Siyasət

დუგინი: “ზოგიერთ შემთხვევაში ჩვენ იძულებულები ვხდებით”...

4 February, 2021

1 თებერვალს ულტრანაციონალისტურმა პლატფორმამ ალტ-ინფო, რომელიც 8 იანვრიდან საკუთარ სატელევიზიო არხზეც მაუწყებლობს, ცნობილ რუს ულტრანაციონალისტ ფილოსოფოს და ევრაზიანისტული მოძრაობის დამფუძნებელ ალექსანდრ დუგინს უკვე მეორედ უმასპინძლა. ევრაზიული იდეის იდეოლოგი, რომელიც რუსული აგრესიული ექსპანსიონიზმის მოდიფიცირებული ვერსიაა, ალტ-ინფოს ეთერში ამერიკის არჩევნებს და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს, ასევე სომხეთში განვითარებულ მოვლენებსა და დასავლური ღირებულებების საკითხებს შეეხო. 

დუგინის გზავნილები ანტიდასავლური ნარატივის სამსაფეხურიან მოდელს მიჰყვება, რომელიც ერთი მხრივ, აპელირებს შიშებზე, მეორე მხრივ, დემოკარტიისა და სტრატეგიული პარტნიორების მიმართ უნდობლობას თესავს, ამ ფონზე კი მხსნელად მართლმადიდებელ, ძლიერ რუსეთს სახავს. მისი გზავნილები, რომელიც დეტალურად ქვემოთ არის მოცემული, სამსაფეხურიან მოდელში შემდეგნაირად შეიძლება დავყოთ:

;

აშშ და გლობალიზმი 

აშშ-ის სათავეში ხელისუფლება არჩევნების გაყალბებით მოვიდა

“გლობალისტები უფრო სუსტები არიან, ვიდრე ოდესმე ყოფილან, ისინი ცდილობენ მოგვაჩვენონ, რომ ყველაფერი კარგადაა, მაგრამ ფეხთ ქვეშ მიწა ეწვით… წითელი რესპუბლიკური შტატები ეს ის ალია, რომელიც ქუსლებს ულოკავს ხელისუფლებაში მოსულთ მასიური გაყალბებებისა და ელექტორალური მოტყუების, მანიპულირების გზით.”

აშშ-ში ფერადი რევოლუცია მოხდა

„ეს ფაქტობრივად იყო სრულფასოვანი ფერადი რევოლუცია თავად ამერიკაში … რომელიც გლობალისტებმა ამჯერად საკუთარი ხალხის წინააღმდეგ განახორციელეს.”
„ამერიკელები სწორედ ამას აკეთებდნენ საქართველოში, რუსეთში, სომხეთში, ბელორუსში და არაფერი... და ახლა ეს ყველაფერი ხდება თვითონ ამერიკის ტერიტორიაზე.”

აშშ გაყოფილია, მოსახლეობის ნახევარი აუჯანყდა ახალ მსოფლიო წესრიგს

“ამჯერად, გლობალისტური ელიტების, რომლებიც ბაიდენში არიან განსახიერებულნი, მიზანში თავად ამერიკელები აღმოჩნდნენ”
“გლობალისტური სისტემის შიგნით, დასავლეთის შიგნით, ახალი მსოფლიო წესრიგისა და გლობალისტური ფასულობების, გენდერული პოლიტიკის, ფემინიზმის, Gay Marriage, Gay Pride პრომოუტერების შიგნით, გლობალიზმის შტაბის ამ ციტადელში ჩვენ გვყავს მოსახლეობის ნახევარი, რომელიც აჯანყდა ამ დღის წესრიგის წინააღმდეგ. ანუ, ამერიკა ღრმადაა გახლეჩილი. ეს სამოქალაქო ომია წითელ შტატებსა და ლურჯ შტატებს შორის.”

აშშ დაშლის საკითხი გადაწყვეტილია, ტრამპი კი იგივე ელცინია

„რაც შეეხება საბჭოთა კავშირის მსგავსებას ამერიკასთან, დაშლის შემდეგ, სრული მსგავსებაა. ტრამპი ხომ პირდაპირ ელცინია, ხოლო ელცინი დასასრულია. როცა ჩნდება ელცინი, იწყება დასასრული. ამრიგად, ამერიკის დაშლის საკითხი, ჩემი მოსაზრებით, სინამდვილეში გადაწყვეტილია. კითხვაა „როდის“ აქ უკვე უფრო პრობლემური მომენტი დგება.”

