვლა მკაცრად გაწერილი პროცედურების მიხედვით ხორციელდება და მიმართულია წევრი სახელმწიფოების თავდაცვაზე ან სამშვიდობო ოპერაციების ჩატარებაზე - სამხედრო ოპერაციების დაწყების საფუძველია მეხუთე მუხლი, რომლის გამოყენება ხდება მხოლოდ თავდაცვის მიზნით მაშინ, როცა ხდება ნატოს წევრი სახელმწიფოს წინააღმდეგ თავდასხმა. ამასთან, ამგვარი გადაწყვეტილება მიიღება კონსენსუსის პრინციპით, ყველა წევრი სახელმწიფოს თანხმობის შემთხვევაში.

პროპაგანდის მეთოდი

აღნიშნულ შემთხვევაში პროპაგანდის მეთოდად გამოყენებულია Ad nauseam-ის ტექნიკა, რომელიც ერთი და იმავე იდეის განუწყვეტლივ განმეორებას გულისხმობს, იმდენად ხშირად, რომ ადამიანები მას იჯერებენ.

პროპაგანდის წყაროები

კონსპირაციებს ნატოში ინტეგრაციის შემთხვევაში საქართველოს ტერიტორიაზე თურქეთის ჯარების შემოსვლის შესახებ 2014 - 2017 წლებში სხვადასხვა კრემლისტური აქტორები, როგორც მედიის, ასევე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ავრცელებდნენ.

"

ვინ არის ალექსანდრე ჭაჭია?

ალექსანდრე ჭაჭია მოსკოვში მოღვაწე ქართველი პოლიტოლოგია, რომლის ინტერვიუები რეგულარულად ქვეყნდება ქართულენოვან კრემლისტური ონლაინ-პორტალებზე “საქინფორმი” და “საქართველო და მსოფლიო” (Geworld.ge). ამავე დროს, ჭაჭია შპს “ისტორიული მემკვიდრეობის” საზოგადოებრივი საბჭოს წევრიცაა, რომელიც “საქართველო და მსოფლიო”-ს გამოსცემს. 2014 წლის 13 თებერვალს, ალექსანდრე ჭაჭია რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა „მეგობრობის განმტკიცებისა და რუსეთის ფედერაციასთან თანამშრომლობისთვის, მეცნიერული და კულტურული კავშირების განვითარებაში შეტანილი დიდი წვლილისთვის“ ღირსების ორდენით დააჯილდოვა. ბრძანების ტექსტში აღნიშნულია, რომ ალექსანდრე ჭაჭია სახალხო მოძრაობა „სამეგრელო“-ს თავმჯდომარეა და გამოსცემს ჟურნალს „ისტორიული მემკვიდრეობა“, ასევე გაზეთებს „ილორი“ და „საქართველო და მსოფლიო“. ალექსანდრე ჭაჭია და „საქართველო და მსოფლიო“ ხშირად ფიგურირებენ მედიის განვითარების ფონდის კვლევებში, როგორც ანტიდასავლური პროპაგანდის წყარო.

"

damoukidebloba.com-ის კვლევის „რუსული გავლენა ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიაზე“ მიხედვით, ჭაჭია ასევე “მოსკოვის მ.ვ. ლომონოსოვის სახელობის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა საქართველოს ასოციაციის“ ხელმძღვანელი და „გლობალიზაციის პრობლემების კვლევის ცენტრის“ საბჭოს წევრია. 2015 წელს ალექსანდრე ჭაჭია  რუსეთში „სამამულო ომი“ გამარჯვების 70 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში „ერთობით მოპოვებული დიადი გამარჯვება“ მონაწილეობდა.