Səhhət/biotəhlükəsizlik

საიდან იღებს სათავეს კონსპირაცია “ახალი მსოფლიო წესრიგის” შესახებ?

15 February, 2021

7 თებერვალს ფეისბუქ მომხმარებელმა Ketevan Gejadze-მ გამოაქვეყნა პოსტი, სადაც ის რამდენიმე საკითხს, მათ შორის ახალი “მსოფლიო წესრიგის დამყარების” შესახებ კონსპირაციას ეხება, რომელსაც დაჩიპვას, მსოფლიო მოსახლეობის მასობრივ შემცირებასა და კონტროლს უკავშირებს, მათ შორის საუბრობს კალიფორნიაში გაჩენილ ხელოვნურად მასობრივ ხანძრებსა და სხვა საკითხებზე.

;

Ketevan Gejadze-ის პოსტი მცდარ მტკიცებებს შეიცავს, მასში ვხვდებით 1 დეზინფორმაციას, 3 კონსპირაციის თეორიასა და 1 გაყალბებულ ციტატას, ავტორი ყველა ამ და სხვა მტკიცებას საბოლოო ჯამში ახალი მსოფლიო წესრიგის შესახებ საუკუნეების განმავლობაში არსებულ შეთქმულების თეორიას უკავშირებს.

  1. დეზინფორმაცია: “მოჩვენება ქალაქები” მხოლოდ ჩინეთში “იტესტება” და მათი შექმნის მიზანი ადამიანებისთვის სახლების დატოვების იძულებაა. 

ფაქტი: “მოჩვენებათა ქალაქები” მხოლოდ ჩინეთში არ არსებობს და მათი გაჩენა სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა მიზეზს უკავშირდება 

“მოჩვენებათა ქალაქებას” იმ ადგილებს უწოდებენ, რომლებიც მოსახლეობის მიერ მიტოვებულია. პოსტის ავტორი ჩინეთის “მოჩვენებათა ქალაქებს” 21/2030-ის გემის კონსპირაციას უკავშირებს, თუმცა ამგვარი ქალაქები მსოფლიოში მრავლადაა და მათი უკაცრიელობის მიზეზი სხვადასხვაა. მაგალითად, ავსტრალიაში ქალაქ ვიტნუმის და აშშ-ის არიზონას შტატში რუბის მიტოვება სასარგებლო წიაღისეულის მომპოვებელი საბადოებისგან გამოწვეული ჯანმრთელობის პრობლემების გამო გახდა აუცილებელი. თურქმენეთის დედაქალაქ აშხაბადში აშენებულ ძვირფას კორპუსებში კი ქვეყნის იზოლირებული კულტურისა და სიღარიბის გამო ადამიანებს არც არასდროს უცხოვრიათ. 

რაც შეეხება ჩინეთის “მოჩვენებათა ქალაქებს,” პირველად 2009 წელს დაიწყო საუბარი იმის შესახებ, რომ ჩინეთში თანამედროვე, კეთილმოწყობილი ქალაქები საოცარი სისწრაფით შენდებოდა, თუმცა მათში ცხოვრების სურვილს არავინ გამოხატავდა.  ათეულობით ქალაქი, რომელსაც “მოჩვენებათა ქალაქები” უწოდეს  მთავრობამ ურბანიზაციის გეგმის შესასრულებლად ააშენა.  მსგავსი ტიპის ქალაქების არესებობა სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი ურბანიზაციისა და გადაჭარბებული ჩარევის შედეგიცაა. “ადგილობრივი ხელისუფლება მთელი ქვეყნის მასშტაბით ეკონომიკის სტიმულირებას დამატებითი ინფრასტრუქტურის შექმნითა და უძრავი ქონების განვითარებით ცდილობდა”, - აღნიშნავს დინი მაკმაჰონი, წიგნის  China's Great Wall of Debt-ის ავტორი.

      კონსპირაცია 1: კალიფორნიაში ტყის  ხანძრებს მიზანმიმართულად ლაზერით აჩენდნენ, რათა ხალხისთვის გადაბარგება მომხდარიყო.

ფაქტი: არ არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ ხანძრის დასაწყებად ”პირდაპირი ენერგიის” იარაღი იყო გამოყენებული

ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს კალიფორნიაში ხანძარი ლაზერით გაჩნდა, იმ კონსპირაციის ნაწილია, რომელიც ინტერნეტ სივრცეში 2017 წლიდან ვრცელდება. შეთქმულების თეორიტიკოსების მტკიცებით,  ხანძარს თვითმფრინავებიდან ან კოსმოსური ხომალდებიდან გამოშვებული ლაზერი იწვევდა და მას  ტერორისტული დაჯგუფებები, აშშ-ს მთავრობა, უცხოპლანეტელები, ილუმინატები იყენებდნენ.  ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს ხანძრები საიდუმლო დაჯგუფებების მიერ ახალი მსოფლიო წესრიგის დასამყარებლად  წინასწარ იყო დაგეგმილი.

