Various

4 დეზინფორმაცია “მომავლის ბანაკის”, ბავშვის უფლებათა კოდექსის და გაეროს შესახებ

29 December, 2020

21 დეკემბერს ფეისბუკ გვერდმა ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოება გამოაქვეყნა წერილი, რომლის ავტორები მიმართვაში დაკონკრეტებული არ არის. აღნიშნული წერილის მიხედვით გაერო, მათ შორის  UN Women Georgia და UNICEF Georgia საპატრიარქოსთან თანამშრომლობენ ისე, რომ თავის ნამდვილ სახეს მალავენ და სინამდვილეში ძალადობასა და აგრესიას ემსახურებიან. წერილში საუბარია იმაზე, რომ აღნიშნული ორგანიზაციების მხარდაჭერილი აქტივობები ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდას, მშობლებისგან შვილის დაშორებას და ბავშვებში სექსუალური გარყვნილების გაკვეთილების შეტანას გულისხმობს, რის დასადასტურებლადაც რამდენიმე მაგალითია მოყვანილი, ასევე ნახსენებია “მომავლის ბანაკის” აქტივობები და “ბავშვის უფლებათა კოდექსი”. პოსტში ნათქვამია, რომ წერილის ავტორებს საერთაშორისო ორგანიზაციების შესახებ საზგადოებისთვის ინფორმაციის მოწოდება და იმის ხაზგასმა სურთ, თუ როგორ იყენებენ ისინი საპატრიარქოს თავიანთი მიზნებისთვის.

აღნიშნული ტექსტი ასევე გამოქვეყნდა  zneoba.ge-ის საიტსა და ფეისბუკ გვერდზე, “ბავშვთა უფლებათა დაცვის საზოგადოების.” 28 დეკემბრის მონაცემებით, პოსტს 1100 მეტი გაზიარება და 3 300 რეაქია აქვს.

;

აღნიშნული პოსტი 4 დეზინფორმაციას შეიცავს, რომელიც ანტილიბერალური დისკურსის გაძლიერებას და საერთაშორისო ინსტიტუტებისადმი უნდობლობის დანრეგვას ისახავს მიზნად.

დეზინფორმაცია N1: “მომავლის ბანაკში” იმპროვიზებულ პოდიუმებზე ჰომოსექსუალობის პროპაგანდის მიზნით ბიჭებს დაატარებენ.

ფაქტი N1: ბანაკში სხვადასხვა აქტივობის ფარგლებში გამართულ პერფორმანსებში ახალგაზრდები ხშირად ირგებენ სხვადასხვა როლს, რისი მიზანიც სამოქალაქო  ინტეგრაციის ხელშეწყობა, კვლევითი უნარებისა და შემოქმედებითი აზროვნების განვითარება წარმოადგენს. 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით „მომავლის ბანაკი“ 2014 წელს ამოქმედდა. პროგრამა სხვადასხვა სახის კულტურულ-საგანმანათლებლო და შემეცნებითი ღონისძიების დახმარებით ახალგაზრდების აქტიურ დასვენებას, არაფორმალური განათლების მიღების შესაძლებლობის შექმნას, ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის ხელშეწყობას ემსახურება. პროექტში ჩართული  სკოლის მოსწავლეები სპეციალურად შემუშავებული მოდულების ფარგლებში - როლურ თამაშებში, დისკუსიებში, პრაქტიკულ სავარჯიშოებში არიან ჩართულნი, რაც ადამიანისა და ბავშვთა უფლებების, ეკოლოგიის, ჰიგიენის და საქართველოს ისტორიის შესახებ ცოდნის ამაღლებას ითვალისწინებს. სპორტული აქტივობების ფარგლებში   საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლები მოსწავლეებს სამაშველო ღონისძიებების გატარებას და საგანგებო სიტუაციების მართვის ხელოვნებას ასწავლიან.
არსებობს თემატური ბანაკებიც, მაგალითად, სპორტულ-შემეცნებითი საზაფხულო ბანაკი მანავში, რობოტექნიკის სახაფხულო ბანაკი ქუთაისში, სადაც მოსწავლეებს საშუალება აქვთ პრაქტიკულ-ლაბორატორიული პროექტების განხორციელებით  სხვადასხვა უნარი გაიუმჯობესონ.

