Səhhət/biotəhlükəsizlik

6 ტყუილი COVID-19-ზე, ვაქცინებზე და დაპატენტებულ ვირუსებზე

14 Dekabr, 2020

2020 წლის 5 დეკემბერს მომხმარებელმა Zviad Gogiashvili პირად ფეისბუქ ანგარიშზე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ის კოვიდ19-ზე საუბრობს და მისი წარმოშობის, დიაგნოსტირებისა და ვაქცინების შესახებ ეჭვებს გამოთქვამს. მისი თქმით, PCR ტესტები ორგანიზმში ვირუსის არსებობას ვერ ადგენენ, მეტიც მეცნიერები გარდაცვლილთა გვამების გაკვეთისას კორონავირუსის კვალს ვერ პოულობენ და გარდა ჩინელი მცენიერებისა, არცერთ კვლევით ლაბორატორიაში კორონავირუსი “თვალითაც არ უნახავთ”. ვაქცინებთან დაკავშირებით გოგიაშვილი ამტკიცებს, რომ COVID-19-ის  რნმ ვაქცინა არა მხოლოდ ორგანიზმისთვისაა სახიფათო, არამედ არაეთიკურად მზადდება, რადგან იგი აბორტირებული 14 კვირის ემბრიონის უჯრედებს შეიცავს. ვიდეოში ნათქვამია ისიც, რომ სხვადასხვა ლაბორატორიები პათოგენებს ხელოვნურად ქმნიან, რასაც “დაპატენტებული ვირუსების” არსებობა ადასტურებს.

;

გავრცელებული ვიდეო კორონავირუსის შესახებ 6 დეზინფორმაციულ მტკიცებას შეიცავს. 

  • დეზინფორმაცია #1: ჩინური ლაბორატორების გარდა,  არცერთი ქვეყნის სხვა ლაბორატორიაში კორონავირუსის მოლეკულის გამოცალკევება არ მომხდარა. მეცნიერებს კორონავირუსის ელექტრონული ფოტოც არ გაუსაჯაროებიათ.

მას შემდეგ, რაც ჩინელმა მეცნიერებმა 2020 წლის 11 იანვარს კორონავირუსის გენომის პირველი მონახაზი გაასაჯაროვეს, სხვადასხვა ქვეყნების კვლევით ცენტრებსა და ლაბორატორიებში კორონავირუსის გენომის კვლევებისთვის თანამშრომლობა დაიწყო. მაგალითად, ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებისგან მიღებულ პირველ ნიმუშებზე მუშაობა 2020 წლის 20 იანვრიდან დაიწყო, 2 თებერვლითვის CDC უკვე ფლობდა ლაბორატორიულად იზოლირებული კორონავირუსის იმდენ ნიმუშს, რომ ამერიკის სხვადასხვა კვლევითი ცენტრისა და ლაბორატორიისათვის გადაენაწილებინა. 13 მარტს ლაბორატორიაში ვირუსის წარმატებით იზოლირება კანადელმა მეცნიერებმაც მოახერხეს.

ახალი კორონავირუსი სწრაფად ცვალებადი რნმ-ს მქონე ვირუსია და სხვადასხვა პოპულაციაში გავრცელების პარალელურად მისი გენომი ცვლილებებს განიცდის. ვირუსის შესახებ ზუსტი მონაცემების შესაგროვებლად საერთაშორისო სამეცნიერო წრეები თანამშრომლობენ და ერთმანეთს განახლებულ ინფორმაციას მუდმივად უზიარებენ. მაგალითად, ამ მიზნით შექმნილი ერთ-ერთი პლატფორმა ARTIC Network ამერიკელ, ბრიტანელ, ბელგიელ და ა.შ. მეცნიერებს აერთიანებს, რომლებიც კალიფორნიის, კემბრიჯის, ოქსფორდისა და ედინბურგის უნივერსიტეტის ლაბორატორიებში კორონავირუსისი განახლებად მონაცემებზე ატარებენ კვლევებს.

