Media

ვინ უფრო მეტს ხარჯავს საქართველოში - ევროპის თუ რუსეთის მოქალაქეები?

10 July, 2018

8 ივლისს ტელეკომპანია “იმედის” ახალი ამბების ვებ-გვერდმა Imedinews-მა, გამოაქვეყნა ინფორმაცია,  სათაურით “რომელი ქვეყნის მოქალაქე ხარჯავს საქართველოში ყველაზე მეტ თანხას”, რომელშიც საუბარია საერთაშორისო ვიზიტორების შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ მონაცემებზე 2018 წლის I კვარტლის მდგომარეობით. მასალაში მოყვანილია საერთაშორისო  ვიზიტორების მიერ განხორციელებული დანახარჯების სტრუქტურის ამსახველი ცხრილი და ნათქვამია, რომ მეზობელი ქვეყნებიდან რუსეთის რეზიდენტები თითოეულ ვიზიტზე ყველაზე მაღალი საშუალო დანახარჯით გამოირჩეოდნენ, რომელიც 1,338 ლარს შეადგენდა. მასალის პირველწყაროდ Imedinews-მა Forbes-ის ქართული გამოცემა მიუთითა.

"

Imedinews.ge-ს მასალას და სათაური შეცდომაში შემყვანია და ხელს უწყობს არასწორი წარმოდგენის დამკვიდრებას, თითქოს საქართველოში ყველაზე მეტ თანხას რუსეთის მოქალაქეები ხარჯავენ.  ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ანგარიშის მიხედვით, საშუალო დანახარჯების მიხედვით ყველაზე მაღალი მონაცემი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებზე მოდის. აღნიშნული ინფორმაცია ანგარიშში მოყვანილ ცხრილშია ასახული, რომელიც  Imedinews--ის მასალაში არაა ნაჩვენები.

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ანგარიში, რომელიც 2018 წლის პირველ კვარტალში  საქართველოში საერთაშორისო

ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების მახასიათებლბს მიმოიხილავს, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ მოწოდებულ მონაცემებს ეყრდნობა. ანგარიშის მიხედვით, 2018 წლის პირველ კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული დანახარჯების ჯამურმა მაჩვენებელმა 1.4 მილიარდ ლარს მიაღწია, ხოლო ერთი ვიზიტისას გაწეულმა საშუალო დანახარჯმა 1,060 ლარი შეადგინა.

საშუალო დანახარჯები ქვეყნების მიხედვით ასახულია ცხრილ #5-ში, სადაც ჩანს, რომ ამ მხრივ ყველაზე მაღალი მონაცემი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებზე მოდის 2, 461 ლარის ოდენობით. რუსეთი ცხრილის მიხედვით, მეოთხე ადგილზეა (იხ ცხრილი 1), თუმცა  Imedinews.ge-ს მასალაში სათაურით “რომელი ქვეყნის მოქალაქე ხარჯავს საქართველოში ყველაზე მეტ თანხას” - ამ მონაცემების ამსახველი ცხრილი მოყვანილი არააა.

მასალაში განმარტებულია მხოლოდ მეზობელი ქვეყნების მოქალაქეეების მიერ განხორციელებული საშუალო დანახარჯები, სადაც რუსეთი ლიდერობს. Imedinews.ge-სგან განსხვავებით, ცხრილი  ნაჩვენებია მასალის პირველწყაროდ მითითებულ Forbes.ge-ს მასალაში.

"
წყარო: საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია

ცხრილი 1.  საშუალო დანახარჯები ქვეყნების მიხედვით კლებადობის მიხედვით


რეზიდენტობის ქვეყანა

საშუალო დანახარჯი (ლარი)

ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპა

2,461

სხვა ქვეყნები

 

2,118

სხვა ევროპა

 

1,529

რუსეთი  

1,338

თურქეთი

 

1,189

სომხეთი 562

აზერბაიჯანი

401

აღსანიშნავია ისიც, რომ თავად ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ანგარიშის ტექსტში, საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული დანახარჯებისთვის დათმობილ ქვეთავში საშუალო დანახარჯების შესახებ ინფორმაცია მხოლოდ მეზობელი ქვეყნების მიხედვითაა განმარტებული.

"