Səhhət/biotəhlükəsizlik

ინფოდემია “ობიექტივის” ეთერში 

22 February, 2021

2021 წლის 12 თებერვალს ფეისბუქ მომხმარებელმა ლადო ჩხეტიანმა ტელეკომპანია “ობიექტივის” ეთერში 11 თებერვალს გასული გადაცემის “ღამის სტუდის” ჩანაწერი გამოაქვეყნა. ჩანაწერში გადაცემის წამყვანი ნინო რატიშვილმა და მისმა სტუმრებმა (თინა თოფურია, ირინა გელაშვილი, მაიკო სმითი) ვაქცინების შესახებ ისაუბრეს. ტელეწამყვანი და სტუმრები ავითარებდნენ აზრს, რომ კორონავირუსის ვაქცინების ეფექტიანობისა და უსაფრთხობისადმი ნდობა შეუძლებელია, რასაც რამდენიმე მტკიცებით ამყარებდნენ: 

  1. შვეიცარიაში, ნორვეგიასა და აშშ-ში კორონავირუსის ვაქცინამ მოხუცთა თავშესაფრებში სიკვდილიანობა გამოიწვია;
  2. ინგლისში ვაქცინაციის დაწყებამდე ისეთი კანონები მიიღეს, რომლებიც ვაქცინით დაზარალებული ადამიანის წინაშე კერძო კომპანიის და სახელმწიფოს პასუხისმგებლობას გამორიცხავს.
  3. კორონავირუსის რნმ ვაქცინა გვერდით ეფექტად ავტოიმუნური დაავადებების განვითარებას იწვევს.
  4. Pfizer-ისა და Moderna-ს ვაქცინებზე იმუნური სისტემა დამოკიდებული ხდება და ადამიანს უფრო ადვილად შეიძლება დაემართოს ვირუსი.
  5. კორონავირუსის ვაქცინები არის არა ნამდვილი ვაქცინები, არამედ “ბიოლოგიური აგენტები”, რომლებიც არც ადამიანებზეა გამოცდილი და არც ცხოველებზე. 
  6. რნმ ვაქცინები ადამიანის გენეტიკას შეცვლის. ვაქცინაში შემავალ ვირუსის რნმ-ს შეუძლია ადამიანის დნმ-შ ინტეგრირება და გენეტიკური ცვლილებების გამოწვევა.
  7. ვაქცინები უნაყოფობას გამოიწვევს, რის გამოც მამაკაცებს ვაქცინის მიღებამდე ურჩევენ, რომ საკუთარი სპერმა სამომავლოდ შეინახონ.

;

18 თებერვლის მდგომარეობით ლადო ჩხეტიანის პოსტს 1739 გაზიარება აქვს. გარდა ლადო ჩხეტიანისა, “ობიექტივის” აღნიშნული გადაცემის ჩანაწერი გადაცემის წამყვანმა ნინო რატიშვილმა თავის ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა. ვიდეო გააზიარა ფეისბუქ მომხმარებელმა დათო სალუქვაძემაც, რომლის პოსტსაც 214 გაზიარება აქვს.

;;

 “ობიექტივის” გადაცემის სტუმრების მიერ კორონავირუსის ვაქცინების შესახებ გავრცელებული მტკიცებების ნაწილი დეზინფორმაციაა, ხოლო ზოგიერთი მოსაზრება მტკიცებულების გარეშეა და ვაქცინების მიმართ მეცნიერულად დაუსაბუთებელ შიშებს აღვივებს.

დეზინფორმაცია #1: შვეიცარიაში ვაქცინირებული პირველი ადამიანი ვაქცინიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. გარდაცვლილის ოჯახს Pfizer-მა ბოდიში მოუხადა.

