Tarix

დაიშალა თუ არა სსრკ საბჭოთა ხალხის “ნების საწინააღმდეგოდ”?

10 Sentyabr, 2020

1 სექტემბერს ტელეკომპანია “ობიექტივის” გადაცემა “ღამის სტუდიის” წამყვანმა, ვალერი კვარაცხელიამ განაცხადა, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა საბჭოთა ხალხის ნების საწინააღმდეგოდ მოხდა. ამის დასტურად კვარაცხელიას 1991 წლის 14 მარტს ჩატარებული რეფერენდუმი მოჰყავს.

 

 

 

ვალერი კვარაცხელია: “... გაიხსენეთ 1991 წელი. საბჭოთა კავშირში ტარდება რეფერენდუმი იმასთან დაკავშირებით, გვინდა თუ არა საბჭოთა მოქალაქეებს საბჭოთა კავშირის შენარჩუნება. საბჭოთა კავშირში მაშინ თითქმის 300 მილიონი იყო მოსახლეობა. დაახლოებით 150-მა მილიონმა კაცმა მიიღო რეფერენდუმში მონაწილეობა და 76 და რაღაცა პროცენტი მხარს უჭერდა საბჭოთა კავშირის შენარჩუნებას. ამის მიუხედავად, 1991 წლის ბოლოს საბჭოთა კავშირი უკვე დაიშალა. ანუ საბჭოთა კავშირი დაიშალა საბჭოთა ხალხის ნების საწინააღმდეგოდ. და იქიდან მოყოლებული, რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში, იმ დიდ ქვეყანას ვგულისხმობ, და კონკრეტულად იმ რესპუბლიკებში, რომლებიც შედიოდა იმ დიდ ქვეყანაში, ყველაფერი ჩვენი ნების საწინააღმდეგოდ ხდება, თითქმის ყველაფერი ხდება ჩვენი ნების საწინააღმდეგოდ.” 

“ობიექტივის” წამყვანი, ერთი მხრივ, რიცხვებით მანიპულირებს, რადგანაც მის მიერ დასახელებული ციფრებითაც კი ეწინააღმდეგება თავისივე დასკვნას, რომ მოსახლეობის უმეტესობა სსრკ-ს შენარჩუნებას უჭერდა მხარს. მეორე მხრივ კი ის ისტორიით მანიპულირებას ახდენს, რადგან უგულებელყოფს ისეთ მნიშვნელოვან ფაქტებს, როგორიცაა 6 რესპუბლიკის მიერ ამ რეფერენდუმის ბოიკოტი და დამოუკიდებლობის შესახებ ინდივიდუალურ რესპუბლიკებში რეფერენდუმის შედეგები. 

ვალერი კვარაცხელიას მიერ მოყვანილი სტატისტიკური ინფორმაცია ეწინააღმდეგება მისსავე დასკვნას, თითქოს “საბჭოთა კავშირი საბჭოთა ხალხის ნების საწინააღმდეგოდ დაინგრა.”

“ღამის სტუდიის” წამყვანის თქმით, საბჭოთა კავშირის მოსახლეობა 300 მილიონი იყო, რეფერენდუმში 150-მა მილიონმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, “ობიექტივის” წამყავნის სიტყვებითვე, საბჭოთა კავშირის შენარჩუნებას 150 მილიონის 76%-მა დაუჭირა მხარი. ნომინალურად, საბჭოთა კავშირის შენარჩუნების მხარდამჭერთა რაოდენობა 114 მილიონი გამოდის (რომ არაფერი ვთქვათ, რეფერენდუმის სხვა კითხვებსა და გარემოებებზე). უხეშად აღებული 300 მილიონიდან კი დარჩენილმა მოსახლეობამ (რომელიც რეალურად მთლიანი მოსახლეობის 60%-ზე მეტია) ან რეფერენდუმში საბჭოთა კავშირის შენარჩუნების წინააღმდეგ მისცა ხმა ან დარჩენილის მნიშვნელოვანმა ნაწილმა (როგორც მინიმუმ, 6-მა წევრმა სახელმწიფომ) საერთოდაც ბოიკოტი გამოუცხადა რეფერენდუმს, რითაც კიდევ უფრო რადიკალურად ნაბიჯებით უარყო საბჭოთა კავშირის ლეგიტიმაცია.