სიმართლეს არ შეესაბამება ასევე მტკიცება, რომ მეცნიერებს არ გაუსაჯაროებიათ კორონავირუსის ელექტრონული ფოტოსურათები. ახალი კორონავირუსის ელექტრონული მიკროსკოპით გადაღებული ერთ-ერთი პირველი სურათები 2020 წლის 11 თებერვალს ამერიკის ალერგიული და ინფექციური დაავადებების კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა (NIAID) გამოაქვეყნა , სურათები ჰამილტონის ლაბორატორიის მიერ კორონავირუსის იზოლირებული მოლეკულას ასახავს. 2 სექტემერს კორონავირუსის ელექტრო-მიკროსკოპული სკანერით გადაღებული სურათები ჩრდილოეთ კაროლინი უნივერსიტეტის მედიცინის სკოლამაც გამოაქვეყნა.

;;

  • დეზინფორმაცია #2: ჰამბურგის ინსტიტუტმა გვამების გაკვეთის შედეგად ორგანიზმში კორონავირუსის კვალი ვერ აღმოაჩინა.

აღნიშნული მტკიცება 2020 წლის აპრილში სოციალურ ქსელში ჰამბურგის სამედიცინო ექსპერტიზის უნივერსიტეტის დირექტორის, ცნობილი გერმანელი ექიმის კლაუს პიუშელის ვირუსულად გავრცელებულ ყალბ ციტატას ეფუძნება. გაყალბებულ ციტატაში  პიუშელი აცხადებდა, რომ “ჯანმრთელი ადამიანი არასოდეს დაღუპულა კორონავირუსით”. რეალურად, აღნიშნული პოსტი მანიპულირებდა კლაუს პიუშელის მიერ ჰამბურგში ჩატარებულ კვლევასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებით, რომელშიც მან აღნიშნა, რომ ჰამბურგში კორონავირუსით ინფიცირებულ ყველა პაციენტს გულის ან ფილტვის დაავადებებთან დაკავშირებული წინარე სამედიცინო ისტორია ანუ თანმხლები დაავდებები ჰქონდა. 

ამ დეზინფორმაციაზე დაყრდნობით ფეისბუქ მომხმარებლები ამტკიცებდნენ, რომ ჰამბურგის სამედიცინო ექსპერტიზის ინსტიტუტმა გარდაცვლილი პაციენტების გვამების გაკვეთისას ორგანიზმში ვირუსის კვალი ვერ აღმოაჩინეს, რაც ასევე არ შეესაბამება სიმართლეს. კვლევაში არსადაა ნათქვამი, რომ გვამების გაკვეთის შედეგად პაციენტებში ვირუსის კვალი არ აღმოჩნდა.

დეზინფორმაცია #3: ამერიკული კომპანიის Pfizer-ის ვაქცინა შეიცავს აბორტირებული 14 კვირის ემბრიონის ფილტვის უჯრედებს. 

დეზინფორმაცია, თითქოს კორონავირუსის ვაქცინა აბორტირებული 14 კვირის ემბრიონის ფილტვის უჯრედებს შეიცავს, არა მხოლოდ Pfizer-ის, არამედ ოქსფორდისა და AstraZeneca-ს ვაქცინაზეც  ვრცელდებოდა. რეალურად, ემბრიონული უჯრედები კორონავირუსის  არცერთი ვაქცინის შემადგენლობაში არ შედის. ვაქცინის რამდენიმე კანდიდატი, მათ შორის Pfizer და AstraZeneca  პრეკლინიკური გამოცდის ეტაპზე ემბრიონულ უჯრედებს ლაბორატორიული კვლევისთვის იყენებდნენ, რათა  ვაქცინის ადამიანის გენომთან ურთიერთქმედება შეესწავლათ. ეს არ ნიშნავს, რომ ადამინის ემბრიონის უჯრედები ვაქცინის საბოლოო ვარიანტის შემადგელობაში იქნება, წარმოების დაწყებამდე ვაქცინა ყველა ისეთი მინარევისგან იწმენდება, რომელიც მის ძირითად შემადგენლობაში არ შედის. 

კორონავირუსის ვაქცინების შემთხვევაში მეცნიერები იყენებენ 60 წლის წინ, 1960-1970-იან წლებში აბორტირებული ორი ემბრიონის გენეტიკურ ნიმუშებს, თუმცა მათი აბორტირება თავდაპირველად კვლევითი მიზნებით არ მომხდარა. აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის ვაქცინის გარდა, აღნიშნულ უჯრედებს უკვე დამტკიცებული ზოგიერთი პრეპარატისა და ვაქცინის ლაბორატორიული კვლევის დროსაც (ებოლას ვირუსის და პოლიოს ვაქცინები, ჰემოფილიის, ჰეპათიტსა და ართრიტის სამკურნალო მედიკამენტები და ა.შ.) იყენებდნენ.

