Səhhət/biotəhlükəsizlik

ღამურებიანი მონეტებიდან ბილ გეიტსამდე - რა კონსპირაციები წარმოშვა COVID-19-მა?

18 May, 2020

კორონავირუსის შესახებ კონსპირაციის თეორიების გავრცელება გასულ კვირასაც გრძელდებოდა. ვიდრე მეცნიერები ვირუსის წარმომავლობას ჯერ ისევ იკვლევენ, შეთქმულების თეორიების მოყვარულები პასუხებს ღამურის გამოსახულებიან მონეტებსა ბილ გეიტსის საარქივო საჯარო გამოსვლებში ეძებენ.  

“მითების დეტექტორმა” გასული კვირის ყველაზე აბსურდული კონსპირაციების ოთხეული შეკრიბა. 

მითები/კონსპირაციები

წყარო
კორონავირუსის წარმოშობაში გლობალისტური ძალების ხელი ურევია
  • ზვიად ტომარაძე, “ერი და სახელმწიფო” - ასავალ დასავალი (11-17 მაისის ნომერი)
ვაქცინაცია ადამიანების დამონებას და უნაყოფობას გამოიწვევს
ბილ გეიტსმა კორონავირუსის შესახებ რამდენიმე წლით ადრე იცოდა
  • მიხეილ ცაგარელი, ასტროლოგი - ასავალ დასავალი (11-17 მაისის ნომერი)
ხელოვნურად შექმნილი ვირუსის მიზანი მოსახლეობის შემცირებაა

კონსპირაცია # 1. კორონავირუსის წარმოშობაში გლობალისტური ძალების ხელი ურევია

ორგანიზაცია ,,ერი და სახელმწიფოს” დამფუძნებელი ზვიად ტომარაძე მიიჩნევს, რომ კორონავირუსის წარმოშობაში გლობალისტური ძალების ხელი ურევია. ამის მტკიცებულებად ტომარაძეს  ის ფაქტი მიაჩნია, რომ აშშ-ის ფედერალურმა ბანკმა გამოუშვა 25-ცენტიანი მონეტა ღამურის გამოსახულებით. 

ზვიად ტომარაძე: “აშშ-ის ფედერალურმა ბანკმა, რომელიც არის დამოუკიდებელი ორგანო და, როგორც ვიცით, გლობალისტების ხელშია, გამოუშვა 25-ცენტიანი მონეტა, რომელზეც ღამურაა გამოსახული. დამეთანხმებით, უცნაური დამთხვევაა"

სინამდვილეში, აშშ-ის ფედერალური ბანკის მიერ გამოშვებული ახალი მონეტის დიზაინზე შეთანხმება კორონავირუსის გამოჩენამდე რამდენიმე თვით ადრე, ჯერ კიდევ 2019 წლის 2 აგვისტოს მოხდა. მონეტაზე გამოსახულია ღამურის იშვიათი სახეობა, რომელიც “ამერიკის სამოას ეროვნულ პარკში” ბინადრობს და რომელიც ბრაკონიერების სამიზნეა. ღამურის 25-ცენტიან მონეტაზე გამოსახვა ცნობიერების ამაღლების კამპანიის ნაწილია

ამერიკული ორგანიზაცია snopes აღნიშნავს, რომ გლობალისტური ძალებისა  და ღამურის ნარატივი ტვიტერის ამერიკულ მომხმარებლებშიც საკმაოდ გავრცელებულია. 

1

კონსპირაცია N2: ვაქცინაცია ადამიანების დამონებასა და უნაყოფობას გამოიწვევს

იმ წყაროებს შორის, რომლებიც კონსპირაციების გავრცელებას უწობენ ხელს, სასულიერო პირებიც არიან . მაგალითად, აინიუსი სოციალურ ქსელში ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტის, საბა გიგიბერიას ქადაგების ვიდეოს ავრცელებს. სასულიერო პირი ვაქცინაციაში ადამიანების დამონების მცდელობას ხედავს:

საბა გიგიბერია, ხონისა და სამრედიის მიტროპოლიტი: ,,დღევანდელი ვირუსი, ეს არის საშუალება ეშმაკის ხელში, ადამიანები თავისი გავლენის ქვეშ მოაქციოს….შემოთავაზებული იქნება კაცობრიობისთვის და ადამიანებისთვის ვაქცინა, რომელიც არა იმდენად ვირუსს მოემსახურება, არამედ ადამიანის დამონებას, ადამიანების მართვას, ადამიანების დამორჩილებას,” ამბობს მიტროპოლიტი.  

"

ფეისბუკ გვერდი “თავისუფალი სული” ვაქცინაზე, რომელიც ჯერ კიდევ არ შემუშავებულა, ამტკიცებს, რომ ის მასების დამორჩილებასთან ერთად მამაკაცების იმპოტენციასა და უნაყოფობას გამოიწვევს. 

"

კონსპირაცია #3 - ბილ გეიტსმა  კორონავირუსის შესახებ რამდენიმე წლით ადრე იცოდა.

ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი დარწმუნებულია, რომ Microsoft-ის დამფუძნებელი, ცნობილი ამერიკელ ბიზნესმენი ბილ გეიტსი კორონავირუსის შესახებ ჯერ კიდევ 2005 წელს იყო ინფორმირებული და მას რაღაც განზრახვა ამოძრავებდა. 

მიხეილ ცაგარელი, ასტროლოგი: “კაცი 2005 წელს გვეუბნება - მსოფლიოს ემუქრება კორონავირუსისგან პანდემია, რომელიც დიდ რყევებს გამოიწვევსო. თუ არ ჰქონდა რაღაც ჩაფიქრებული, საიდან ამბობდა ამას, ნათელმხილველია?”

მასშტაბურ ეპიდემიებთან ბრძოლის მსოფლიო მზაობაზე  ბილ გეიტსი არა 2005, არამედ 2015 წელს საუბრობდა. გამოცემა  The New York Times წერს, რომ 2015 წელს The TED Talks-ის კონფერენციაზე გეიტსის სიტყვით გამოსვლის ამსახველი ვიდეო იქცა იმის ,,მტკიცებულებად”, თითქოს  ,,მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანი პანდემიას საკუთარი მიზნებისთვის, ჯანდაცვის სისტემაზე გლობალური კონტროლისთვის იყენებს”.  სინამდვილეში კი, კონფერენციაზე, გეიტსი  ებოლას ეპიდემიაზე საუბრობდა და სვამდა კითხვას, რამდენად იყო მსოფლიო მზად უფრო ძლიერ ეპიდემიასთან გასამკლავებლად. მას კორონავირუსი არ უხსენებია.

ნიუ-იორკ თაიმსის სტატიაში ისიც არის აღნიშნული, რომ ამ ნარატივს ამერიკაში ვაქცინაციის წინააღმდეგ განწყობილი, მემარჯვენე აქტორები ავრცელებდნენ. ამ მითის მოტივები უკავშირდება იმ ფაქტსაც, რომ კომპანია Pirbright Institute, რომელიც ამჟამად კორონავირუსის წინააღმდეგ შეშამუშავებელი ერთ-ერთი ვაქცინის ტესტირებაზე მუშაობს, ბილ გეიტსის Gates Foundation-ისგან იღებს დაფინანსებას

'"

კონსპირაცია #4: ხელოვნურად შექმნილი ვირუსის მიზანი მოსახლეობის შემცირებაა 

პოლიტიკური პარტია “ქართული იდეის” თავმჯდომარე ლევან ჩაჩუა აცხადებს, რომ ვირუსის გავრცელების მიზანი დედამიწაზე მოსახლეობის გაზრდილი რაოდენობის შემცირებაა.  იგივე აზრს ფეისბუკ გვერდი “საქართველოს უპირველეს ყოვლისაც” ავითარებს. ხოლო დეკანოზი დავით ისაკაძე მოსახლეობის შემცირების გეგმას ბილ გეიტსს მიაწერს. 

დავით ისაკაძე, დეკანოზი: "ათიოდე წლის წინათ ბილ გეიტსმა შექმნა კლუბი, რომელშიც შედიან როკფელერი, მორგანების შთამომავლები, სოროსი და სხვა ანგაჟირებული პირები. მათ ძალიან დიდი ფული გაიღეს იმ მიზნით, რომ მთელ მსოფლიოში ასეთი პროცესი დაწყებულიყო. იქმნება პლანეტაზე თითოეულ ადამიანზე ტოტალური თვალთვალის მექანიზმები, 5G ტექნოლოგიაც ამ მიზნით ინერგება…”

2010 წელს ბიზნესმენმა ბილ გეიტსმა CO2-ის გამონაბოლქვის შემცირებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ვაქცინაციამ შესაძლოა მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს მოსახლეობის რაოდენობის კონტროლის თვალსაზრისით. 

გეიტსის ეს ფრაზა ინტერპრეტირების შემდეგ კორონავირუსს დაუკავშირდა და გაჩნდა მოსაზრება, რომ ბიზნესმენი ადამიანების გამრავლების უნარის დაქვეითებას და ამ გზით მოსახლეობის შემცირებას ცდილობს. რეალურად, “მაიკროსოფტის” დამფუძნებელი საუბრობს არა მოსახლეობის შემცირებაზე, არამედ მისი ზრდის ტემპის შენელებაზე. გეიტსი აღნიშნავს, რომ ვაქცინები დიდ მნიშვნელობას ატარებს განვითარებად ქვეყნებში ბავშვთა სიკვდილიანობის შესამცირებლად, რაც თავის მხრივ, ბილ გეიტსის აზრით, შეანელებს მოსახლეობის ზრდას. უფრო დეტალურად ამ თემაზე გაეცანით “მითების დეეტქტორის” სტატიას “გვპირდება თუ არა ბილ გეიტსი დეპოპულაციას და ჩიპიზაციას?”

""


მოამზადა გვანცა დევიძემ
მითების დეტექტორის ლაბორატორიის რეგიონული ქსელი