დეზინფორმაცია N2: ნეიტრალური გენდერის” პროგრამის ფარგლებში ბავშვებს სპეციალურად უღვივებენ „ნეიტრალური სქესის“ თვისებებს, რათა ბავშვებს მომავალში “სქესის შეცვლა” გაუადვილდეთ და ჰომოსექსალური ურთიერთობები ბუნებრივად მოეჩვენოთ.

ფაქტი N2: “ნეიტრალური გენდერის” შესახებ გავრცელებული  ინფორმაცია ფაქტობრივ მონაცემებს არ ეყრდნობა და ავტორების ინტერპრეტაციას წარმოადგენს. სკოლამდელი აღზრდის შესახებ ახალი სტანდარტი ინკლუზიურ აღზრდას უკავშირდება და მიზნად სასწავლო პროცესში ბავშვთა თანაბარ ჩართულობას ისახავს.

2015 წელს, „იუნისეფის“ რეკომენდაციების გათვალისწინებით მომზადებულ სახელმძღვანელოში დეტალურად არის გაწერილი, თუ რას გულისხმობს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში გენდერულად ნეიტრალური მიდგომა. პროგრამის ფარგლებში, პედაგოგი და აღმზრდელი ბავშვებს არ გამოარჩევენ გენდერული ნიშნით, ხელს უწყობენ გოგოებსა და ბიჭებს ყველა ტიპის საქმიანობაში მონაწილეობის მისაღებად და ყველანაირი აქტივობის და მასალის ბავშვებისთვის თანაბრად ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფენ. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში გათამაშებულ ზღაპრებში თანაბრად უნდა იყოს წარმოდგენილი ორივე სქესის გმირები, არ უნდა გაიმიჯნოს საქმიანობები გოგოებისა და ბიჭებისთვის,  რამდენადაც მათ, სქესის მიუხედავად თანაბრად კარგად შეუძლიათ ნებისმიერი აქტივობის შესრულება; გენდერულად დისკრიმინაციული ქცევა კი, როგორიცაა ბიჭების მიერ თამაშიდან გოგოების გარიყვა (ან პირიქით), აღმზრდელებმა უპასუხოდ არ უნდა დატოვონ, ისევე როგორც ამ ბავშვებს შორის სხვა აგრესიული თუ უხეში ქცევები.

დეზინფორმაცია N3: „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ საფუძველზე სოციალურ სამსახურებს უფლება აქვთ “ათასი მიზეზით, მათ შორის, ყურის აწევაზეც და კუთხეში დაყენებაზეც კი, მშობლებისთვის შვილების წართმევა და მათი გაშვილება ერთსქესიან „ოჯახებზე“.”

ფაქტი N3: ბავშვთა კოდექსი, რომელიც არაერთხელ იქცა სპეკულაციების წყაროდ, სინამდვილეში თითოეული ბავშვისთვის ჰუმანური გარემოს შექმნას, მათი კეთილდღეობის დაცვასა, ასევე ოჯახის მხარდაჭერასა და გაძლიერებას გულისხმობს, მშობლისგან ბავშვის განცალკევება კი მხოლოდ უკიდურეს, იმ შემთხვევაში შეიძლება მოხდეს, როცა მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება.

,,ბავშვთა უფლებების კოდექსი“ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიერ, გაეროს ბავშვთა ფონდის ტექნიკური მხარდაჭერით შემუშავდა. კანონპროექტი პარლამენტმა 2019 წლის 20 სექტემბერს დაამტკიცა, ხოლო მისი ამოქმედება 2020 წლის 1 სექტემბრიდან დაიგეგმა. კოდექსის მიხედვით, ბავშვი უნდა აღიზარდოს ჰარმონიულ გარემოში, სადაც არ გამოიყენება აღზრდის ძალადობრივი მეთოდები, ბავშვის ფიზიკური დასჯა და სასტიკი მოპყრობა. ასევე გამახვილებულია ყურადღება მართლმსაჯულებაზე წვდომის უფლებებზე, ინკლუზიურ განათლებაზე და პიროვნულ განვითარებაზე. კოდექსის მიხედვით, ბავშვის მშობლისგან განცალკევება უკიდურესი მეთოდია, რომელიც მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიყენება, თუ საქმე ბავშვის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას ემუქრება საფრთხე და თუ მდგომარეობის გამოსასწორებლად სხვა მსუბუქი ზომები უკვე იყო გამოყენებული. რაც შეეხება ბავშვის მშობლისგან განცალკევებას, ამის შესახებ ბავშვის უფლებათა კოდექსში ვკითხულობთ: “ბავშვი მშობლისგან არ უნდა განცალკევდეს მხოლოდ იმის გამო, რომ მშობელს არ აქვს სათანადო საცხოვრებელი პირობები ან ფინანსური სახსრები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ოჯახის მხარდაჭერის ღონისძიების განხორციელება სასურველ შედეგს არ იძლევა ან არსებობს საკმარისი საფუძველი დასკვნისთვის, რომ ამ ღონისძიების განხორციელებას სასურველი შედეგი არ ექნება.”