ვაქცინის შექმნის პროცესში აბორტირებული ემბრიონისაგან მიღებული უჯრედების გამოყენებამ საზოგადოების ნაწილში ვაქცინის ეთიკურობასთან დაკავშირებით გარკვეული კითხვები გააჩინა, თუმცა 2002 წელს ამერიკის გონგრესის წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებული დოკუმენტის თანახმად, იმუნიზაციის პროცესისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, ვაქცინის წარმოებისას ემბრიონული უჯრედების შეზღუდული გამოყენება მორალურად გამართლებულია თუ ვაქცინა იყენებს ფეტუსის უჯრედებზე დაფუძნებულ ტექნოლოგიას, მაგრამ  მისი წარმოება ამ ტექნოლოგიის განგრძობად გამოყენებას არ საჭიროებს. იმავე დოკუმეტის მიხედვით, ეთიკურად ითვლება მხოლოდ ისეთი ვაქცინები, რომლებიც ადამიანის სიცოცხლის მიზანმიმართული მოსპობის ან დაზიანების გარეშე შეიქმნა.

  • დეზინფორმაცია #4: მსოფლიოს ლაბორატორიებში შექმნილ პათოგენებს ყიდიან, რათა დაავადებები გავრცელდეს და ფარმაცევტულმა კომპანიებმა მედიკამენტებით ივაჭრონ. 

2020 წლის აგვისტოსა და ოქტომბერში  სოციალური ქსელების საშუალებით სხვა ქვეყნებშიც ვრცელდებოდა დეზინფორმაცია, თითქოს ბოლოდროინდელი ვირუსები ებოლა, H1N1, ზიკა, კორონავირუსი და ა.შ. ხელოვნურად შექმნილი პათოგენებია და დაპატენტებულია ლაბორატორიების მიერ. რეალურად, მეცნიერებს ან ლაბორატორიას ბუნებაში აღმოჩენილი ვირუსების დაპატენტება იმ შემთხვევაში შეუძლიათ, თუ:  1.ბუნებრივი ვირუსის გენეტიკური მასალის იზოლირება ლაბორატორიაში მოხდა; 2. ვირუსის ნიმუშში მეცნიერებმა კვლევითი მიზნით გარკვეული ცვლილებები შეიტანეს; 3. ვირუსის ნიმუშზე დაყრდნობით კონკრეტული ვაქცინა/მედიკამენტი განავითარეს. მართალია, სამეცნიერო და იურიდიულ წრეებში საკამათოა, რამდენად უნდა არსებობდეს ბუნებაში აღმოჩენილ ვირუსებზე საავტორო უფლებები, თუმცა დასახელებული ვირუსების ბუნებრივ წარმოშობას ეს კითხვის ნიშნის ქვეშ არ აყენებს. 

ამ დეზინფორმმაციაზე დაყრდნობით გოგიაშვილი ავითარებს კონსპირაციიის თეორიას, რომლის მიხედვითაც, ფარმაცევტული კომპანიები და მეცნიერები ხელოვნურად შექმნილი ვირუსებით ვაჭრობენ, რათა დაავადებები გაავრცელონ და მედიკამენტები გაყიდონ. 

  • დეზინფორმაცია #5: კორონავირუსის რნმ ვაქცინა ადამიანის ორგანიზმში სხვადასხვა პათოლოგიურ პროცესს გამოიწვევს. შესაძლოა, ვირუსის რნმ-მა ადამიანის დნმ  შეცვალოს

კორონავირუსის რნმ-ზე დაფუძნებულ ექსპერიმენტულ ვაქცინაზე მსგავსი დეზინფორმაცია დიდი ხანია ვრცელდება. სინამდვილეში, როგორც კვლევები აჩვენებს, ქიმიური განსხვავებების გამო, შეუძლებელია, ვაქცინით ადამიანის ორგანიზმში შეყვანილი ვირუსის რნმ მოლეკულა ადამიანის უჯრედულ დნმ-ს შეერწყას ან მასზე რაიმე სახის გავლენა მოახდინოს. ასევე, მცდარია შეხედულება, თითქოს მსგავსი ვაქცინა ორგანიზმს დააინფიცირებს, რადგან რეალურად ინფიცირებას არა ორგანიზმში მოხვედრილი ვირუსის რნმ, არამედ თავად ვირუსი იწვევს. იმუნური რეაქციის გამოწვევის შემდეგ თავად ვირუსის რნმ-ს მოლეკულა უჯრედულ გარემოში სწრაფად დეგრადირდება და იშლება. 

