İdentlik

ვინ აზიანებს რეალურად “ცხინვალის ეკლესიას” - საბერძნეთის თუ რუსეთის ეკლესია?

8 Noyabr, 2019

რას ვერ ხედავს თარხან-მოურავი?

2019 წლის 1 ნოემბერს საქართველოს პატრიოტთა ალიანსის ლიდერმა დავით თარხან-მოურავმა ობიექტივის ღამის სტუდიის ეთერში საქართველოს საპატრიარქოში მიმდინარე მოვლენებსა და ზოგადად ეკლესიის გამოწვევებზე ისაუბრა. საუბრისას ის ცხინვალსაც შეეხო და აღნიშნა, რომ იგეგმება ცხინვალის ეკლესიის საბერძნეთთან მიერთება და დედა ეკლესიისგან (საქართველო) მიტაცება, რაშიც ამერიკაცაა ჩართული.

დავით თარხან-მოურავი, პატრიოტთა ალიანსი: “ამერიკის საელჩომ არ იცის რა ხდება?! რა თქმა უნდა იცის. ეხლა რომ ნიშნავს  სპეც. წარმომადგენელს ვიღაცას ეკლე... ეკლესიას რა საქმე აქვს ამერიკის სპეც. წარმომადგენლებთან?! მაგრამ ზუსტად ეგეთივე რამე საბეძნეთში გააკეთეს. ეხლა საბერძნეთმა ჯერ უკრაინა აღიარა... ეხლა დაიწყო ცხინვალზე ლაპარაკი, რომ ეს არის დამოუკიდებელი ეპარქია და საბერძნეთთან უნდა გადავიდეს. აი, ზუსტად მე ვიძახდი, რომ სოხუმში და ცხინვალშიც მოხდება იგივე. ეხლა დაიწყება იმათი მოტაცება დედა ეკლესიიდან, რომ თავისთან გადაიყვანონ, თავის დაქვემდებარებაში. აი, ამას შვება სწორედ ეს ხალხი და ეს ორგანიზაციები…”

თარხან-მოურავის განცხადება, თითქოს საბერძნეთის ეკლესია ცხინვალს დამოუკიდებელ ეპარქიად აღიარებს და შემდეგ მიიერთებს, კონსპირაციის თეორიაა. ერთადერთი ეკლესია, რომელმაც მიიტაცა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი რუსეთის საპატრიარქოა, რომელიც თავის გავლენას ამ კონკრეტულ ტერიტორიაზე დღესაც აძლიერებს.

საბერძნეთის ეკლესია საქართველოს ეკლესიას კანონიერ საზღვრებში აღიარებს

საბერძნეთის ეკლესია საქართველოს ეკლესიას იმ საზღვრებში აღიარებს, რომელიც თავად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას აქვს დადგენილი. გარდა ამისა, საბერძნეთის ეკლესია დამოუკიდებლად ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას, რადგანაც სახელმწიფო ეკლესიის სტატუსით სარგებლობს და საჭიროა სახელმწიფოსგანაც იყოს აღიარებაზე მზაობა. 

როგორც მამა ლეონიდე (მღვდელ-მონაზონი, აღმოსავლურ საეკლესიო მეცნიერებათა დოქტორანტი) მითების დეტექტორთან აღნიშნავს, ელადის ეკლესიას საქართველოსთან საკმაოდ კარგი და მეგობრული დამოკიდებულება აქვს. მისი ფინანსური მხარდაჭერით ათეულობით ქართველი სტუდენტი იღებს უმაღლეს განათლებას საბერძნეთის უნივერსიტეტებში.

მამა ლეონიდე: “ელადის ეკლესია მხარში უდგას საქართველოსა და ქართველ ხალხს და სრულად აღიარებს საქართველოს საპატრიარქოს კანონიკურ იურისდიქციას, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზეც. მინიმუმ უცოდინარობაა იმაზე საუბარი, რომ საბერძნეთის კანონიკური ეკლესია დაიწყებს ოსეთის ეკლესიის რაიმე სახით აღიარებაზე ფიქრს, თუნდაც იმიტომ, რომ ელადის ეკლესია წარმოადგენს საბერძნეთის კონსტიტუციურ ორგანოს, შესაბამისად უპირველეს ყოვლისა საჭიროა რომ საბერძნეთის ხელისუფლებამ აღიაროს ცხინვალის დამოუკიდებლობა, რათა ეკლესიამაც დაიწყოს ამაზე მსჯელობა, რაც რა თქმა უნდა არარეალურია. “

