İdentlik

ანტილიბერალური გვერდი ლონდონში ჰომოფობიის ზრდას რელიგიურ უმცირესობებს ხელოვნურად უკავშირებს 

14 January, 2020

10 იანვარს ანტილიბერალურმა გვერდმა “ალტ-კლუბი" გამოაქვეყნა ლონდონში ჰომოფობიური დანაშაულების მატების სტატისიკა და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების ზრდა ქვეყანაში რადიკალურ რელიგიურ ჯგუფებს დაუკავშირა.

ალტ-კლუბი: “ანუ, რეალობა გვიჩვენებს, რომ ლიბერალიზაცია არათუ ვერ უზრუნველყოფს სექსუალური უმცირესობების დაცულობის ზრდას, არამედ ლიბერალიზაციის შედეგად ძლიერდებიან და უკონტროლოები ხდებიან რადიკალური რელიგიური უმცირესობები, რომლებიც საფრთხეს უქმნიან როგორც ამ სექსუალურ უმცირესობებს, ისე ზოგადად აუარესებენ კრიმინოგენულ ვითარებას და ანგრევენ ქვეყნის სტაბილურობას.მოკლედ, იმედი ნუ გაქვთ ლიბერალებს, რომ ლიბერალიზაცია მოხდება და ამით საფრთხეები მოგეხსნებათ, პირიქით, ლიბერალიზაციის შედეგად უხვად შემოსული რადიკალი ისლამისტები კონტროლი შეუძლებელი გახდება და თქვენი უსაფრთხოება მერე მართლა დადგება სერიოზული პრობლემების წინაშე.”

"

ალტ-კლუბი ლონდონში ჰომოფობიური დანაშაულების სტატისტიკის ზრდას ბრიტანეთში მცხოვრებ რელიგიურ უმცირესობებს, კერძოდ კი მუსლიმებს ხელოვნურად უკავშირებს. სინამდვილეში, ბრიტანეთში დაფიქსირებული ჰომოფობიური დანაშაულების რაოდენობის გაზრდა, ძირითადად 2 ფაქტორს უკავშირდება: 1. პოლიციის მიერ ამ ტიპის დანაშაულთა იდენტიფიცირებისა და აღრიცხვის მეთოლოგოგიის გაუმჯობესებას და 2. მოქალაქეების მიერ ამ დანაშულის პოლიციისთვის შეტყობინების რაოდენობის გაზრდას. ამასთან, სტატისტიკურად, 2018-2019 წლებში ტრანსგენდერების წინააღმდეგ სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების 71% თეთრკანიანი მოქალაქეების მიერაა ჩადენილი, ხოლო სექსუალური ორიენტაციით მოტივირებული დანაშაულების 53,6%-ში ბრალდებული ასევე თეთრკანიანია. 

Statista-ს მონაცემების თანახმად, 2019 წელს სიძულვილით მოტივირებულმა დანაშაულებმა ინგლისსა და უელსში რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. თუმცა, გაერთიანებული სამეფოს შინაგან საქმეთა ოფისის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში ვკითხულობთ, რომ  ამ ფაქტს ორი შესაძლო ახსნა შეიძლება ჰქონდეს:  1. პოლიციის ორგანოებმა გააუმჯობესეს ჰომოფობიური მოტივით ჩადენილი დანაშაულების იდენტიფიცირებისა და აღრიცხვის მეთოდები, 2. სულ უფრო მეტი ადამიანი მიმართავს პოლიციას და ატყობინებს ასეთი ტიპის ინციდენტებს. თუმცა, უწყება არ გამორიცხავს, რომ საქმე რიცხოვნობის ნამდვილ გარზდასთანაც გვქონდეს. 

მიუხედავად ამისა, ბრიტანეთის შინაგან საქმეთა ოფისის კვლევაში ჰომოფობიით მოტივირებული დანაშაულების სტატისტიკის ზრდა რელიგიურ ან ეთნიკურ უმცირესობებს არ უკავშირდება. მეტიც, ქალაქ ლონდონის მერის ოფისის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2018-2019 წლებში ტრანსგენდერების წინააღმდეგ სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების 71% თეთრკანიანი მოქალაქეების მიერაა ჩადენილი, ხოლო სექსუალური ორიენტაციით მოტივირებული დანაშაულების შემთხვევაში თეთრკანიანი ეჭვიტანილების რაოდენობა 53,6%-ს შეადგენს. 

""
ინფოგრაფიკა: london.gov.uk

სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის ჩამდენთა ეთნიკური წარმომავლობის შესახებ დეტალური მონაცემების ხილვა ბრტანული ორგანიზაცია დემოსისა და სასექსის უნივერსიტეტის ერთობლივ კვლევაშია შესაძლებელი

კვლევის თანახმად, 2014-2016 წლებში სექსუალური ორიენტაციის მოტივით ჩადენილ დანაშაულებში ბრალდებული პირების 44% - თეთრკანიანი ბრიტანელია, 5,6% თეთრკანიანი ირლანიდელი, 12,8% სხვა თეთრკანიანი. 

"
ინფოგრაფიკა: demos.co.uk