Siyasət

ОБКОМ ТВ და “ობიექტივი” ამტკიცებენ, რომ სტალინმა დემოკრატიის მხრივ მთელ მსოფლიოს გაუსწრო

11 January, 2018

ტვ “ობიექტივის” გადაცემა “ოქროს კვეთის” წამყვანი ვალერი კვარცხელია, რომელსაც “მითების დეტექტორმა” რუსული ტელევიზიების სიუჟეტებისთვის ეთერის დათმობის გამო 2017 წლის რუსეთის რუპორის ტიტული მიანიჭა, რუსულ ОБКОМ ТВ-ზე დაყრდნობით ამჟამად სტალინის სადიდებელ  რეპორტაჟს აქვეყნებს.

2017 წლის 30 დეკემბერს “ობიექტივის” ეთერში გასული ОБКОМ ТВ-ს რეპორტაჟი  სტალინის 153 წლის იუბილეს მიეძღვნა და მას, როგორც მოწინავე დემოკრატს წარმოაჩენს:

ОБКОМ ТВ-ს წამყვანი: “დემოკრატიის სფეროში იოსებ ბესარიონის ძემ მთელ მსოფლიოს გადაუსწრო. საბჭოთა კავშირს უკვე 1936 წლიდან ჰქონდა საყოველთაო პირდაპირი არჩევნები. მეტიც, ის მოუწოდებდა, რომ არჩევნები კიდევ უფრო თანასწორი და ფარული ყოფილიყო… სტალინს უყვარდა ხალხი და ეშინოდა მტრების. ჩვენს მტრებს ახლაც ეშინიათ სტალინის და სანამ ყოველ ჩვენთაგანში არსებობს მისი სულის ძალა, სანამ ჩვენი წარსულის გამო სიამაყეს განვიცდით და გვჯერა ჩვენი ძალების, ჩვენ დაუმარცხებლები ვართ."

ОБКОМ ТВ-ის პათოსი “ობიექტივის” წამყვანმა ვალერი კვარაცხელიამაც გაიზიარა, რომელიც სტალინის იდეებს საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგად წარმოქმნილი რეალობის ალტერნატივად  წარმოაჩენს.

“მითების დეტექტორი” სტალინის რეპრესიული პოლიტიკის შესახებ არაერთჯერ წერდა. გთავაზობთ იმ ძირითადი ფაქტების მიმოხილვას, რომელიც სტალინის რეპრესიულ პოლიტიკას და ამ პოლიტიკის შედეგად ადამიანურ მსხვერპლს შეეხება:

  • რუსეთში დაარსებული უფლებადაცვითი ცენტრ „მემორიალის“ მონაცემებით, სსრკ-ს მასშტაბით 1936-1938 წლებში  7-8 მილიონ ადამიანზე მეტი დააპატიმრეს, ხოლო 1.5 მლნ-ზე მეტი  დახვრიტეს. ბრალდებათა უმეტესობა ხელოვნურად იყო შეთხზული.
  • 1937- 38 წლებში საქართველოში დაპატიმრებული ადამიანების რიცხვი დაახლოებით 63 000 ადამიანს შეადგენდა, აქედან  20 000-მდე დახვრიტეს.  საბჭოთა რეჟიმი ძირითადად ან საკუთარ მტრებს ებრძოდა, ან მათ, ვისაც „მტრებად“ მიიჩნევდა. ადამიანები სოციალური წარმომავლობისა და საქმიანობის მიხედვით  იდევნებოდნენ, რაც მოიცავდა თავად-აზნაურობას, სამღვდელოებას, შეძლებული ვაჭრების ფენას, მეფის რუსეთისა და დამოუკიდებელი საქართველოს სახელმწიფო და სამხედრო პირებს, ასევე მათ შთამომავლებს. მასობრივ რეპრესიებში უამრავი უდანაშაულო ადამიანი მოჰყვა.
  • 1932-1933 წლებში სტალინის პოლიტიკამ უკრაინაში დიდი შიმშილობა (გოლოდომორი), რომელსაც გაეროს მონაცემებით, 7-10 მილიონამდე უდანაშაულო სიცოცხლე ემსხვერპლა.
  • 1940 წელს სტალინის ბრძანებით წითელი არმიის სამხედროებმა კატინის ტყეში პოლონელები დახოცეს. აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ისტორიული დოკუმენტის თანახმად, კატინის მოვლენები პოლიტიკური ხასიათის მასობრივ მკვლელობას წარმოადგენს. წითელმა არმიამ, რომელმაც 1939 წელს აღმოსავლეთ პოლონეთი დაიკავა, პოლონელი ოფიცრები, ჯარისკაცები და სამოქალაქო პირები დააპატიმრა, რამდენიმე თვის შემდეგ კი, 1940 წლის აპრილ-მაისში ისინი სამხედრო ტყვეთა ბანაკებიდან გამოიყვანა და მასობრივად 3 ადგილას დახოცა, ყველაზე ცნობილი კი ამ ადგილთა შორისა კატინია, სადაც ცხედრები დაწვეს და დამარხეს.
  • სტალინის ანტირელიგიური პოლიტიკის შედეგად 1921-1953 წლებში დაიხურა 1 305 ეკლესია, რომელთაგან ნაწილი დაანგრიეს ან დანიშნულება შეუცვალეს. ამავე პერიოდში რეპრესირებული იყო 3, 407 ქართველი სასულიერო პირი.
  • 1923 წლისთვის დაიკეტა: ტფილისის მაზრის 48, სენაკის 148, ზუგდიდის 75, ოზურგეთის 130, ფოთის (ქალაქ) 5, რაჩინსკის 117, ლეჩხუმის 78, აფხზეთის 5, აჭარის 8, ქუთაისის 160, შორაპნის 147, სამხეთ-ოსეთის 60, გორის 78, ბორჩალოს 5, ახალციხის 5, ახალქალაქის 1, დუშეთის 3, სიღნაღის 73, თელავის 65, თიანეთის 1 ეკლესია. 1930-იანი წლებიდან გამოიცა დადგენილება ჯართში ჩაბარების მიზნით ეკლესიებიდან ზარების ჩამოხსნის შესახებ.

საბჭოთა ნოსტალგიის გაღვივება, როგორც პროპაგანდის მეთოდი

საბჭოთა კავშირის მიმართ ნოსტალგიის გაღვივება და ისტორიული ფაქტების გაყალბების გზით არასწორი წარმოდგენების შექმნა რუსული პროპაგანდის ერთ-ერთი მეთოდია, რომელიც განსაკუთრებით აქტიურად საბჭოთა წარსულის მქონე ქვეყნებში, მათ შორის საქართველოშიც გამოიყენება. ამავე მეთოდის ნაწილია საბჭოთა რეჟიმის მიერ ჩადენილი დანაშაულებების მიჩქმალვა და საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის მხოლოდ გატარებული ეკონომიკური და სოციალური რეფორმების ჭრილში განხილვა.


მოამზადა სოფო გელავამ