თინა თოფურიას მტკიცებით, შვეიცარიაში 91 წლის პაციენტი ვაქცინის მიღების შემდეგ გაარდაიცვალა, რის გამოც მის ოჯახს ბოდიშები მოუხადეს, ხოლო აღნიშნულ ფაქტზე სასამართლო პროცესი დაიწყო და დღემდე მიმდინარეობს.  2020 წლის 29 დეკემბერს შვეიცარიაში 91 წლის მოხუცის ვაქცინაციიდან რამდენიმე დღეში გარდაცვალებასთან დაკავშირებით სოციალურ მედიაში სპეკულაციები მოჰყვა, საპასუხოდ 30 დეკემბერს შვეიცარიის მარეგულირებელმა ორგანომ განცხადება გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, გარდაცვალების შემთხვევასთან დაკავშირებულმა სამედიცინო გამოძიებამ ვაქცინასა და გარდაცვალებას შორის კავშირი ვერ დაადგინა. 91 წლის პაციენტი, რომლის სამედიცინო ისტორია სხვადასხვა მძიმე ავადმყოფობას მოიცავდა, ბუნებრივი მიზეზებით გარდაიცვალა. მოხუცის გარდაცვალებას Pfizer-ც გამოეხმაურა. კომპანიამ გარდაცვლილის ოჯახს მიუსამძიმრა და აღნიშნა, რომ გარდაცვალებები, რომლებიც ვაქცინასთან არაა კავშირში, სავარაუდოდ მოხდება იმავე პროცენტულობით, როგორითაც ისედაც მოხდებოდა ხანშიშესულთა და რისკ-ჯგუგში მყოფ ადამიანთა პოპულაციებში, რომლებიც ამ ეტაპზე ვაქცინაციისათვის პრიორიტეტულ ჯგუფებს წარმოადგენენ. შესაბამისად ინფორმაცია, თითქოს გარდაცვლილის ოჯახს ჯერ ბოდიში მოუხადეს და შემდეგ უარყვეს მისი ვაქცინასთან კავშირი, სიმართლეს არ შეესაბამება, ხოლო მტკიცება, რომ გარდაცვლილის ოჯახმა სასამართლოს მიმართა, ღია წყაროებით არ იძებნება და მტკიცებულების გარეშეა. 

დეზინფორმაცია #2: ვაქცინაციის დაწყებამდე ინგლისში ისეთი კანონები მიიღეს, რომლებიც ვაქცინის შედეგად დაზარალებული ადამიანების წინაშე პასუხისმგებლობას არავის აკისრებს. 

მიუხედავად იმისა, რომ 2020 წლის დეკემბერში დიდმა ბრიტანეთმა კორონავირუსის ვაქცინის კანდიდატის რამდენიმე მწარმოებელს, მათ შორის Pfizer-სა და AstraZeneca-ს ვაქცინასთან დაკავშირებულ გვერდით ეფექტებზე პასუხისმგებლობა მოუხსნა, ეს არ ნიშნავს, რომ ვაქცინით სერიოზულად დაზარალებული ადამიანების წინაშე პასუხისმგებლობა არავის ეკისრება. როგორც დიდი ბრიტანეთის მთავრობის ოფიციალურ გვერდზე 2020 წლის 3 დეკემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში  ვკითხულობთ, მთავრობის გადაწყვეტილებით COVID-19-ის ვაქცინები “ვაქცინებით დაზარალებულთა კომპენსაციის სქემას” (Vaccine Damage Payment Scheme) დაემატა. VDPS ბრიტანეთის მთავრობის მიერ დაფინანსებული ორგანოა, რომელიც ადამიანებს კონკრეტული ვაქცინებით მიღებული ჯანმრთელობის დაზიანებისათვის ფინანსურ კომპენსაციას უხდის და აღნიშნული სქემა უკვე არაერთი წელია მოქმედებს. ამგვარად, თინა თოფურიას მტკიცება, თითქოს ბრიტანეთში ვაქცინების გვერდით ეფექტებზე პასუხისმგებლობას არც კერძო მწარმოებელი და არც მთავრობა არ იღებს, სიმართლეს არ შეესაბამება.

მტკიცებულების გარეშე #1: კორონავირუსის რნმ ვაქცინები ავტოიმუნური დაავადებების მასობრივ გავრცელებას გამოიწვევს. 