მსოფლიო პოლუსის სათავეში მძიმე დემენციაში მყოფი ბაიდენია

“მსოლფიო პოლუსის სათავეში არის მძიმე დემენციაში მყოფი ადამიანი [ჯო ბაიდენი]. მოხუცი, რომელიც ვერაფერს იაზრებს, ადამიანური ნორმალურობიდან გამოსული უამრავი პერვერტი ხელისუფლებაში, ადმინისტრაციაში... საქმე გვაქვს არა მხოლოდ ამ გლობალური პოლუსის გაუჩინარებასთან, არამედ სიგიჟესთან და შეშლილობასთან, ანუ, მსოფლიო სისტემის ცენტრში არიას მანიაკი.”

აშშ-ში დემოკრატიის დევალვაცია მოხდა და ლიბერალური ბოლშევიზმი დამყარდა

“ახლა მოხდა დემოკრატიის სწრაფი დევალვაცია, აშშ-ს დემოკრატიული ინსტიტუტები სრულად არიან ინფლუირებული, მათი აღარავის სჯერა. ფატობრივად, ლიბერალური ბოლშევიზმის ეპოქა დადგა. ვინც ხელში ჩაიგდო ხელისუფლება, ვინხ ხელში ჩაიგდო ტელეგრაფი, დაარბია დამფუძნებელი კრება, ის მართავს. ესაა ლიბერალური ბოლშევიზმი, რომელმაც მოიგო ამერიკაში და ეს უკვე აშკარა ხდება.”

ორუელისეული 1984 არა კომუნისტებიდან და რუსეთიდან, არამედ ბაიდენის სახით მოვიდა 

“ყველა ელოდა, რომ 84 წელი მოვა კომუნისტებიდან, რუსეთიდან, არალიბერალური, სულ მცირე, არაამერიკული წყაროებიდან... ბაიდენი 1984 წელია და ეს ზუსტად მაშინაა, როდესაც ეს შეშლილი ნახევრად ლეში აირჩიეს, რომელიც ან საზღვრავს სადაა ან - ვერა, და აშკარაა, რომ ეს არის დიდი ძმა, რომ ეს არის ერთგვარი თოჯინა, რომ ეს არის პრაქტიკულად კიბორგი, ბაიდენი, მასში არაა საქმე, ეს არის პროგრამა, ალგორითმი… მის ნაცვლად მართავენ ტექნოლოგიები.”

განმანათლებლობა ქრისტიანული ფასეულობების წინააღმდეგ არის მიმართული

მათ, ვისაც არ ესმით, რომ განმანათლებლობა თავიდანვე შავი იყო, რომ ეს არის კუტურისა და ცივილიზაციის სატანისტურ-ლუციფერული პაროდია, რომ როდესაც უარი ვთქვით ჩვენს ქრისტიანულ ცივილიზაციაზე, ჩვენს სულიერ ღირებულებებზე, ჩვენს ტრადიციულ ფასეულობებზე, ჩვენ სინამდვილეში, უკვე ამ მომენტში შევდექით იმ გზაზე, რომლის ტერმინალურ ეტაპს ახლა ვუახლოვდებით“. 


საქართველო

ნამდვილ ქართულ ძალას ლიბერალური გლობალიზმი მხარს არასდროს დაუჭერს

მესამე ძალა, რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა არ უნდა იყოს დაანონსებული რუსეთიდან, ამერიკიდან და ევროპიდან, არამედ თავად საქართველოდან... რა თქმა უნდა, რეალურ ქართულ ძალას არასოდეს დაუჭერს მხარს ლიბერალური გლობალიზმი, არც რუსეთში დაუჭერენ მხარს გლობალისტები მათ, არც ამერიკაში და არც ევროპაში. საკითხი ხალხშია, თუ ეს ძალა ხალხს დაეყრდნობა, უძლეველი იქნება“.

