Müxtəlif

ვინ დგას კონსპირაციის უკან, თითქოს ამერიკელები გასალამაზებლად ჩვილი ბავშვების ორგანიზმს იყენებენ?

11 Sentyabr, 2020

გაზეთ ალიას 31 აგვისტო - 6 სექტემბერის ნომერში ელიზბარ დიაკონიძემ, სასულიერო პირმა, სუროგაციის აკრძალვის შესახებ საუბრისას აღნიშნა, თითქოს ამერიკაში ადამიანები გასაახალგაზრდავებლად და გასალამაზებლად ჩვილი ბავშვების ორგანიზმიდან აღებულ  სითხეს მოიხმარდნენ. მან აღნიშნა, რომ ამ საქმეში ჰოლივუდის მსახიობებიც არიან ჩართულები. 

 

ელიზბარ დიაკონიძე, სასულიერო პირი: „აგერ სულ ახლახანს ამერიკაში უამრავი ადამიანი დააპატიმრეს იმისთვის, რომ სწორედ ჩვილების ორგანიზმიდან აღებული სითხე ყოფილა ახალგაზრდობისა და სილამაზის წამალი და ამ უბედურებას ბევრი ჰოლივუდელი მსახიობიც მოიხმარს? რამდენი მდიდარი ოჯახის, ან თუნდაც შეძლებული ოჯახების შვილები არიან ავად?იქნებ ჩვენი, ქართველი დედის შობილ პატარა, ნაწილ-ნაწილ აჩეხეს ორგანოებით მოვაჭრეთა მაფიამ და საქართველოში ჩამოთრეულ ე.წ. წყვილები, მათი დისტრიბუტორები არიან მხოლოდ?“ ...“

სასულიერო პირის, ელიზბარ დიაკონიძის მტკიცება, თითქოს ამერიკაში ჩვილი ბავშვების ორგანიზმიდან აღებულ სითხეს გასაახალგაზრდავებლად და გასალამაზებლად  მოიხმარენ, კონსპირაციაა. ამ თეორიას QAnon-ი ავრცელებს, რომლის მხარდაჭერები FBI-მა საშინაო ტერორისტულ საფრთედ გამოაცხადა.

კონსპირაციის თეორია, თითქოს აშშ-ში ბავშვების იტაცებენ და აწამებენ მათი ორგანიზმიდან ადენოქორმის ნივთიერების ან სისხლის მისაღებად, პედოფილიისა და სატანური რიტუალების გამო, ბოლო ბერიოდში აქტიურად ვრცელდებოდა, რის შესახებაც სხვადასხვა ავტორიტული გამოცემები BBC, the guardian, the New York times, snopes და სხვები წერდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ეს შეთქმულების თეორია სხვადასხვა ძველ კონსპირაციებს ეყრდნობა სოციალურ ქსელში მისი ვირუსულად  გავრცელება და პოპულარიზიაცია QAnon-ის ჯგუფს უკავშირდება, რომელიც პირველად 4chan-ის პლატფორმაზე გავრცელდა. 

ვინ ავრცელებს კონსპირაციას ბავშვების წამების შესახებ?

BBC-ის თანახმად  2017 წლის 17 ოქტომბერს ანონიმურმა მომხმარებელმა რამდენიმე პოსტი 4chan-ის პლატფორმაზე გამოაქვეყნა. მომხმარებელი "Q"-ს სახელით წერდა და ამტკცებდა, რომ გასაიდუმლებულ ინფორმაციაზე წვდომა - აშშ-ის უსაფრთხოების სამსახურების დაშვება - "Q clearance" ჰქონდა.

QAnon კონსპირაციების თეორიებს ავრცელებს და ამტკიცებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ხელისუფლებაში, ბიზნესსა და მედიაში ელიტურ, სატანურ პედოფილებთან  საიდუმლო ომს აწარმოებს. ამ ჯგუფის მიერ გავრცელებული კონპსირაციები სხვადასხვა სახისაა და ხშირად ერთმანეთთანაც მოდის წინააღმდეგობაში.