თოფურის თქმით, ვაქცინის საშუალებით ორგანიზმში მოხვედრილი ვირუსის რნმ და მისგან ნაწარმოები ვირუსის ცილა ორგანიზმის მიერ უცხო სხეულად იქნება აღქმული და იმუნური სისტემა საკუთარ უჯრედებზე დაიწყებს თავდასხმას, რაც ვაქცინის გვერდით ეფექტად სხვადასხვა ავტოიმუნური დაავადების განვითარებას გამოიწვევს. მსგავსი მტკიცებები ვაქცინის შესახებ უცხოურ სოციალურ ქსელებში ადრეც ვრცელდებოდა, თუმცა ამ ეტაპზე აღნიშნული მოსაზრებების დასადასტურებლად მტკიცებულებები არ არსებობს. რეალურად, ავტოიმუნური დაავადებები  ქრონიკული დაავადებებია, რომელთა გამოსაწვევად, როგორც წესი, ორგანიზმში უცხო აგენტის ხანგრძლივი ყოფნაა საჭირო. ამის საპირისპიროდ, რნმ ვაქცინებში გამოყენებული ვირუსის გენეტიკური მასალა არამდგრადი მოლეკულაა, რომელიც სწრაფად დეგრადირდება (სწორედ ამიტომ ხდება საჭირო აღნიშნული ვაქცინების განსაკუთრებულ პირობებში შენახვა) და უჯრედის გარემოში მალევე იშლება, რაც ხანგრძლივი ავტოიმუნური რეაქციის განვითარებას პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის. ვაქცინის გვერდით ეფექტად ავტოიმუნური დაავადებები არც რნმ ვაქცინების ძირითადი მწარმოებლების Pfizer-ისა და Moderna-ს მიერ ჩატარებული კლინიკური კვლევებისას გამოვლენილა. 

აღსანიშნავია ისიც, რომ ავტოიმუნური დაავადებები არა მხოლოდ კორონავირუსის რნმ ვაქცინებზე მიმდინარე კვლევებისას, არამედ ზოგადად ამ ტექნოლოგიით დამზადებული ვაქცინების კვლევებში არ დაფიქსირებულა. პირიქით, ზოგიერთი მეცნიერი რნმ ვაქცინებს ავტოიმუნური დაავადებებთან ბრძოლის ერთ-ერთ პოტენციურ საშუალებად მიიჩნევს.  

მტკიცებულების გარეშე #2: კორონავირუსის ვაქცინები იმუნურ დამოკიდებულებას იწვევს. Pfizer-ისა და Moderna-ს ვაქცინების მიღების შემდეგ ადამიანს ვირუსი შესაძლოა უფრო ადვილად დაემართოს. 

გადაცემის კიდევ ერთი სტუმრის, მაიკო სმითი აღნიშნული მტკიცების წყაროდ ამერიკელ ექიმს სიმონ გოლდს ასახელებს. სმითის თქმით, SARS-ის ვირუსის ვაქცინამ ცხოველებზე გამოცდის ეტაპზე იმუნური დაავადებები გამოიწვია და რადგან SARS-ის ვირუსი  COVID-19-ის გამომწვევ ვირუსს ძალიან ჰგავს, Moderna-სა და Pfizer-ის კორონავირუსის ვაქცინებიც მსგავს გართულებებს აუცილებლად გამოიწვევენ.

გვერდით ეფექტს, რომელზეც სმითი საუბრობს, იმუნოლოგები “ანტისხეულებზე დამოკიდებული გაძლიერების” (ADE) სახელით იცნობენ. ADE-ს დროს ვაქცინით შეძენილი ანტისხეულები ორგანიზმს არათუ იცავენ ვირუსისაგან, არამედ დაინფიცირების რისკებს ზრდიან და ვირუსულ ინფექციას აძლიერებენ. მსგავსი გვერდითი მოვლენა SARS-cov-ის ვაქცინების ცხოველებზე გამოცდისას ცალკეულ შემთხვევებში მართლაც დაფიქსირდა, რის შემდეგაც, აღნიშნული ვაქცინებზე კვლევები ადამიანებზე აღარ გაგრძელებულა. მიუხედავად ორი ვირუსის მსგავსებისა, მხოლოდ ეს ფაქტი საკმარისი არ არის იმის დასამტკიცებლად, რომ  Pfizer-ისა და Moderna-ს ვაქცინებიც ADE-ს მსგავსი იმუნოპათოლოგიური ფენომენის გამომწვევი გახდება. კორონავირუსის ორივე დასახელებულმა ვაქცინამ კვლევის ყველა ძირითადი ფაზა სრულყოფილად გაიარა, მათ შორის ცხოველებზე და ადამიანებზე გამოცდის კლინიკური ფაზებიც და ვირუსის წინააღმდეგ მაღალი ეფექტიანობაც აჩვენა. შესაბამისად, ამ ეტაპზე არსებული მეცნიერული ცოდნა იმის მტკიცების საფუძველს არ გვაძლევს, რომ  Pfizer-ისა და Moderna-ის ვაქცინები იმუნურ პათოლოგიებს იწვევენ და დაინფიცირების შანსს ზრდიან. 