BBС-ის ინფორმაციით,  შეთქმულების თეორიტიკოსები თავიანთი არგუმენტების დასადასტურებლად მანიპულირებულ ან უკონტექსტო ვიზუალს იყენებდნენ. 
ინფორმაცია ლაზერის მიერ გამოწვეული ხანძრების შესახებ 2020 წელს როიტერსმაც გადაამოწმა. მათი ინფორმაციით, ინტერნეტში გავრცელებული ფოტოების დიდი ნაწილი, რომლებიც კალიფორნიაში გაჩენილ ხანძარს ლაზერს მიაწერდა, სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ადგილას იყო გადაღებული. კალიფორნიაში გაჩენილ ხანძარსა და ილუმინატებს, უცხოპლანეტელებს ან რამე სხვა დაჯგუფებას კავშირს არც კალიფორნიის შტატის გამოძიება ადასტურებს

New York Times-ი კალიფორნიაში ხანძრების გავრცელების მთავარ მიზეზებად კლიმატის ცვლილებას, ქარებს, ხანძრის  ჩაქრობის მცდელობებსა და ტყის პირას დასახლებული ადამიანების მზარდ რაოდენობას ასახელებს.

       კონსპირაცია 2: 5G ტექნელოგიით გამოწვეული რადიაციით ადამიანებს დაწვავენ და მათ გონებაზე კონტროლი  დამყარდება

ფაქტი: 5G ტექნოლოგია უსაფრთხოდ არის გამოცხადებული Radiation watchdog-ის მიერ. 

5G სიხშირეებს 30-300 გიგაჰერცის დიაპაზონში იყენებს. ეს  დიაპაზონი არ არის საკმარისი ენერგია იმისათვის, რომ ადამიანის სხეულის ქსოვილებთან, კანთან კონტაქტისას მათში ქიმიური ბმები დაირღვეს ან ელექტრონების ცვლილება მოხდეს. 

ვრცლად ამ თემაზე იხილეთ: 

     კონსპირაცია 3: ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრი (CDC) პლასტიკურ კუბოებს ფლობს, ბილ გეითსი კი ეპიდემიის შედაგად 30 მილიონი ადამიანის გარდაცვალებას აანონსებს.

;

ფაქტი: “პლასტმასის კუბოების” კონსპირაცია წლებია ვრცელდება, რეალურად ფოტოებზე გამოსახული ყუთები არა “პლასტიკური კუბოები”, არამედ კუბოს სათავსო კონტეინერებია, რაც წყლის გაჟონვისა და მიწის დაწევისგან დაცვას უზრუნველყოფს. ეს სათავსოები კომპანია Vantage Products Corporation-მა ჯორჯიას შტატში 90-იანი წლების ბოლოს გაყიდვის მიზნით განათავსა და მას CDC-სთან ან ბილ გეიტსის 2017 წლის გამოსვლასთან კავშირი არ აქვს.

ვრცლად იხილეთ:

       გაყალბებული ციტატა: ,,და რაც ჩვენ გვინდა - ეს კარგი სარიოზული კრიზისია და ხალხი მიიღებს მსოფლიო ახალ რეჟიმს” David Rockfeeller

ფაქტი: დევიდ როკფელერის ციტატა ახალი მსოფლიო წესრიგის შესაქმნელად მასშტაბური კრიზისის საჭიროების შესახებ გაყალბებულია. როკფელერის ციტატის არასწორი ინტერპრეტაცია 1994 წელს გაეროს დაჯილდოვებაზე მისი გამოსვლიდან იღებს სათავეს. 

დევიდ როკფელერის ეს გაყალბებული ციტატა სხვა დროსაც ვრცელდებოდა, ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალა:


  • “ახალი მსოფლიო წესრიგის” შესახებ კონსპირაციის თეორიის გაჩენა და განვითარება

შეთქმულების თეორიები იმის შესახებ, რომ სამყაროს ჩრდილოვანი, საიდუმლო ძალები მართავენ უკვე დიდი ხანია არსებობს. “ახალი მსოფლიო წესრიგის” დამყარების შესახებ კონსპირაციაც ერთ-ერთი მათგანია. წლების განმავლობაში იცვლებოდა მოვლენები, რომელსაც მას უკავშირებდნენ და მოქმედი გმირები, მაგრამ უცვლელი რჩებოდა შინაარსი, რომლის მიხედვითაც სამყაროს ყველა მოსახლის გონებასა და გადაწყვეტილებებზე ნაბიჯ-ნაბიჯ სრული კონტროლი დამყარდებოდა. 