The Guardian-ის თანახმად, QAnon -ის მიერ გავრცელებული კონსპირაციები ეყრდნობა Pizzagate-ის შეთქმულების თეორიას, რომელის ვირუსულად 2016 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის დროს გავრცელდა, როდესაც ულტრამემარჯვენე გამოცემები ამტიცებდნენ, რომ ბავშვების ტრეფიკინგში ჰილარი კლინტონი იყო ჩართული. 

გარდა ამისა, QAnon-ის შეთქმულების თეორიის საფუძვლები ანტისემიტურ კონსპირაციებშიც არის, რომლის თანახმადაც მსოფლიოზე კონტროლის დამყარებას მცირერიცხოვანი ჯგუფი ცდილობს. 

2019 წელს FBI-მა QAnon-ის მხარდამჭერები საშინაო ტერორისტულ საფრთხედ გამოაცხადა, რადგან ამ ჯგუფის მიერ წახალისებულმა მოქალაქეებმა რამდენჯერმე არეულობა გამოიწვიეს. 

როგორ გავრცელდა კონსპირაცია?

თავდაპირველად Qanon-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმ ანონიმური პოსტებს შორის ერთ-ერთი იყო, რომელიც ინტერნეტში ხშირად ვრცელდება, თუმცა 2017 წლის ნოემბრიდან ეს კონსპირაცია ვიდეოს სახით YouTube-ზეც გავრცელდა, რამაც მას მეტი პოპულარობა შესძინა.

QAnon-ის მხარდამჭერების ჩართულობით აგვისტოში ბავშვების ტრეფიკინგის წინააღმდეგ გამოსვლებიც დაიგეგმა. მათ აქტივობას მოძრაობა “Child Lives Matter” მოჰყვა, რომელიც QAnon-ის კონსპირაციის თეორიების საფუძვლეზე გახდა აქტუალური და ვირუსულად გავრცელდა. 

BBC-ის ცნობით, 2020 წლის აგვისტოში ფეისბუკმა QAnon-თან დაკავშირებული 790 ჯგუფი, 100 გვერდი და 1 500 რეკლამა გააუქმა. QAnon-თან დაკავშირებულ ფეისბუკ ყველაზე დიდ ჯგუფში 200,000 მომხმარებელია გაწევრიანებული. 2020 წლის მარტში  Qanon-თან დაკავშირებული Reddit-ის ერთ-ერთ პლატფორმა (board), რომელსაც 20,000 გამომწერი ჰყავდა გაუქმდა იმ მიზეზით, რომ ის “ახალისებდა ძალადობას და პერსონალურ და კონფიდენციალურ ინფორმაციას აქვეყნებდა”

რა არის ადრენოქრომი?

spinoff-ის თანახმად ადრენოქრომი ქიმიურად ადვილად მისაღები ნაერთია, ადრენალინის ოქსიგენაციით (ჟანგბადთან მიერთებით). სურსათისა და წამლების ადმინისტრაციის (FDA)-ის  მიერ აღნიშნულ ნივთიერებაზე ნებართვა არ არსებოს, თუმცა მკვლევრებს 25 მგ-ს შეძენა $55-ად შეუძლიათ. ზოგიერთ ქვეყანაში ექიმები აღნიშნულ ნივთიერებას სისხლის შესადედებლად იყენებენ. 

კონსპირაციის თეორიებში ადრენოქრომი მისტიური, ფსიქოდელიური საშუალებაა, რომელიც მსოფლიო ელიტების სატანურ რიტუალებთან არის დაკავშირებული. მათი მტკიცებით ისინი ბავშვებს აწამებენ რომ მათგან ოქსიგენირებული შიშის ჰორმონი (ადრენალინი) მიიღონ.