ბავშვის შვილად აყვანისა და მინდობითი აღზრდის წესებსა და პირობებს კი „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონი არეგულირებს, თუმცა არც მის და არც ბავშვის უფლებათა კოდექსის ფარგლებში არ გვხვდება მითითება, ვალდებულება ან რეკომენდაცია ბავშვების “ერთსქესიან ოჯახებზე მიშვილების” შესახებ.

ამ თემაზე ინფორმაცია ვრცლად “მითების დეტექტორის” ძველ პუბლიკაციებში იხილეთ:

დეზინფორმაცია N4: ორგანიზაცია „გაეროს ქალები“, ნაადრევ ქორწინებასთან ბრძოლის ეგიდით “მეხუთე კლასიდან უხსნის ბავშვებს, სექსუალური აღზრდის გაკვეთილებზე, თვალსაჩინოებების დემონსტრირებით, მაგალითად, ჩასახვისგან თავდასაცავად რა და როგორ გამოიყენება.”
ფაქტი N4: “გაეროს ქალთა ორგანიზაცია” სექსუალური განათელების საკითხებზე, მათ შორის საქართველოში მეხუთეკლასელ ბავშვებში ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდების სწავლებაზე არ მუშაობს.

საქართველოში სკოლებში სქესობრივი განათლების შემოღების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება არ მიღებულა და ეს საგანი ეროვნული სასწავლო გეგმის ნაწილი არ არის. ინფორმაცია, თითქოს “გაეროს ქალთა ორგანიზაცია” საქართველოში მეხუთეკლასელ ბავშვებს სქესობრივი აღზრდის გაკვეთილებს უტარებს, კერძოდ კი არასასურველი ფეხმძიმობის თავიდან არიდების საშუალებებს ასწავლის, სიმართლეს არ შეესაბამება.  ორგანიზაციის მიზანს ქალთა და გოგონათა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრა, ქალთა შესაძლებლობების გაზრდა, ქალებსა და მამაკაცებს შორის თანასწორობის მიღწევა წარმოადგენს.

;

წყაროს შესახებ

ფეისბუკ გვერდი “ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოება” 2017 წლის 23 ივნისს შეიქმნა და ის ამავე სახელწოდების ორგანიზაციას ეკუთვნის, რომლის გამგეობის თავმჯდომარე გურამ ფალავანნდიშვილია. ფალავანდიშვილი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში “ქართული იდეის” სახელით მონაწილეობდა. ფალავანდიშვილი ექსტრემისტული ქმედებების გამო რამდენჯერმე იყო დაკავებული: 2013 წლის 4 დეკემბერს ხანუკას დღესასწაულზე პლაკატების ჩამოხევისა და ტრიბუნის დაზიანების გამო, ხოლო 2018 წლის 8 მარტს – ტრანსგენდერების აქციაზე მათთვის კვერცხების სროლის გამო.

ფეისბუკ გვერდს გვერდს ჩვენს შესახებ განყოფილებაში მითითებული აქვს  zneoba.ge-ის ვებ-გვერდის მისამართი, რომელიც  2015 წლის 17 დეკემბერს არის შექმნილი.  ვებ-გვერდი, ასევე zneoba.ge-ის ფეისბუკ გვერდიც  გაეროს ბავშვთა ფონდის, ვაქცინაციის და ბავშვთა კოდექსის საწინააღმდეგო შინაარსის მასალებს, მათ შორის დეზინფორმაციასაც ავრცელებდა.  

;
;;;;
 


მოამზადა ანი ქისტაურმა