რა ფაქტები გამოტოვა ვალერი კვარაცხელიამ?

უგულეველყოფილი ფაქტი #1 - საქართველომ, სომხეთმა, ესტონეთმა, ლიეტუვამ, ლატვიამ და მოლდოვამ საბჭოთა რეფერენდუმს ბოიკოტი გამოუცხადეს

საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში 1989 წლის მდგომარეობით 15 რესპუბლიკა შედიოდა, ხოლო აღნიშნულ რეფერენდუმში ამ 15 სახელმწიფოდან 6-მა (საქართველო, სომხეთი, ესტონეთი, ლიეტუვა, ლატვია, მოლდოვა) მონაწილეობაზე უარი თქვა. მეტიც, აღნიშნული სახელმწიფოების პოზიცია და შემდგომში მათ მიერ ჩატარებული დამოუკიდებლობის რეფერენდუმები ვალერი კვარაცხელიას მიერ გაჟღერებული “საბჭოთა ხალხის ნების” სრულიად საწინააღმდეგო რეალობაზე მიუთითებს, მათ აღარ სურდათ საბჭოთა კავშირში ყოფნა (რომელშიდაც ისინი რეალურად ძალისმიერი გზებით გააწევრიანეს) და მათ მიერ საბჭოთა რეფერენდუმის ბოიკოტიც სწორედ ამის აშკარა დემონსტრირება იყო.

ბალტიის ქვეყნებმა და საქართველომ დამოუკიდებლობის თაობაზე საკუთარი რეფერენდუმი ჩაატარეს

საბჭოთა რეფერენდუმის ბოიკოტირების გარდა, 6 სახელმწიფოდან 4-მა (საქართველო, ესტონეთი, ლიეტუვა და ლატვია) მალევე ჩაატარა საკუთარი რეფერენდუმი დამოუკიდებლობის თაობაზე. 

საქართველოში რეფერენდუმი 1991 წლის 31 მარტს ჩატარდა და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე რეფერენდუმში მონაწილეთა 99,08%-მა მისცა ხმა (რეფერენდუმში მონაწილეობა ამომრჩეველთა 90,57%-მა მიიღო).

ბალტიის ქვეყნების შემთხვევაში, დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმები უფრო ადრე ჩატარდა. ლიეტუვაში 1991 წლის 9 თებერვალს გამართულ რეფერენდუმზე მოსახლეობის 91%-მა დამოუკიდებლობას დაუჭირა მხარი, 1991 წლის 3 მარტის რეფერენდუმზე ლატვიის მოსახლეობის 73,7%-მა ასევე დამოუკიდებლობას მისცა ხმა, ესტონეთის შემთხვევაში იმავე დღეს (3 მარტს) გამართულ რეფერენდუმზე დამოუკიდებლობის მხარდაჭერთა პროცენტული წილი მონაწილეთა 77,83%-ს შეადგენდა (ბალტიისპირეთში დამოუკიდებლობის მხარდაჭერთა პროცენტული წილი არ არის ისეთი უპრეცედენტო, მაგალითად როგორც საქართველოში იყო, ეს დიდწილად განპირობებული იყო მოსახლეობაში ეთნიკურად რუსული კომპონენტის არსებობით, რომელიც განსაკუთრებით ლატვიისა და ესტონეთის შემთხვევაში დღესაც საგულისხმოა, 1989-91 წლების მდგომარეობით კი გაცილებით უფრო დიდ მასშტაბებთან იყო დაკავშირებული).

სომხეთმა დამოუკიდებლობის თაობაზე რეფერენდუმი აგვისტოში ჩავარდნილი პუტჩის შემდეგ ჩაატარა

სომხეთის შემთხვევაში დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმი აგვისტოს პუტჩის წარუმატებლად დამთავრების შემდეგ, 1991 წლის 21 სექტემბერს ჩატარდა, რომელშიდაც მონაწილეთა 99%-მა დამოუკიდებლობას იდეას დაუჭირა მხარი.