ვრცლად კორონავირუსის რნმ-ზე დაფუძნებული ვაქცინების შესახებ იხილეთ “მითების დეტექტორის” მიერ მომზადებულ მასალებში: 
რას გულისხმობს გეიტსის გეგმა და საიდან მოდის დეზინფორმაცია რნმ ვაქცინის საფრთხის შესახებ? 
რნმ-ზე თუ დნმ-ზე დამყარებული ვაქცინა?

  • დეზინფორმაცია #6: PCR ტესტებით კორონავირუსის დიაგნოსტირება კი არ ხდება, არამედ ადამიანების გენეტიკური მასალის შეგროვება. PCR ტესტითვის განკუთვნილი ნაცხის ცხვირიდან აღებისას, ადამიანს შეიძლება ტვინი დაუზიანონ.

PCR ტესტები პათოგენების მიმართ განსაკუთრებული მგრძნობელობით გამოირჩევიან და პასუხის მაღალი სიზუსტის გამო, მათ ტესტირების ოქროს სტანდარტსაც უწოდებენ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ორგანიმში ვირუსით აქტიური ინფიცირების გამოსავლენად სწორედ მათ უწევს რეკომენდაციას. მცდარია ინფორმაციაც, რომ PCR ტესტისთვის განკუთვლინი ნაცხის ცხვირიდან აღებისას ტვინის ქსოვილის დაზიანების შანსი არსებობს. იმისთვის რომ ნაცხის ასაღებმა ჩხირმა ცხვირის გავლით ტვინის ქსოვილამდე შეაღწიოს, მან  რამდენიმე ძვლოვანი, სხვადასხვა ქსოვილის ფენა და სისხლძარღვები უნდა გაიაროს, ნაცხის ჯოხით მისი დაზიანება პრაქტიკულად შეუძლებელია. დეზინფორმაციაა მტკიცებაც, რომ PCR ტესტირების მეთოდის კორონავირუსის დიაგნოსტირებისთვის გამოყენება რაიმე ფარული მიზნით ხდება. ვირუსზე ტესტირების ეს მეთოდი კორონავირუსამდეც არსებობდა და უკვე წლებია მედიცინაში სხვადასხვა მიზნით გამოიყენება. 

PCR ტესტების შესახებ ვრცლად იხილეთ “მითების დეტექოტორის” მიერ მომზადებულ მასალებში:
საშიშია თუ არა კორონავირუსის ტესტი?
როგორ ხდება კოვიდ 19 დიაგნოსტირება?

პოსტის გავრცელება 

14 დეკემბრის 10:00 საათის მდგომარეობით ზვიად გოგიაშვილის ვიდეოს 23 000-მდე ნახვა და 703 გაზიარება აქვს. გარდა ინდივიდუალური პროფილებისა, პოსტი 15 საჯარო ჯგუფში გააზიარეს: ანტი-მასონობა. „ანტიქრისტეს“ ახალი მსოფლიო წესრიგი (NWO); ანტი-ეკუმენიზმი, სახალხო მოძრაობა ,,სამეგრელო", myps.ge შეკეთება, ყიდვა-გაყიდვა, Photo-Fact GEORGIA, უშუალო დემოკრატიული მოძრაობა, “საქართველო უპირველეს ყოვლისა!“ 6504 ძვ წ, საზოგადოება - საქართველოს კონსტიტუციური უსაფრთხოების სამეთვალყურეო საბჭო, დედათა საერთაშორისო გაერთიანება, სიცოცხლის დაცვისა და გენოციდის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული ალიანსი, კორონა მაფია, ადამიანთა გამოთაყვანების წინააღმდეგ ბრძოლის ალიანსი, საერთო სახალხო მოძრაობა ქართველი ერის გადარჩენისთვის!, ყვავილები, მცენარეები, ეზოები, გავერთიანდეთ მტრის წინააღმდეგ და მიშასეული წინსვლის დასაბრუნებლად! და  პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია.


მოამზადა მედეა სულამანიძემ 


არქივის ბმული: https://archive.is/Lb5V5 


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.  

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.