Economics

დეზინფორმაცია, თითქოს გერმანია ეკონომიკურ დაშლას სტალინმა გადაარჩინა

12 July, 2018

2018 წლის 2 ივლისს TV ობიექტივის გადაცემა “ღამის სტუდიის” ეთერში პუბლიცისტმა ლაზარე ზაქარიაძემ მეორე მსოფლიო ომის და ნაციზმის შესახებ ისაუბრა, სადაც ხაზი გაუსვა აშშ-ის გეგმებს გერმანიის დასუსტებაში და სტალინის დადებით როლს ამ სახელმწიფოს დანგრევის შეჩერებაში.

ლაზარე ზაქარიაძე, პუბლიცისტი: „...ამერიკის შეერთებულ შტატებში გერმანიის სრული დაშლის ეკონომიკური გეგმა იდო და სტალინმა თქვა - არა. ორად გაყო- იმიტომ, რომ მიხვდა, რო ანგრევდნენ გერმანიას. ორად გაყო და ამით გადარჩა, თორემ გერმანიაც აღარ იარსებებდა”.
TV ობიექტივი, “ღამის სტუდია”
02.07.2018

ომის შემდგომი გერმანიის ბედი პოტსდამის კონფერენციაზე სამმა მოკავშირემ და საბჭოთა კავშირმა ერთობლივად გადაწყვიტეს. მათ დაასუსტეს გერმანიის სამხედრო ინდუსტრია, რაც არ მოიცავდა საბაზისო ეკონომიკური საჭიროებების შეზღუდვას. ომის შემდგომ წლებში, დასავლეთის კონტროლის ქვეშ მყოფი გფრ ეკონომიკური თვალსაზრისით გაცილებით განვითარებული იყო, ვიდრე სსრკ-ს დაქვემდებარებული გდრ. აშშ-ის მარშალის გეგმით, გფრ-მა მნიშვნელოვანი დახმარება მიიღო. გერმანიაში აღმოსავლეთ ნაწილის ეკონომიკური დახმარება დღემდე გრძელდება.

ფაქტი #1. ომის შემდგომ გერმანიის ეკონომიკის ბედს ყველა მოკავშირე სახელმწიფო წყვეტდა, მათ შორის საბჭოთა კავშირიც. პოტსდამის კონფერენციაზე გამარჯვებული სახელმწიფოები შეთანხმდნენ, გაეუქმებინათ მხოლოდ ის საწარმოები, რომლებიც გერმანის მილიტარიზებისთვის შეიძლებოდა გამოყენებულიყო.

მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდგომ გერმანიაში ეკონომიკური კრიზისი მძვინვარებდა. დიდი იყო დევნილთა რაოდენობა აღმოსავლეთ პროვინციებიდან. ფუნქციონირება ჰქონდა შეწყვეტილი სატრანსპორტო სისტემას, არ მუშაობდა ქარხნები.

პოტსდამის კონფერენციაზე, რომელმაც ომისშემდგომი გერმანიის ბედი გადაწყვიტა, ქვეყნის ტერიტორია მოკავშირეებმა (აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, სსრკ) 4 ნაწილად დაყვეს. ამავე კონფერენციაზე გადაწყდა გერმანიის დასუსტება სამხედრო თვალსაზრისით, რათა აღარ მომხდარიყო მისი არმიის გაძლიერება, რომელიც საერთო უსაფრთხოებისთვის გამოწვევა იყო. მოკავშირე სახელმწიფოებმა გადაწყვიტეს, დაეშალათ მხოლოდ ის ქარხნები, რომლებიც ქვეყნის შემდგომი მილიტარიზებისთვის შეიძლებოდა გამოყენებულიყო. აღნიშნული არ მოიცავდა მინიმალური ეკონომიკური საჭიროებების გაუქმებას და ეხებოდა მხოლოდ სამხედრო-ინდუსტრიულ სფეროს. ამასთან აღსანიშნავია ისიც, რომ გადაწყვეტილება გერმანიის მილიტარისტული თვალსაზრისით დასუსტებაზე 4-ვე მოკავშირე სახელმწიფოს, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, აშშ-ის და საბჭოთა კავშირის მიერ იქნა მიღებული და არა ერთპიროვნულად.

"
ფოტოზე: პოტსდამის კონფერენცია, იოსებ სტალინი (სსრკ), ჰარი ტრუმანი (აშშ), საბჭოთა კავშირის ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში ანდრეი გრომიკო,, სახელმწიფო მდივანი (აშშ) ბირნს ჯეიმს ფრენსისი, საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი ვიაჩესლავ მოლოტოვი.

