რა ვიცით მიკრონემსების და ID 2020 Alliance-ის შესახებ? 

კითხვის დრო: 6 წუთი

კითხვის დრო: 6 წუთი

196
VIEWS

2021 წლის 26 თებერვალს ფეისბუქ ანგარიშმა “ბიბლიის მორწმუნე ქრისტიანები” ვიდეოპლატფორმა Rumble-ზე განთავსებული ვიდეოს ბმული გააზიარა. ვიდეოში ამერიკელი ექიმი ქერი მადეი კორონავირუსის ვაქცინების შესახებ რამდენიმე დეზინფორმაციასა და კონსპირაციულ მტკიცებას აჟღერებს:

  1. არსებობს გეგმა სახელად “ID 2020”, რომლის მიზანია ყველა ადამიანს მიანიჭოს უნიკალური იდენტიფიკატორი, რომელიც ფულს და საკრედიტო ბარათებს ჩაანაცვლებს. ეს გეგმა ვაქცინაციის საშუალებით განხორციელდება.
  2. Moderna ვაქცინაციას მიკრონემსებით გეგმავს. მიკრონემსები ლუციფერაზას საშუალებით ადამიანებს კვანტურ ტატუს გაუკეთებენ, რაც პირადობის მოწმობის როლს შეასრულებს.
  3. რნმ ვაქცინის მწარმოებელმა Moderna-მ ვაქცინის კვლევის პირველი ფაზა გამოტოვა და პირდაპირ მეორე ფაზაზე გადავიდა, რომლის დროსაც ვაქცინა 45 ადამიანზე გამოსცადეს. მაღალი დოზის გაკეთებისას მოხალისეების 100%-ს სერიოზული სისტემური გვერდითი მოვლენები გამოუვლინდა, ხოლო დაბალი დოზის მიღების შემდეგ – 80%-ს.
  4. კორონავირუსის ვაქცინები შეიცავს ნივთიერება “ჰიდროგელს”, რომელიც ნანორობოტებისაგან შედგება. ჰიდროგელის სხეულში მოხვედრის შემდეგ ნანორობოტები ადამიანის ორგანიზმზე ინფორმაციას შეაგროვებენ და ხელოვნურ ინტელექტზე მიგვაერთებენ, რომელიც სხეულს დისტანციურად გააკონტროლებს.
  5. კორონავირუსის რნმ ვაქცინები შექმნილია ექსპერიმენტული ტექნოლოგიით, რომელთაც ადამიანის გენეტიკის შეცვლა შეუძლიათ.

;

ექიმი ქერი მადეის მიერ ვაქცინების შესახებ გამოთქმული მოსაზრებები დეზინფორმაციული, ნახევრად მცდარი და კონსპირაციული მტკიცებებისაგან შედგება.

კონსპირაცია: არსებობს გეგმა სახელად “ID 2020”, რომლის მიზანია ყველა ადამიანს მიანიჭოს უნიკალური იდენტიფიკატორი, რომელიც ფულს და საკრედიტო ბარათებს ჩაანაცვლებს. ეს გეგმა ვაქცინაციის საშუალებით განხორციელდება.

რეალურად, ID 2020 Alliance არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომლის მიზანი მსოფლიოში საბუთების გარეშე მცხოვრები ადამიანების აღრიცხვა და მათთვის ციფრული საბუთების შექმნაა. არალეგალი მიგრანტები და განვითარებადი ქვეყნებში მცხოვრები ადამიანები ხშირად არსად არიან აღრიცხულები და არც ოფიციალური საბუთები გააჩნიათ, რაც მათ საზოგადოებაში ინტეგრაციასა და სხვადასხვა სოციალური სერვისის მიღებას უზღუდავს. აღსანიშნავია ისიც, რომ ზოგიერთ განვითარებად ქვეყანაში, მაგალითად ბანგლადეშში, ორგანიზაცია ვაქცინების ალიანსთან Gavi-სთან თანამშრომლობს, რათა ადრეულ ასაკში ვაქცინის მიღების პარალელურად კომპიუტერულ სისტემაში ინდივიდის ვინაობის რეგისტრირებაც მოხდეს.

ქერი მადეის მტკიცება, თითქოს “ID 2020 Allicance” ადამიანებზე ტოტალური კონტროლის მოპოვების გეგმაა, რომლის მიზანიც პირადი დოკუმენტების, ფულისა და საკრედიტო ბარათების ჩანაცვლებაა, შეთქმულების თეორიაა, რომელიც ადრეც ვრცელდებოდა. “ID 2020”-ს არც კორონავირუსის ვაქცინებთან აქვს კავშირი, რეალურად ორგანიზაცია პანდემიამდე ოთხი წლით ადრე, 2016 წელს შეიქმნა.