აღსანიშნავია, რომ მაიკო სმითის მიერ წყაროდ დასახელებული ექიმი სიმონ გოლდი კორონავირუსის და ვაქცინების შესახებ სხვადასხვა დეზინფორმაციას სოციალურ ქსელებში სისტემატურად ავრცელებდა.

გადაცემაში გაჟღერებული სხვა მცდარი ინფორმაცია

გარდა ზემოთ განხილული მტკიცებებისა,  საათინახევრიან ჩანაწერში ის მცდარი ინფორმაციაც გვხვდება, რომლზეც  “მითების დეტექტორი” ადრეც წერდა: 

  1. რნმ ვაქცინები ადამიანის გენეტიკის ცვლილებას არ იწვევენ. ადამიანის უჯრედში მოხვედრილი კორონავირუსის რნმ-ს ფრაგმენტი ქიმიური განსხვავებების გამო ადამიანის დნმ-ზე გავლენას ვერ მოახდენს, ამასთანავე ვაქცინაში შემავალი რნმ მოლეკულა უჯრედის გარემოში სწრაფად იშლება და მხოლოდ მცირე ხნით რჩება.
    რნმ-ზე თუ დნმ-ზე დამყარებული ვაქცინა? 
    რას გულისხმობს გეიტსის გეგმა და საიდან მოდის დეზინფორმაცია რნმ ვაქცინის საფრთხის შესახებ?

  2. კორონავირუსის რნმ ვაქცინებმა ცხოველებზე და ადამიანებზე გამოცდის ყველა ეტაპი სრულად გაიარეს. მტკიცება, თითქოს რნმ ვაქცინებს ცხოველებზე გამოცდის გარეშე, პირდაპირ ადამიანებს უკეთებენ და ექსპერიმენტი უშუალოდ მოსახლეობაზე ტარდება, მითია, რომელსაც თინა თოფურია ადრეც ავრცელებდა. 
    “საერთო გაზეთში” ვაქცინაციის შესახებ 8 ტყუილი და 2 მანიპულაცია ვრცელდება 

  3. ნორვეგიაში გარდაცვალების შემთხვევების სამედიცინო შეფასების შემდეგ ვაქცინასა და ლეტალურ შედეგს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირი არ დადასტურდა, ხოლო ნიუ იორკის ერთ-ერთ ხანდაზმულთა სახლში პაციენტები არა ვაქცინას, არამედ კორონავირუსს ემსხვერპლნენ. 
    ნორვეგიასა და აშშ-ში გარდაცვალებათა შემთხვევებსა და ვაქცინაციას შორის კავშირი დადასტურებული არ არის
    მანიპულაცია, თითქოს ვაქცინაციამ ინგლისსა და ისრაელში ინფიცირების რიცხვი გაზარდა

  4. არსებული კვლევები არ ადასტურებს, რომ Pfizer-ის რნმ ვაქცინას ნაყოფიერებაზე უარყოფითი ეფექტი აქვს. ინფორმაცია, თითქოს კორონავირუსის ვაქცინის მიღებამდე მამაკაცებს საკუთარი სპერმის გაყინვას და შენახვას ურჩევენ, ღია წყაროებით არ იძებნება, მსგავსი რეკომენდაცია არც ვაქცინის კვლევებში ჩართულ მოხალისეებისათვის მიუციათ. 
    ანტივაქსერის დეზინფორმაცია და დაუსაბუთებელი მტკიცებულებები  “ობიექტივის” ეთერში

რა არის ინფოდემია?

ჯანდასცვის მსოფლიო ორგანიზაციის განმარტებით, ინფოდემია ინფორმაციის მოზღვავებაა, რომელიც ყალბი ცნობების განზრახ გავრცელებით პანდემიაზე საზოგადოებრივი ჯანდაცვის რეაგირების შესუსტებას და ალტერნატიულ დღის წესრიგის ხელშეწყობას ცდილობს.


მოამზადა მედეა სულამანიძემ


ლადო ჩხეტიანის პოსტის არქივის ბმული: https://archive.is/jC66h
ნინა რატიშვილის პოსტის არქივის ბმული: https://archive.is/KwFSv


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.  

 

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.