Siyasət

სენატის კომიტეტი დემოკრატიაზე პუტინის ასიმეტრიულ თავდასხმასა და საქართველოში პრო-რუს აქტორებზე ანგარიშს აქვეყნებს

11 January, 2018

2018 წლის 10 იანვარს აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტისთვის მომზადებული ანგარიში "პუტინის ასიმეტრიული თავდასხმა დემოკრატიაზე რუსეთსა და ევროპაში: გავლენა აშშ-ის ეროვნულ უსაფრთხოებაზე" გამოქვეყნდა, რომელშიც კონსოლიდირებული და ნახევრად-კონსოლიდირებული დემოკრატიის მქონე ქვეყნებში პუტინის დივერსიული ტაქტიკაა მიმოხილული. ანგარიშში ნათქვამია, რომ ეს თავდასხმები მრავალ ფორმას იღებს, რაც გამოხატულია დეზინფორმაციის გავრცელებაში, კიბერ თავდასხმებში, სამხედრო ინტერვენციებში, სავარაუდო  პოლიტიკურ მკვლელობებში, ორგანიზებულ კრიმინალში და როგორც ულტრა-მემარჯვენე, ასევე ულტრა-მემარცხენე იდეოლოგიის გამოყენებაში, რომელთა მიზანიც უთანხოებისა და არეულობის დათესვაა.

ანგარიშის ერთი ნაწილი მთლიანად ეთმობა საქართველოს საკითხს, რომელიც 2008 წელს რუსეთის მხრიდან საქართველოზე სამხედრო თავდასხმის თემატიკით იწყება. იქვე აღნიშნულია, რომ სამხედრო თავდასხმის პარალელურად კიბერ თავდასხმა რუსეთმა პირველად სწორედ საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენა.

გარდა ამისა, დოკუმენტი საქართველოში რუსული პროპაგანდის საკითხსაც ეხება და რუსეთის მხარდაჭერილი ჯგუფების მაგალითად ტელეკომპანია ობიექტივია დასახელებული:

"საქართველოს ტერიტორიაზე სამხედრო თავდასხმის გარდა, რუსეთის ხელისუფლება მხარს უჭერს სხვადასხვა კრემლისტურ პოლიტიკურ პარტიებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და პროპაგანდის ძალისხმევას. ამის მაგალითია ტვ "ობიექტივი" -  მედია გამოცემა, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, ულტრა-ნაციონალისტური პოლიტიკური პარტიის "პატრიოტთა ალიანსი" მხარდაჭერაში რუსულ დაფინანსებაზეა დამოკიდებული. "ობიექტივის" ქსენოფობიურმა, ჰომოფობიურმა და ანტი-დასავლურმა ნარატივებმა ხელი შეუწყო 2016 წლის ოქტომბრის არჩევნებში პატრიოტთა ალიანსის მიერ საარჩევნო ბარიერის გადალახვასა და პარლამენტში შესვლას. საქართველოში რუსული პროპაგანდა უცნაურობებით ხასიათდება. მაგალითად, რუსული პროპაგანდა ირწმუნება, რომ აშშ "რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევით ცენტრს" საქართველოს მოსახლეობაზე ბიოლოგიური ტესტების ჩატარებისთვის იყენებს. საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, ქვეყანაში რამდენიმე პრო-რუსული ჯგუფი, მათ შორის "სტრატეგიური კვლევების რუსული ინსტიტუტი" და ფონდი "რუსული სამყარო" მოქმედებს - ორი კარგად ნაცნობი ინსტიტუტი, რომლებსაც კრემლი საზღვარგარეთ საკუთარი გავლენის მოსახდენად იყენებს," - ნათქვამია დოკუმენტში.

ანგარიშში ასევე წარმოდგენილია რეკომენდაციები აშშ-ის მთავრობის მიმართ, რომელთა ნაწილიც დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერას,რუსეთზე სანქციების დაწესებასა და დეზინფორმაციასთან ბრძოლისთვის დაფინანსების გაზრდას მოიცავს.