არის თუ არა კავშირი პირბადეებსა და “ესპანური გრიპის” მსხვერპლთა შორის ფაუჩის კვლევაში?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

25
VIEWS

25 ოქტომბერს ფეისბუქ მომხმარებელმა Irakli Chi საჯარო ჯგუფში “კორონა აფიორა” გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს პირბადის ტარების რისკი მის სარგებელზე მეტია, კერძოდ, პირბადეების ტარება ბაქტერიულ პნევმონიას იწვევს, CDC-ის ხელმძღვანელმა ენტონი ფაუჩიმ კი ამ საფრთხის შესახებ 2008 წლიდან იცოდა. პოსტზე თანდართულ ფოტოში მოცემული ტექსტი ანნა ვონ რეიცს მიეწერება, რომლის პროფესიული გამოცდილება გავრცელებულ სქრინზე მითითებული არ არის.

Irakli Chi-ს მიერ გავრცელებული პოსტი სიმართლეს არ შეესაბამება. მართალია, ფაუჩის კვლევაში აღნიშნულია, რომ “ესპანური გრიპის” პანდემიის დროს პაციენტების დიდი ნაწილი დაიღუპა არა უშუალოდ გრიპით, არამედ ბაქტერიული პნევმონიის შედეგად, თუმცა ამის გამომწვევ მიზეზად პირბადეების ტარება კვლევაში ნახსენები არ არის. დეზინფორმაციის ავტორი ანნა ვონ რეიცი კი ალასკის თვითგამოცხადებული მოსამართლეა.

  • ენტონი ფაუჩის რეალური კვლევა და მეორადი ბაქტერიული პნევმონია

ენტონი ფაუჩის, დევიდ მორენსისა და ჯეფრი ტაუბენგერგერის კვლევა “ბაქტერიული პნევმონიის წამყვანი როლი ინფლუენსას პანდემიის დროს სიკვდილის გამოწვევაში: გავლენები გრიპის ვირუსის პანდემიისთვის მზაობაზე” 2008 წლის 1 ოქტომბერს გამოქვეყნდა.

კლვევაში ახსნილია, რომ 1918-1919 წლის ინფლუენსას ვირუსის იგივე “ესპანური გრიპის” პანდემიის შედეგად გარდაცვლილ ადამიანთა უმრავლესობა დაიღუპა არა უშუალოდ გრიპით, არამედ ბაქტერიული პნევმონიით, რომელიც გამოიწვია საერთო ზედა რესპირატორული ტრაქტის ბაქტერიულმა ინფექციამ. ეს უკანასკნელი კი გარემოში არსებული სხვადასხვა ბაქტერიით შეიძლება იყოს განპირობებული.  ფაუჩისა და მისი თანაავტორების კვლევაში არაფერია ნახსენები პირბადის ტარების საფრთხეების შესახებ.

კვლევის დასკვნაში საუბარია საჭირო სამომავლო რეკომენდაციებზე, უფრო კონკრეტულად კი, აღნიშნულია, რომ მომავალი ვირუსული პანდემიებისთვის საჭიროა მომზადება არა მარტო ანტივირუსული ვაქცინებითა და პრეპარატებით, არამედ ანტიბაქტერიული საშუალებებითაც, მაგალითად, ბაქტერიული ვაქცინებით და ანტიბიოტიკებით, რათა “ისპანკას” მსგავსად, ადამიანები ბაქტერიული პნევმონიით არ დაიღუპონ.

  •  ვინ არის დეზინფორმაციის პირველწყარო? 

ენტონი ფაუჩის კვლევის მცდარი ანალიზი ანნა ვონ რეიცის ეკუთვნის, მან ინფორმაცია საკუთარი ვებ-საიტის საშუალებით გაავრცელა. შემდგომში ფაილის ნაწილის სქრინი ინგლისურენოვან იუმორისტულ პლატფორმაზეც აღმოჩნდა. ტექსტის ქართულ ვერსიაშიც სწორედ ეს აბზაცია წითლად გამოყოფილი.

ანნა ვონ რეიცი აშშ-ის “სუვერენული მოქალაქეობის მოძრაობის”(sovereign citizen movement)  ერთ-ერთი პოპულარული წევრია, მოძრაობა აშშ-ს მთავრობას არალეგიტიმურად, ხოლო გადასახადების გადახდას უსამართლოდ მიიჩნევს. რეიცის ცნობადობა 2015 წელს გაიზარდა, როდესაც გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ერთმა მოსამართლემ აშშ-ის მარშალებსა და FBI-ს პრეზიდენტის და კონგრესის წევრების დაკავების მოთხოვნით მიმართა. სინამდვილეში კი ანა რეიცის წერილი ალასკას ფედერალური აგენტების სახელზე იყო დაწერილი, თავად კი არანაირ იურიდიულ წოდებას არ ფლობს და ამჟამად თვითგამოცხადებული მოსამართლე და ფედერალური ხელისუფლებისა თუ გადასახადების გადახდის წინააღმდეგ მებრძოლი ინტერნეტ აქტივისტია.

  • პირბადის არსი და საჭიროება

ამერიკის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის ინფორმაციით, სამედიცინო პირბადეები წარმოადგენს პირად დამცავ აღჭურვილობას. ადმინისტრაცია განმარტავს, რომ მათი ტარების ეფექტიანობა მის ტიპსა და სწორად გამოყენებაზეა დამოკიდებული.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განმარტებით, აუცილებელია პირბადის სწორად ტარება და მისი ხშირი გამოცვლა, მრავალჯერადი პირბადის შემთხვევაში კი მეორედ გამოყენებამდე გარეცხვა. პირბადის გამო ინტოქსიკიაცია კი ამ დამცავი საშუალების შესახებ გავრცელებული კიდევ ერთი დეზინფორმაციაა.

მითების დეტექტორი პირბადეების უსაფრთხოების შესახებ ადრეც წერდა. საჯარო ჯგუფში “კორონა აფიორა” ანტიკორონა აქტივისტების მიერ კორონავირუსის შესახებ სხვადასხვა ყალბი ამბავი ხშირად ვრცელდება.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist