Various

“Время" -ს წამყვანი: ევროპაში უფრო დიდხანს, მაგრამ მოსაწყენად ცხოვრობენ, რუსეთში კი მხიარულად, მაგრამ ცოტა ხნით

11 May, 2018

7 მაისს, რუსეთის პირველი არხის გადაცემაში “Время" -ს ერთ-ერთი სიუჟეტი  ვლადიმირ პუტინის მიერ გამოცემულ „მაისის ბრძანებას“ დაეთმო, რომელიც 2024 წლამდე რუსეთის ფედერაციის წინაშე მდგარ სტრატეგიულ ამოცანებს ეხება და ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიზნად ქვეყანაში სიცოცხლის ხანგრძლივობის გაზრდას ისახავს.

გადაცემის წამყვანის კირილ კლიმენოვის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ევროპაში ადამიანები დიდხანს ცხოვრობენ, უკეთესი ჯანდაცვის სიტემა და ჯანსაღი ჰაერი აქვთ, იქ მაინც მოწყენილობაა, რუსეთში კი ცხოვრება უფრო სახალისოა. იმისთვის, რომ  რუსეთში მხიარულად და თან დიდხანს იცხოვრონ, რუსეთის პრეზიდენტმა მორიგი, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი „მაისის ბრძანება“ გამოსცა.

სიუჟეტის წარდგენისას Время" -ს წამყვანმა რუსეთის “სიდიადეზე“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ რუსეთი დიადი ქვეყანაა, რომლის კოსმოსური ხომალდები და თანამგზავრები კოსმოსურ ორბიტებს იპყრობენ, ხოლო სირიაში გაშვებული რაკეტები სამიზნეებს ზუსტად ანადგურებენ. მისი თქმით, სიდიადე მძიმე ტვირთია და მას ბევრი ქვეყანა ვერ უძლებს. მაგალითად კლიმენოვს დასავლეთ ევროპის ქვეყნები მოჰყავს, რომლებიც „არანაკლებ 500 წელი მთელი დანარჩენი მსოფლიოს ბედს განსაზღვრავდენ, ახლა კი თავისთვის ცხოვრობენ“.

წამყვანის აზრით, ევროპელები მალე საერთოდ აკრძალავენ არჩევნებს მათი ჩატარების საჭიროების არარსებობის გამო, რადგან გადაწყვეტილებებს ისედაც ატლანტის ოკეანის მიღმა მყოფი „ჭკვიანი ადამიანები“ იღებენ.

 „დაე, ასე იყოს, გვეუბნებიან პასუხად ევროპელები, სამაგიეროდ ჩვენ უფრო სუფთა ჰაერი, მედიცინა გვაქვს და ადამიანები უფრო დიდხანს ცხოვრობენ, თუმცა მოსაწყენად. ჩვენთან კი ცხოვრება უფრო სახალისოა, მაგრამ ხანმოკლე,“ - ამბობს კირილ კლიმენოვი.