დაიწვა თუ არა ნიუ-იორკში ყველაზე დიდი საავადმყოფო და აქვს თუ არა მომხდარს კავშირი COVID-19-თან?

3 Aprel, 2020

1 აპრილს “თავისუფალი ზონის” გვერდმა „Liberty Zone-USA თავისუფალი ზონა-აშშ“ გაავრცელა  ვიდეო, წარწერით “ამ წუთებში ნიუ იორკში საავადმყოფო იწვის!”. “თავისუფალ ზონაზე დაყრდნობით”. ეს ვიდეო იმავე აღწერით სააგენტოებმა “ქართული აზრი“ და Digest.pia.ge იდენტური სათაურებით (ამ წუთებში ნიუ იორკში ყველაზე დიდი საავადმყოფო იწვის) გაავრცელეს. იგივე ვიდეო პირველ აპრილს მთავარი არხის გვერდმა თავისივე ჯგუფში (მთავარი არხი TV) იმავე აღწერით გამოაქვეყნა. ასევე გაავრცელეს კლიკბაიტ საიტებმა viki.ge და sporto.ge. ამ კლიკბაიტ საიტებმა ვიდეოს კიდევ უფრო მძაფრი სათაურები დაურთეს - “ამ წუთებში ნიუ იორკში ყველაზე დიდი საავადმყოფო იწვის, სადაც ვირუსით ინფიცირებული ადამიანები წვანან !!”

""

""

""

რა დაიწვა ნიუ-იორკში რეალურად?

ვიდეო ავთენტურია, თუმცა ის სოციალურ ქსელებსა და ონლაინ მედიაში მანიპულაციურად გაშუქდა. აღწერამ, თითქოს ცეცხლი საავადმყოფოს გაუჩნდა, მკითხველი და ფეისბუქის მომხმარებლები შეცდომაში შეიყვანა და კორონავირუსის კონტექსტში შიში გამოიწვია. პოსტების ქვეშ მომხმარებლები წერდნენ და ვარაუდობდნენ, რომ დამწვარ საავადმყოფოში კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტები იყვნენ განთავსებულები. 

31 მარტს, საღამოს  ნიუ-ორკში ხანძარი ნამდვილად გაჩნდა, თუმცა, რეალურად, ხანძარი არა საავადმყოფოს, არამედ საავადმყოფოსთან მდებარე საცხოვრებელ კომპლექსს გაუჩნდა. კერძოდ, ნიუ იორკში, ბრონქსში, ისტ მაუნტ ედენის ავენიუზე მდებარე “გრანდ ქანქორსის“ აპარტამენტი დაიწვა. ეს ინფორმაცია არაერთმა ამერიკულმა მედია საშუალებამ, მათ შორის, ნიუ-იორკ პოტი, NBC New York და CBS New York, გააშუქა. მიუხედავად იმისა, რომ შენობაში მყოფთა უმრავლესობის ევაკუაცია  სწრაფად მოხერხდა, ხანძარმა ოთხი ქალი იმსხვერპლა, მათ შორის დედა-შვილი. დაშავებულები მონტეფიორეს სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს.  New York Post-მა სტატიაში აღნიშნა, რომ საავადმყოფოსთან ახლოს საცხოვრებელი სახლის მდებარეობამ სოციალურ ქსელებში შიში გამოიწვია, თითქოს ხანძარი საავადმყოფოს გაუჩნდა.

Google Map-ის მიხედვით, ბრონქსის საავადმყოფო კომპლექსი მოპირდაპირე მხარეს მდებარეობს, რამაც ცეცხლის გაჩენის ადგილის შესახებ მანიპულაციებს დაუდო საფუძველი.

""

"
 


მოამზადა თეონა სეხნიაშვილმა
მითების დეტექტორის ლაბორატორია