აღმოსავლეთიდა და დასავლეთიდან დამოუკიდებელი საქართველოს გასაღები მოსკოვშია

“რაღაც მომენტში თუნდაც მცირე სიმბოლური პოლიტიკური ან იდეოლოგიური ჯგუფის არსებობა, ჯგუფის, რომელიც იტყვის, რომ ჩვენ დამოუკიდებელი, ძლიერი საქართველოს დროშას ავწევთ, საქართველოსი, რომელიც ღიაა სხვა ხალხებისთვის და არა ვიწრონაციოლანურის, აღმოსავლეთისგან და დასავლეთისგან დამოუკიდებელის, რომელიც მისდევს საკუთარ ხაზს და ჩვენ გვესმის, სადაა გასაღები ასეთი საქართველოს შესაქმნელად, უკაცრავად, ეს მოსკოვია.”

სომხეთსაც შეუძლია მოიგოს ყარაბაღის დაკარგვით

სომხეთსაც შეუძლია მოიგოს ყარაბაღის დაკარგვით. ეს ნამდვილად მტკივნეულია სომხების იდენტობისთვის, თუმცა მას კიდევ ერთხელ გაუცრუვდა ილუზია, რომ „დასავლეთი დაგეხმარება“... არ იმუშავა არც პაშინიანის გატაცებამ სოროსის ქსელებისადმი, ბაქოსაც ანკარასთან და მოსკოვთან პირდაპირი უერთიერთობა ურჩევნია”.

ზოგჯერ ჩვენ იძულებულ ვხვდებით რაღაც ზომებს მივმართოთ 

„მე თვითონ ვარ მრავალპოლუსიანი სამყაროს მომხრე, ნებისმიერი კოლონიური ფორმის მოწინააღმდეგე და არ მსიამოვნებს, როდესაც ჩემი ქვეყანა აკეთებს ამას. სხვა საქმეა, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ჩვენ იძულებულები ვხდებით, რაც ყოვეთვის არ გვამართლებს, მაგრამ უნდა შეგვეძლოს აღიარება შეცდომებისაც”.

ივანიშვილის “დაკარგვის” შემდეგ “ქართული ოცნება” ბაიდენის გზავნილებს ერთმნიშვნელოვნად წაიკითხავს და შეასრულებს

“ამჟამინდელი „ქართული ოცნება“, თავისი ლიდერის დაკარგვის შემდეგ, ასე მგონია, პირიქით, ეცდება ერთმნიშვნელოვნად წაიკითხონ ბაიდენის მესიჯები, რომ მაქსიმალურად შეასრულონ ისინი.”

აშშ-ის კოლონიად ყოფნას მართლმადიდებელ რუსეთთან მოკავშირეობა სჯობს

“ჩვენ, მართლმადიდებლები, განსაკუთრებით თქვენ, ამაყი ქართველები, როგორ მოახერხებთ ამასთან ერთად ცხოვრებას? იყოთ კოლონია ქვეყნისა, რომელიც ჰომოსექსუალურ ფასულობებს აღმსარებლობს, რომელსაც სძულს ტრადიცია, უპირისპირდება ქრისტიანობას, ნუთუ მართლა უკეთესია, ვიდრე რუსეთის მოკავშირედ ყოფნა, ჩემი ქვეყნის ყველა უარყოფითი ასპექტის გათვალისწინებით, რაც მშვენივრად მესმის?”

დასავლეთი ვერ უზრუნველყოფს სუვერენიტეტის განმტკიცებას

“ზოგადად, ყველამ, ვინც დასავლეთზე ფსონი დადო სუვერენიტეტის განმტკიცების მიზნით, ყველამ დაკარგა“.

საქართველო გახდება დასავლეთის პლაცდარმი სხვებთან კონფლიქტის გასაჩაღებლად

“საქართველო შეიძლება გახდეს ტერიტორია, სადაც მოაწყდებიან უკანასკნელი, აგონიაში მყოფი ატლანტისტები, კავკასიის ასაფეთქებლად, რომ ყველას, საერთოდ ყველას გარშემო შეუქმნან პრობლემები: რუსეთს, ირანს, თურქეთს, ანუ ყველას. და ეს, რა თქმა უნდა, კატასტროფა იქნებოდა, რადგან საქართველოს ეს არაფერში სჭირდება“. 


აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა ანტილიბერალური პლატფორმა ალტ-ინფო ეთერში ალექსანდრ დუგინს მასპინძლობს. გასული წლის ივლისში ალტ-ინფოს ეთერში დუგინმა საქართველო-რუსეთის ურთიერთობებზე და ამ მიმართულებით ქართული ოცნებისა და პირადად ივანიშვილის როლზე ისაუბრა.

