Müxtəlif

მშვიდობიანი აქციის შესახებ ფეისბუკში ვიდეო მანიპულაციურად ვრცელდება

16 Oktyabr, 2020

7 ოქტომბერს Facebook პროფილმა Art Na ჯგუფში “#ლამაზი_ჯავახკი (#Ըռունդ_Ջավախք) გამოაქვეყნა ვიდეო, წარწერით „ჩვენ საქართველო არ ვართ, ჩვენ ჯავახკი ვართ“. აღნიშნულ პოსტს 16 ოქტომბრის მონაცემებით 785 გაზიარება აქვს. ვიდეოს ორიგინალი ეკუთვნის სომხურენოვან მედია ორგანიზაცია Aliq Media-ს, თუმცა Art Na-ს მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოს ორიგინალი გახმოვანების ნაცვლად მუსიკალური გაფორმება აქვს. ვიდეოს ასევე დაემატა წარწერა „ჯავახკ“ სომხეთისა და საქართველოს დროშებით.

"

აღნიშნული Facebook პროფილის მიერ ვიდეოპოსტი მანიპულაციურად არის გავრცელებული, ვიდეოს აღწერა შეცდომაში შემყვანია, რამაც შესაძლოა ეთნიკური შუღლის გაღვივებას შეუწყოს ხელი, ხოლო ორიგინალი ვიდეოს თანმხლები ჟურნალისტური აღწერა მუსიკით არის გადაფარული, რათა მნახველმა შეკრების რეალური მიზეზი ვერ გაიგოს. რეალურად, ვიდეო ასახავს მთიანი ყარაბაღის მხარდამჭერ მშვიდოაბიან აქციას ჯავახეთის მოსახლეობის მონაწილეობით. აქციის მონაწილეებმა სოლიდარობა და მხარდაჭერა გამოუცხადეს მთიან ყარაბაღს და პატივი მიაგეს საომარ მოქმედებებში დაღუპულთა, მათ შორის, ხუთი წარმოშობით ჯავახელი ჯარისკაცის, ხსოვნას.  

ვიდეომასალაზე ასახულია ჯავახეთის მოსახლეობის მონაწილეობით გამართული მთიანი ყარაბაღის მხარდამჭერი აქცია. ადგილობრივი მედიის ცნობით, მშვიდობიანი აქცია ლოზუნგით, „ჯავახეთი არცახის გვერდით არის“ ახალქალაქის ცენტრალურ სტადიონზე 6 ოქტომბერს გაიმართა და მისი მიზანი მთიანი ყარაბაღის მხარდაჭერა და სოლიდარობის გამოხატვა იყო.

რადიო თავისუფლების ცნობით, აქციის რამდენიმე მონაწილემ განაცხადა, რომ სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები სომხების დიდ ნაწილს მთიან ყარაბაღში ნათესავი და ახლობელი ჰყავს და შესაბამისად „საომარი მოქმედებების განახლება ორმაგად მტკივნეულია მათთვის“. მშვიდობიან აქციაზე, ასევე პატივი მიაგეს მთიანი ყარაბაღის საომარ მოქმედებებში დაღუპულთა ხსოვნას, რომელთაგანაც ხუთი წარმოშობით ახალქალაქის სოფლებიდან იყვნენ. გარდა ამისა, რადიო თავისუფლება აღნიშნავს, რომ აქციაზე ახალგაზრდების უმრავლესობა მშვიდობის მოწოდებებით გამოდიოდა.

ხოლო სამხრეთის კარიბჭეს ინფორმაციით, აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ აღნიშნა: „ჩვენ ისეთ არაფერს გავაკეთებთ, რომ საქართველოს ჩირქი მოედოს. ამ ქვეყანაში აზერბაიჯანელებიც ცხოვრობენ და სომხებიც“.

"
წყარო: jnews.ge

აქციაზე გაისმოდა შეძახილი „ჯავახკ, ჯავახკ“, რომელიც მოსდევდა სასულიერო პირის შემდეგ სიტყვებს: „ჩვენ შემოგვიერთდნენ ჩვენი ძმები ბორჯომიდან, ადიგენიდან, ასპინძიდან, წალკიდან. მოდით ყველამ ერთად დავიძახოთ „ჯავახკ“. მე ვლოცულობ, ჩვენ ვლოცულობთ, სომეხი ერი ლოცულობს ყველა ჩვენგანისთვის. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი“. ამის შემდეგ აქციის მონაწილეებს მოუწოდეს, ეკლესიის ეზოში გადაენაცვლებინათ, სადაც ერთად ილოცებდნენ მთიანი ყარაბაღიში მებრძოლი ჯარისკაცებისთვის და მშვიდობისთვის.

როგორც “Aliq Media” აღნიშნავს, ჯავახეთის სომხებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ თუნდაც შორიდან, სომხებისა და სომხეთის გვერდით არიან. “Aliq Media”-ს თანახმად, აქციის მონაწილეები აღნიშნავდნენ: „ჩვენმა ბედმა განსაზღვრა, გვქონდეს ორი სამშობლო, რომლებისგან ერთ-ერთი დღეს საფრთხის წინაშე დგას და ჩვენი დახმარება სჭორდება“.

ლოცვის შემდეგ, ეკლესიის ეზოში აქციის ორგანიზატორებმა ასევე შეაჯამეს მთიანი ყარაბაღის დასახმარებლად ჯავახეთში შეგროვილი თანხა. აღსანიშნავია, რომ ჰუმანიტარული მიზნით იკრიბებოდა როგორც ფულადი და სასურსათო დახმარება, ასევე თბილი ტანსაცმელი.