ნაწილობრივ მცდარი: Moderna ვაქცინაციას მიკრონემსებით გეგმავს. მიკრონემსები ლუციფერაზას საშუალებით ადამიანებს კვანტური ტატუს გაუკეთებენ, რაც პირადობის მოწმობის როლს შეასრულებს.

მართალია, მეცნიერები ვაქცინაციისათვის განკუთვნილ მიკრონემსებს ქმნიან , თუმცა მცდარია მტკიცება, რომ Moderna-ს ვაქცინის ადმინისტრირება მიკრონემსების საშუალებით ფერმენტ ლუციფერაზასთან ერთად იგეგმება. ამ ეტაპზე Moderna-ს ისევე, როგორც კორონავირუსის სხვა ვაქცინების, ადმინისტრირება ტრადიციული ნემსის გამოყენებით მიმდინარეობს. რაც შეეხება მიკრონემსებს, 2021 წლის 6 იანვარს უელსის სვანსის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა მიკრონემსების პროტოტიპის შექმნასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. მეცნიერების თქმით, მათ მიერ შექმნილი “ჭკვიანი პლასტირი” რამდენიმე მიკრონემსისაგან შედგება და მისი საშუალებით ადამიანებს ვაქცინაცია სახლის პირობებში, ექიმისგან დამოუკიდებლად შეეძლებათ. მიკრონემსები ვაქცინის დოზას მცირე პორციებით უშვებენ კანში და ინექციით გამოწვეულ ტკივილს ამსუბუქებენ. მსავსი მიკრონემსების პროტოტიპზე იაპონელი მეცნიერებიც მუშაობენ. ტექნოლოგია ჯერკიდევ განვითარებისა და დახვეწის პროცესშია, თუმცა, მენიერების ვარაუდით, კორონავირუსის ვაქცინების ადმინისტრირებაში მიკრონემსებს მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლიათ.

რაც შეეხება ე.წ. “კვანტურ ტატუს”, იგი 2019 წელს მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მიერ  შექმნილი ტექნოლოგიაა, რომელსაც კორონავირუსთან კავშირი არ აქვს. აღნიშნული ტექნოლოგიით ადამიანის კანში ვაქცინაციის შემდეგ უხილავი, სინათლის ამრეკლავი ნაწილაკები რჩება. ამ ნაწილაკების საშუალებით შეგვიძლია დავადგინოთ, ვაქცინირებულია თუ არა ადამიანი, თუმცა ეს არ ნიშნავ იმას, რომ “კვანტური ტატუები” პირადობის მოწმობას და სხვა სახის დოკუმენტაციას ჩაანაცვლებს. ამასთანავე, მათ არც ფერმენტ ლუციფერაზასა და კორონავირუსის ვაქცინებთან არ აქვთ კავშირი. “კვანტური ტატუსა” და ფერმენტ “ლუციფერაზას” შესახებ სხვადასხვა კონსპირაციის თეორია ადრეც ვრცელდებოდა. ვრცლად იხილეთ, “მითების დეტექტორის” სტატიები:

დეზინფორმაცია #1: რნმ ვაქცინის მწარმოებელმა Moderna-მ ვაქცინის კვლევის პირველი ფაზა გამოტოვა და პირდაპირ მეორე ფაზაზე გადავიდა, რომლის დროსაც ვაქცინა მხოლოდ 45 ადამიანზე გამოსცადა. მაღალი დოზის გაკეთებისას მოხალისეების 100%-ს სერიოზული გვერდითი ეფექტები გამოუვლინდა, ხოლო დაბალი დოზის მიღების შემდეგ – 80%-ს.

ქერი მადეის მტკიცება, თითქოს ამერიკული კომპანიის Moderna-ს ვაქცინამ კვლევის პირველი ფაზა გამოტოვა, სიმართლეს არ შეესაბამება. Moderna-მ ამერიკის ჯანდაცვის ეროვნულ ინსტიტუტთან (NHI) ერთად კორონავირუსის რნმ-ს თანმიმდევრობის გაშიფვრაზე მუშაობა 2020 წლის 13 იანვრიდან დაიწყო. 2020 წლის 4 მარტს აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) ვაქცინის შექმნის გადაუდებელი საჭიროების გამო Moderna-სა და NHI-ს კორონავირუსის ვაქცინის კლინიკური კვლევის პრე-კლინიკურ კვლევების პარალელურად დაწყების ნება დართო, რის შედეგადაც კომპანიამ ვაქცინის კვლევა ცხოველებზე (თაგვებსა და მაკაკებზე) და ადამიანების მცირე ჯგუფზე (ე.ი. კლინიკური კვლევის პირველი ფაზა) ერთდროულად, 2020 წლის 16 მარტიდან დაიწყო. რეალურად, კვლევის ის 45 მონაწილე, რომელზეც ქერი მადეი საუბრობს, არა Moderna-ს ვაქცინის გამოცდის მეორე ფაზაში, არამედ სწორედ პირველ ფაზაში მონაწილეობდნენ.