დუგინის იმდროინდელი გზავნილების თანახმად, 2008 წელს თბილისში რუსული ტანკები რომ შესულიყვნენ, სუტუაცია საქართველოში "დაახლოებით იგივე იქნებოდა, რაც ივანიშვილის პირობებშია, იდენტური იმისა, რაც დღეს არის." 

ასევე, მისი თქმით, საქართველოს ერთიანობისთვის აუცილებელია, რომ ის იყოს "მინიმუმ, ნეიტრალური”. "რაც დღეს არის. სინამდვილეში, საქართველოს დანაწევრების იდეა არასოდეს არ შედიოდა რუსეთის გეოპოლიტიკურ ინტერესებში. სხვა საქმეა, რომ იმისთვის, რომ საქართველო ერთიანი იყოს, საქართველო, მინიმუმ, ნეიტრალური უნდა იყოს. იგივე პრინციპი მოქმედებს უკრაინასთან დაკავშირებითაც,” თქვა მან.

ის, ასევე, ამბობდა, რომ საქართველო არ უნდა გახდეს დაპირისპირების საგანი დასავლეთსა და რუსეთს შორის და რომ ივანიშვილი რუსეთთან პოზიციების დაახლოების პროცესისთვის "მეტად სასარგებლოა".

ვინ არის ალექსანდრ დუგინი?

ალექსანდრ დუგინი ევრაზიანისტული მოძრაობის დამფუძნებელი და ულტრანაციონალისტი ფილოსოფოსია. დუგინის ევრაზიული იდეა რუსეთის ექსპანსიასა და ევრაზიულ კონტინენტზე რუსეთის უპირატეს სულიერ-პოლიტიკურ როლს უჭერს მხარს და რუსულ ორთოდოქსულ ხედვაზეა დაფუძნებული. 

ნაცისტური გერმანიის იდეით შთაგონებული დუგინი მიიჩნევს, რომ ევრაზიის კონტინენტი ქვეყნების ერთგვარი ფედერაცია უნდა იყოს, რომელსაც რუსეთი ლიდერობს. ევრაზიული პროექტის პოტენციურ მოკავშირეებად ალექსანდრ დუგინი თეთრ ნაციონალისტებს მიიჩნევს, რადგან ისინი ტრადიციონალისტები არიან. ყირიმის კონფლიქტში ჩართულობის და უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ განხორციელებული ქმედებების გამო, ფილოსოფოსი აშშ-ის მიერ სანქცირებული პირების სიაშია.

აღსანიშნავია, რომ ალექსანდრ დუგინს კავშირი აქვს მსოფლიო საოჯახო კონგრესთან. საქართველოში მსოფლიო საოჯახო კონგრესის წარმომადგენელი, ბიზნესმენი ლევან ვასაძე კი დუგინთან ურთიერთობას არ უარყოფს და იმასაც აღნიშნავს, რომ მას საქართველოზე აზრი შეაცვლევინა. თავის მხრივ, ლევან ვასაძე დაკავშირებულია “ალტერნატივა საქართველოსთვის” არასამთავრობო ტიპის ორგანიზაციასთან, რომელიც კონსტანტინე მორგოშიამ 2019 წლის 30 იანვარს დაარეგისტრირა. ვასაძე და ალტ-ინფოს გუნდის წევრები, რომლებიც, ასევე, “ალტერნატივა საქართველოსთვის” წევრებიც არიან, პანდემიამდე პერიოდში სამეგრელოსა და აჭარის მოსახლეობას ხვდებოდნენ.


მოამზადეს ნიკა შეყელაძემ და თამარ კინწურაშვილმა


ალტ-ინფოს შესახებ

ანტილიბერალური ჯგუფი “ალტ-ინფო” ქართველ ულტრანციონალისტებთან დაკავშირებული პროპაგანდისტული და ანტიდასავლური პლატფორმაა. ის ხშირად აქვეყნებდა მანიპულაციურ და მცდარ მასალებს მიგრანტებზე, ლიბერალურ კანონმდებლობასა და ფილანტროპ ჯორჯ სოროსზე.
დეტალური ინფორმაცია ალტ-ინფოს შესახებ ხელმისაწვდომია აქ.