ფაქტი #2. ომის შემდგომ წლებში დასავლეთ გერმანიას, რომელსაც აშშ, ბრიტანეთი და საფრანგეთი აკონტროლებდა, გაცილებით ძლიერი ეკონომიკა ჰქონდა, ვიდრე სსრკ-ს კონტროლს ქვეშ მყოფ აღმოსავლეთ გერმანიას.

გერმანიის ტერიტორიის დასავლური ნაწილი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის (გფრ) სახით, რომელიც საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ს გავლენის სფერო იყო, ომის შემდგომ წლებში გაცილებით ძლიერი იყო ეკონომიკურად, ვიდრე საბჭოთა კავშირის კონტოლის ქვეშ მყოფ გერმანიის დემოკრატიულ რეპუბლიკა (გდრ). 1961 წელს, საბჭოთა ხელისუფლების მიერ ბერლინის კედლის აშენების შემდგომ ათასობით ადამიანი ცდილობდა  სოციალისტური აღმოსავლეთ ბერლინიდან ქალაქის დასავლეთ ნაწილში გადასვლას.

აღსანიშნავია ისიც, რომ ვინაიდან და რადგანაც, სსრკ ვერ ახერხებდა აღმოსავლეთ გერმანიის საკვებით მომარაგებას, ამას დასავლეთის მოკავშირეები საკუთარ თავზე იღებდნენ და აღმოსავლეთ გერმანიის მოსახლეობასაც ისინი ეხმარებოდნენ საკვებით, ასევე ცდილობდნენ ინდუსტრიის განვითარებას. ამ ნაბიჯს საბჭოთა კავშირი ეწინააღმდეგებოდა.

"
1947 წლის ივლისში აშშ-მა ევროპის რეკონსტრუქციის პროგრამა ე.წ მარშალის გეგმა წარადგინა, რომელიც მიზნად ისახავდა ევროპის ქვეყნების ეკონომიკის ხელშეწყობას.

რეკონსტრუქციის გეგმა მონაწილე ევროპულ სახელმწიფოთა შეხვედრაზე დამუშავდა, რომელზეც მიწვევის მიუხედავად, სსრკ არ იყო წარმოდგენილი, რადგან  მან გეგმა საფრთხის შემცველად მიიჩნია.

1947 წლიდან, მომდევნო 4 წელი, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ევროპისა და მათ შორის დასავლეთ გერმანიის რეკონსტრუქციაზე 13 მილიარდი ამერიკული დოლარი გამოყო.

"
წარწერა: “აქ გეხმარება მარშალის გეგმა”

დასავლეთ გერმანიამ აშშ-ისგან  მარშალის გეგმის თითქმის 11% მიიღო. სსრკ- ის უარის გამო,  აღმოსავლეთ გერმანია ვერ სარგებლობდა მარშალის გეგმით, რის შედეგადაც ის გფრ-ს საკმაოდ ჩამორჩა განვითარებით.

აშშ სახელმწიფო მდივნის ჯორჯ მარშალის სიტყვა ჰარვარდის უნივერსიტეტში: “ბოლო ათწლეულში ევროპაში უაღრესად არანორმალური პირობები იყო. სახალხო მეურნეობის ყველა მიმართულება ომისთვის მზადების ციებ-ცხელებამ მოიცვა. მანქანებმა ამოწურა რესურსი და დაძველდა. ნაცისტთა დამანგრეველი კანონით ყველა საწარმო გერმანული სამხედრო მანქანის საჭიროებას იყო მორგებული. უძველესი კომერციული კავშირები, კერძო დაწესებულებები, ბანკები, სადაზღვეო კომპანიები, სანაოსნოები გაქრა, გაკოტრდა ან მოხდა მათი ნაციონალიზაცია. ევროპის საქმიანი სფერა ომმა სრულებით გაანადგურა… ევროპას ესაჭიროება მნიშვნელოვანი დამატებითი დახმარება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი შეეჯახება ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური მდგომარეობის სერიოზულ გართულებას”
1947 წლის 5 ივნისი

აღმოსავლეთ ნაწილის ეკონომიკური დახმარება გერმანიაში დღემდე გრძელდება.

"


მოამზადა ირაკლი იაგორაშვილმა
მითების დეტექტორის ლაბორატორია