Moderna-მ ვაქცინის კლინიკური გამოცდის პირველი ფაზის დასრულების და პირველადი შედეგების შესახებ პრეს-რელიზი 2020 წლის 18 მაისს გამოაქვეყნა, ხოლო კვლევის სრული მონაცემები 15 ივლისს გაასაჯაროვა . Moderna-ს მიერ გასაჯაროებული მონაცემების თანახმად, კვლევაში ჩართული 45 მონაწილეში, რომელთაც ვაქცინის სამი განსხვავებული დოზა გაუკეთეს, მსუბუქი ან საშუალო სირთულის, ძირითადად ხანმოკლე უკუჩვენებები (დაღლილობა, თავის ტკივილი, ტკივილი ინექციის ადგილზე) გამოვლინდა. შედარებით მძაფრი გვერდითი ეფექტები სულ 4 პაციენტში დაფიქსირდა. მათგან ერთს ვაქცინის საშუალო დოზის (100 მგ) მიღების შემდეგ მაღალი სიცხე (39.6 C) ჰქონდა, ხოლო დანარჩენ სამ მონაწილეს, რომელთაც ვაქცინის მაღალი დოზა (250 მგ) მიიღეს, ცხელება, თავის ტკივილი და გულისრევა ჰქონდა. კვლევის შედეგების მიხედვით, პირველი ფაზის კვლევაში არცერთი სერიოზული უკუჩვენება არ დაფიქსირებულა.

რაც შეეხება Moderna-ს ვაქცინის კვლევის მეორე და მესამე ფაზებს, ისინი 2020 წლის ივლისში ერთმანეთის პარალელურად დაიწყო და მათში 30 420 მოხალისე მონაწილეობდა.  მონაწილეთა დაახლოებით ნახევარს ვაქცინაციის შემდეგომ მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები – დაღლილობა, თავისა და კუნთების ტკივილი, ცხელება, საშუალო ან მძაფრი ფორმით გამოუვლინდათ. უკუჩვენებები დაახლოებით 2-3 დღის ვადაში ჰოსპიტალიზაციის და სამედიცინო დახმარების გარეშე გაქრა.

დეზინფორმაცია # 2: კორონავირუსის რნმ ვაქცინები შეიცავს ნივთიერება ჰიდროგელს, რომელიც ნანორობოტებისაგან შედგება. ჰიდროგელის სხეულში მოხვედრის შემდეგ ნანორობოტები ადამიანის ორგანიზმზე ინფორმაციას შეაგროვებენ და ხელოვნურ ინტელექტზე მიგვაერთებენ, რომელიც ორგანიზმს დისტანციურად გააკონტროლებს.

რნმ ტექნოლოგიით შექმნილი ამჟამად გამოყენებული ვაქცინების Pfizer-ისა და Moderna-ს ინგრედიენტების სრული ჩამონათვალი ღიადაა ხელმისაწვდომი და მასში ჰიდროგელი არ გვხვდება.

;

ჰიდროგელები სპეციფიკური აგებულების მოლეკულათა ჯაჭვებია, რომლებსაც დიდი რაოდენობით წყლის შეწოვა შეუძლიათ, თუმცა თვითონ წყალში არ იხსნებიან. მეცნიერები არაერთი წელია ბუნებრივ და სინთეტიკურ ჰიდროგელებს იცნობენ და იკვლევენ. თანამედროვე მედიცინაში ჰიდროგელები ძირითადად შემდეგი დანიშნულებით გამოიყენება: წამლების ლოკალიზებული მიწოდება, დაზიანებული ქსოვილებისა და ჭრილობების რეგენერაცია, კონტაქტური ლინზების და ბიოსენსორების დამზადება.  ქერი მადეი კორონავირუსის ვაქცინებს კერძო კომპანია Profusa-ს მიერ ჰიდროგელების გამოყენებით შექმნილ ბიოსენსორებთან აკავშირებს და ამტკიცებს, რომ აღნიშნულმა კომპანიამ ნანორობოტების შემცველი ჰიდროგელი შექმნა, რომელსაც ადამიანის ხელოვნურ ინტელექტზე “მიერთება” და კონტროლი შეუძლია.