თავად ტერმინი (New World Order) მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში პოლიტიკაში გაჩნდა, როცა აშშ-ს პრეზიდენტი უიდრო უილსონი პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ინიციატივით გამოვიდა, იმგვარი საერთაშორისო პოლიტიკა შექმნილიყო, რომელიც მომავალში მსოფლიო ომს და მის მასშტაბურ და დამანგრეველ შედეგებს თავიდან აიცილებდა. მისთვის “ახალი მსოფლიო წესრიგი” სწორედ ამგვარ პოლიტიკასა და დიპლომატიას აღნიშნავდა. საბოლოოდ, უილსონის იდეაზე დაყრდნობით 1920 წელს საერთაშორისო ორგანიზაცია “ერთა ლიგა” შეიქმნა, რომლის მიზანი კოლექტიური უსაფრთხოება და კონფლიქტების მოლაპარაკებების გზით გადაწყვეტა იყო. თუმცა მეორე მსოფლიო ომის თავიდან აცილება ვერ მოხერხდა. პოლიტიკაში “ახალი მსოფლიო წესრიგის” დამყარებასა და გლობალური პრობლემების ერთობლივ გადაწყვეტას მეორე მსოფლიო ომის შემდეგ უინსტონ ჩერჩილიც ემხრობოდა. თავდაპირველი შინაარსით გაერთიანებული ერების ორგანიზაციაც სწორედ ამ იდეაზე დაყრდნობით შეიქმნა. 

მოგვიანებით ტერმინი კონსპიროლოგებმა დაისაკუთრეს და სხვადასხვა დროს განსხავებულ დღის წესრიგს მოარგეს. არსებობს მრავალი ნაშრომი, რომელშიც “ახალი მსოფლიო წესრიგის” დამყარების სხვადასხვა მიდგომაა განხილული. ცივი ომის დროს მოღვაწე კანადელი კონსპიროლოგი უილიამ ქარისთვის “ახალი მსოფლიო წესრიგის” დამყარება კომუნისტებისგან და მათთან დაკავშირებული ჯგუფებისგან მომდინარე საფრთხე იყო. ამავე პერიოდში სხვადასხვა აქტორები თუ ორგანიზაციები (მაგ. ჯონ ბირჩის საზოგადოება) “ახალი მსოფლიო წესრიგის” დამყარებას,  როგორც აშშ-ში, ისე სსრკ-ში, ბანკირებისა და ნეოლიბერალების საიდუმლო მმართველობას მიაწერდა.

სსრკ-ს დაშლის შემდეგ ტერმინი კვლავ პოლიტიკაში ამჯერად ჯორჯ ბუშ უფროსის მიერ გაჟღერდა. აშშ-ს პრეზიდენტი სსრკ-ის გაქრობის ფონზე სამყაროში ახალი პოლიტიკური წესრიგის დამყარებაზე საუბრობდა. თუმცა წლებთან ერთად ტერმინმა პოლიტიკური მნიშვნელობა დაკარგა. გარდამტეხი როლი ამ პროცესში 1991 წელს გამოცემულმა პეტ რობერტსონის წიგნმა “ახალი მსოფლიო წესრიგი” ითამაშა. წიგნმა დიდი პოპულარობა მოიპოვა, მისი მთავარი იდეა კულისებიდან მართული სამყარო იყო, რომელსაც ადრე თუ გვიან ანტიქრისტე დაეპატრონებოდა. ამავე პერიოდში კონსპიროლოგებმა ახალ სამიზნედ “გლობალისტები” აირჩიეს და ახალი წესრიგის დამამყარებელ მთავარ პერსონაჟებადაც მათ მოიაზრებდნენ.

“ახალი მსოფლიო წესრიგის” დამყარების კონსპირაციის თეორიამ დიდი მასშტაბები შეიძინა, მასში გაერთიანდა სხვა შეთქმულების თეორიებიც, მაგალითად, მასონთა, ილუმინატთა, უცხო პლანეტელთა მმართველობები. ამავე თეორიის ერთ-ერთი საკვანძო ეტაპი გლობალური კონტროლია, რომლის დამყარების სხვადასხვა მეთოდი მუდმივად განიხილება. სწორედ ამ წიაღში განვითარდა მასობრივი ჩიპიზაციის, 5G ტექნოლოგიისა და ვაქცინაციის იარაღად გამოყენების შესახებ არსებული და უკვე დამკვირდებული თეორიებიც.  

2013 წელს სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორი სტეფან ო’ლირი ინტერნეტის საშუალებით კონსპირაციის თეორიების ვირუსულად გავრცელების საფრთხესა და ადამიანებში კრიტიკული აზროვნების განვითარების საჭიროებებზე საუბრობდა. პანდემიამ ეს საფრთხე კიდევ უფრო ნათელი გახადა, ვინაიდან “ახალი მსოფლიო წესრიგის” თეორიაში გლობალური კონტროლის გარდა, დეპოპულაციასაც მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. რადგან ვირუსის შედეგად მრავალი ადამიანი დაიღუპა, კონსპიროლოგებმა პანდემია წინასწარ დაგეგმილად მიიჩნიეს და “ახალი მსოფლიო წესრიგის” (NWO) დამყარების პირველ ნაბიჯებადაც შერაცხეს. სხვადასხვა დროს კორონავირუსის გავრცელების უკან მდგომ ადამიანების შორის ბილ გეითსი, დევით როკფელერი, როტშილდები და სხვები მოიაზრებოდნენ. 


მოამზადეს მარიამ დანგაძემ და ანი ქისტაურმა


არქივი - https://archive.is/CrO1z


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.  

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.