ვითარება მოლდოვაში

მოლდოვის შემთხვევაში პრო-საბჭოთა ძალების მიერ რეფერენდუმის ჩატარების მცდელობა წარუმატებლად დამთავრდა. 1991 წლის 17 მარტის “საყოველთაო საბჭოთა” რეფერენდუმში მონაწილეთა რაოდენობა რეგისტრირებულ ამომრჩეველთა 28%-ს არ აღემატებოდა (არსებული დარღვევების უგულებელყოფის შემთხვევაშიც კი), ამგვარად მოლდოვის შემთხვევაც საბჭოთა რეფერენდუმის ბოიკოტად მიიჩნევა

უგულებელყოფილი ფაქტი #2 - რეფერენდუმში მონაწილე ქვეყნების უმრავლესობის შემთხვევაში რეფერენდუმში დაემატა კითხვები ან შეიცვალა გორბაჩოვის მიერ შემოთავაზებული ფორმულირება, რაც ძირითადად სუვერენიტეტისკენ სწრაფვასთან იყო დაკავშირებული.

როგორც ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის საბჭოს ანგარიშიდან ირკვევა, უცვლელად გორბაჩოვის შემოთავაზებული ფორმულირებით რეფერენდუმში მონაწილეობა მხოლოდ სამმა ქვეყანამ - ბელარუსმა, ტაჯიკეთმა და თურქმენეთმა მიიღო. დანარჩენ ქვეყნებს კი რეფერენდუმის ფორმულირებასთან პრობლემა ჰქონდათ. მაგალითად, უკრაინა, რომელიც მეტწილად მხარს უჭერდა კომუნისტ ლეონიდ კრავჩუკს, ისწრაფოდა მეტი სუვერენიტეტისკენ და მხარს უჭერდა ახალ ხელშეკრულებას, რომელიც ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის საბჭოს ფორმულირებით უფრო მეტად კონფედერაციული იქნებოდა.

სად ჰქონდა რეფერენდუმს მეტი ლეგიტიმაცია?

საბჭოთა კავშირის მასშტაბით აღნიშნული რეფერენდუმი 15-დან 6 ქვეყანაში (საქართველო, მოლდოვა, სომხეთი, ესტონეთი, ლიეტუვა და ლატვია) არ ჩატარებულა, რაც განპირობებული იყო ამ რესპუბლიკების და მათი მოსახლეობების აბსოლუტური უმრავლესობის ბოიკოტით, რაც ცალსახად იძლევა იმის პირობას, დავასკვნათ, რომ ამ ქვეყნების მოსახლეობების სახელით იმის თქმა, რომ “საბჭოთა კავშირი მათი ნების საწინააღმდეგოდ დაინგრა”, რეალობას არის აცდენილი და სინამდვილეში სურათი სრულებით საწინააღმდეგო იყო. 

არც ის მტკიცება შეესაბამება რეალობას, რომ რეფერენდუმის პათოსს და საბჭოთა კავშირის შენარჩუნების იდეას რეფერენდუმში წარმოდგენილი ფორმულირებით ასი პროცენტით იზიარებდა ყველა ის რესპუბლიკა, სადაც ბოიკოტი არ გამოუცხადებიათ.

სტატისტიკასა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, რეფერენდუმის ძირითად იდეას (საბჭოთა კავშირის შენარჩუნებას) მხარს უჭერდნენ ცენტრალური აზიის ქვეყნები, ბელარუსი, აზერბაიჯანი და რუსეთი, რაც, რა თქმა უნდა, არ არის საკმარისი იმისთვის, რომ მათი დამოკიდებულება განზოგადდეს ყველა რესპუბლიკაზე, მათ შორის უპირველესად იმ 6 სახელმწიფოს მოსახლეობაზე, რომელთაც პირდაპირ ბოიკოტი გამოუცხადეს აღნიშნულ რეფერენდუმს. 


მოამზადა გურამ ჯაჯანიძემ
მითების დეტექტორის ლაბორატორია