 რეალურად, კომპანია Profusa-ს მიერ ჰიდროგელების გამოყენებით შექმნილ ტექნოლოგიას, რომელზეც ქერი მადეი საუბრობს, არც კორონავირუსის ვაქცინებთან და არც ნანორობოტებთან კავშირი არ აქვს. Profusa-მ 2018 წელს ჰიდროგელებით დამზადებული ბიოლოგიური სენსორი შექმნა, რომელიც ინექციის საშუალებით კანქვეშ თავსდება და ორგანიზმში მიმდინარე ქიმიურ ცვლილებებს, მაგალითად ქსოვილში ჟანგბადის დონის ცვლილებას აღიქვამს. სპეციალური ელექტრონული მოწყობილობის დახმარებით ბიოსენსორისაგან მიღებული ინფორმაციის კომპიუტერში ტრანსფერირება ხდება, რაც დაავადების ადრეულ ეტაპზე დიაგნოსტირებისათვის გამოიყენება. ჰიდროგელით შექმილი ბიოსენსორი არ შედგება ნანორობოტებისაგან, რომლებსაც მთელ სხეულში გაბნევა და ინფორმაციის მოგროვება შეუძლიათ, პირიქით, ჰიდროგელის ერთ-ერთ მთავარი თვისება სწორედ ისაა, რომ იგი სხეულში არ იფანტება და ქსოვილის კონკრეტულ რეგიონში ლოკალიზებული რჩება. ამასთანავე, Profusa-ს მიერ შექმნილი ბიოსენსორი ხელოვნურ ინტელექტს ადამიანის ორგანიზმის მართვის საშუალებას ვერ მისცემს, რადგან თავად ბიოსენსორი ორგანიზმში “პასიური დამკვირვებლის” როლს თამაშობს და ქსოვილში ცვლილებებს არ იწვევს. აღსანიშნავია ისიც, რომ Profusa-ს მიერ შექმნილ ბიოსენსორს კავშირი არ აქვს არც კორონავირუსის და არც სხვა ინფექციების ვაქცინებთან.

ქერი მადეი ჰიდროგელთან დაკავშირებით იმასაც აღნიშნავს, რომ ეს ნივთიერება ამერიკის “თავდაცვის კვლევითი პროექტების სააგენტომ” (DARPA) გამოიგონა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. მართალია, DARPA  ჭრილობებისა და დაზიანებული ქსოვილების რეგენერაციაში ჰიდროგელების გამოყენების პოტენციალს იკვლევს, თუმცა ჰიდროგელები DARPA-ს გამოგონება არ არის, მეცნიერებმა ისინი პირველად 1960-იან წლებში აღმოაჩინეს.

მტკიცება, თითქოს რომელიმე ვაქცინა ნანორობოტებს შეიცავს, ასევე დეზინფორმაციაა, რომელზეც “მითების დეტექტორი” ადრეც წერდა. ვრცლად იხილეთ სტატიები:

დეზინფორმაცია # 3: ტრანსფექციის ტექნოლოგიით შექმნილ კორონავირუსის რნმ ვაქცინებს ადამიანის დნმ-ს შეცვლა და გენმოდიფიცირება შეუძლია. 

“ტრანსფექცია” ზოგადი ტერმინია, რომელიც უჯრედის ციტოპლაზმაში უცხო დნმ-ს ან რნმ-ს მოხვედრას აღნიშნავს. რნმ ვაქცინებიც ტრანსფექციის მექანიზმით მუშაობს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი ადამიანი გენმოდიფიცირებას ახდენენ.  მითი, თითქოს კორონავირუსის ვაქცინები ადამიანის გენტიკას შეცვლის, “მითების დეტექტორმა” ადრეც გადაამოწმა. ვრცლად იხილეთ:

ვიდეოს გავრცელება 

ქერი მადეის ქართულად გახმოვანებული ვიდეო პლატფორმა rumble-ზე მომხმარებელმა “Georgegiggs”-ს 2021 წლის 25 თებერვალს გამოაქვეყნა და 4 მარტის მდგომარეობით ბმული 2518-მა ფეისბუქ მომხმარებელმა გააზიარა. ანალიტიკური ხელსაწყოს crowdtangle-ის მონაცემებით, ბმული 7 საჯარო ჯგუფში გააზიარეს.

;
უშუალოდ “ბიბლიის მორწმუნე ქრისტიანების” ფეისბუქ პოსტი 282 მომხმარებელმა გააზიარა. აღსანიშნავია, რომ “ბიბლიის მორწმუნე ქრისტიანების” ფეისბუქ ანგარიშის პროფილის ფოტოსურათი და rumble-ის ანგარიშის “Georgegiggs”-ის მიერ გამოყენებული სურათი იდენტურია. “Georgegiggs”-ს ვიდეოპლატფორმაზე სულ სამი ვიდეო აქვს გამოქვეყნებული და სამივე მათგანი კორონავირუსის ვაქცინებზე დეზინფორმაციასა და კონსპირაციებს შეიცავს.

;


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist