Siyasət

დეზინფორმაცია აშშ-ის მიერ ბელარუსისთვის უვიზო რეჟიმის მინიჭების შესახებ

8 Noyabr, 2016

31 ოქტომბერს, საინფორმაციო სააგენტო თბილისი 24-მა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს ამერიკამ ბელარუსთან უვიზო რეჟიმი დააწესა. სააგენტოს ცნობით, ბელარუსი 39-ე ქვეყანაა, რომლის მოქალაქეებსაც აშშ-ში შესასვლელად ვიზა არ სჭირდებათ და მათთვის საკმარისია მხოლოდ ელექტრონული ავტორიზაციის გავლა. ინფორმაციას თან ერთვის რუსულენოვანი პირველწყარო, რომელსაც შემდეგ ინგლისურენოვან ვებ-გვერდზე გადავყავართ. ინფორმაციას თან ახლავს რედაქციის კომენტარი, რომელიც ამერიკის მიმართ გარკვეული სკეპტიციზმის დანერგვასაც ისახავს მიზნად:

„ესეიგი, ქართველი ხელისუფალნი ლამისაა, თავით უკანალში შეუძვრნენ ამერიკის ელჩს , სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს, მაგრამ ამერიკაში უვიზოდ მიმოსვლას ვინ ჩივის, ევრო- ვიზალიბერალიზაციაც არ აღირსეს. აბა, ვის ქონია გასაოცარი დემოკრატია?"

აშშ-ს მიერ ბელარუსისთვის უვიზო რეჟიმი დაწესების შესახებ თბილისი 24-ის გარდა დეზინფორმაცია საინფორმაციო სააგენტომ Geomedia TV -მა, და პორტალმა 1Exclusivetv.com-მაც გაავრცელეს. დეზინფორმაცია ასევე გამოქვეყნდა რუსულენოვან გვერდზე rnbee.ru და სოციალურ ქსელში Одноклассники .

აშშ-ს მიერ ბელარუსისთვის უვიზო მიმოსვლის დაწესება დეზინფორმაციაა, რადგან ბელარუსი არ შედის იმ 38 ქვეყნის ჩამონათვალში, რომელზეც ამერიკასთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ვრცელდება.

აშშ-ში ვიზის გარეშე ტურისტული ან ბიზნესით განპირობებული მიზნებით მოგზაურობა 90 დღის ვადით Visa Waiver Program (VWP)-ში მონაწილე 38 ქვეყნის მოქალაქეებს შეუძლიათ, რომელთა შორის ბელარუსი არაა.

1

ბელარუსში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე მითითებულია, რომ აშშ-ში მოგზაურობისთვის ბელარუსის მოქალაქეებს სჭირდებათ სხვადასხვა კატეგორიის ვიზა.

USA RADIO, რომელმაც ბელარუსთან დაკავშირებით მასალა 2016 წლის 31 იანვარს გამოაქვეყნა, საკუთარ ვებ-გვერდზე კატეგორიაში "ჩვენს შესახებ" უთითებს, რომ ის ახალ ამბებსა და ჭორებს ავრცელებს. USA Radio -ს 31 იანვარს მსგავსი ყალბი ინფორმაციები აშშ-სთან უვიზო მიმოსვლის შესახებ ომანის, გამბიის, ნამიბიის და მალდივების მოქალაქეების შესახებაც აქვს გავრცელებული.

2

TB24-ის შესახებ

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს კვლევის თანახმად, ვებგვერდი tb24.ge 2015 წლის 1 აპრილს დაარსდა და შპს „თბილისი 24”-ის მიერაა დარეგისტრირებული, რომლის დირექტორიც გოჩა ნაჭყებიაა. გოჩა ნაჭყებია რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის გამგეობის წევრია. მათ შორისაა 2013წლის დეკემბერში რეგისტრირებული ორგანიზაცია „საზოგადოებრივი მონიტორინგის ცენტრი”, რომლის გამგეობის თავმჯდომარეც ვლადიმერ ბედუკაძეა.

ვლადიმერ ბედუკაძე, რომელიც გახმაურებული ციხის კადრების ავტორია, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში პოლიტიკური გაერთიანება "ცენტრისტების” საარჩევნო სიით მონაწილეობდა. "ცენტრისტების” საზოგადოებრივ მაუწყებელის ეთერში განთავსებულმა წინასაარჩევნო რგოლმა, რომელიც შეიცავდა დაპირებებს 400 ლარიანი რუსული პენსიისა და რუსული ბაზების დაკანონების შესახებ, საზოგადოებაში მკვეთრად ნეგატიური გამოხმაურება გამოიწვია. ამის გამო 14 აგვისტოს, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა პარტიის წინასაარჩევნო რგოლი ეთერიდან მოხსნა. 16 აგვისტოს "ცენტრისტებს” ცესკომ საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმა, რადგან პოლიტიკური გაერთიანების ხელმძღვანელი პირის უფლებამოსილება და მისი თავმჯდომარეობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით არ არის იურიდიული ძალის მქონე.