ერთადერთი ეკლესია რომელმაც ე. წ. ალანიის ეკლესია სცნო ხრიზოსტომოსის სინოდია, რომელსაც საბერძნეთის ეკლესია ლეგიტიმურად საერთოდ არ აღიარებს

  • რუსეთის ეკლესია და ცხინვალი

2003 წელს ე. წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ალანიის ეპარქია შეიქმნა და ის 2008 წლის ომამდე დამოუკიდებლად ფუნქციონირებდა. 2008 წლის შემდგომ რუსეთის ეკლესიის ჩარევა ამ კონკრეტულ ეპარქიაში გაიზარდა, რასაც ე. წ. სამხრეთ ოსეთის დეფაქტო ხელისუფლების რუსეთთან უფრო აქტიურად თანამშრომლობაც განაპირობებდა.

სწორედ რუსეთის ეკლესიაა ის ძალა, რომელიც ცდილობს ცხინვალის ეკლესია დედა ეკლესიას ჩამოაშოროს და ამას სხვადასხვა ნაბიჯებით ახორციელებს:

  • რუსეთის ეკლესია  აშენებს ახალ ტაძრებს ოკუპირებული ცხინვალის ტერიტორიაზე.

2016 წლიდან ცხინვალში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია დიდ ტაძარს აშენებდა, რომელზეც 50 მილიონი რუბლი დაიხარჯა. 2017 წელს ტაძარი ვლადიკავკაზისა და ჩრდილოეთ ოსეთის ეპისკოპოსმა ლეონიდმა მოინახულა და აღნიშნა

„დღეს მქონდა ეკლესიის დათვალიერების შესაძლებლობა. გუმბათი და სამრეკლო უკვე აღმართულია. ტაძარი 58-ე არმიას ეკუთვნის. მას რუსეთის სამხედრო მოსამსახურეები, მესაზღვრეები და რუსეთის საელჩოს თანამშრომლები ეწვევიან ხოლმე. ტაძრის კარი, რა თქმა უნდა, ღია იქნება სამხრეთ ოსეთის ყველა მცხოვრებისთვის“

ახალი ეკლესია Google StreeT View-ს ხედით:

1

ტაძრის მშენებლობის დინამიკა

  • რუსეთის ეკლესიის პატრიარქი კირილე ხვდება ოკუპირებული ტერიტორიების ე. წ. ხელისუფლების ლიდერებს და არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს;
     
  • ცხინვალის რეგიონში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმი ქართული ეკლესიას ღვთისმსახურების ჩატარების შესაძლებლობას არ აძლევს;
     
  • ოკუპაციის შემდეგ, ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე ახალი სამხედრო ბაზები ქართული საეკლესიო ნაგებობების გვერდით აშენდა, რაც ამ ძეგლებისთვის პოტენციურ საფრთხეს წარმოადგენს.

ამის ერთ-ერთ მაგალითად “საერთაშორისო ლურჯი ფარის საქართველოს კომიტეტმა” “მითების დეტექტორს” დისევში კულბითის ღმრთისმშობლის ეკლესიისა და ძელიცხოველის ეკლესიების მაგალითი დაგვისახელა. როგორც Google Earth-ის სატელიტურ რუკაზე ჩანს, ეკლესიების გვერდით რუსეთის სამხედრო ობიექტი 2011 წლისთვის აშენდა და ქართულ საეკლეციო ძეგლებს საფრთხე შეუქმნა. ამის პარალელურად, სატელიტიდან ჩანს, რომ განადგურებულია თავად სოფელიც.

 

 

  • რუსეთის ეკლესია ქართულ ტაძრებს იერსახეს უცვლის

მაგალითად, XX საუკუნის გერის წმინდა გიორგის ეკლესიას ალანიის ეპარქიამ სარეაბილიტაციო სამუშაოები რუსი სპეციალისტების დახმარებით თვითნებურად ჩაუტარა. როგორც ლურჯი ფარის კომიტეტში აცხადებენ, ასეთი სამუშაოები ქართულ ძეგლებს იერსახეს უცვლის. 2019 წლის სექტემბერში სამხრეთ ოსეთის ე.წ. სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტომ გაავრცელა რეაბილიტაციის მიმდინარეობის ფოტოები, რომლებზეც ჩანს, რომ ეკლესია ახლა კრამიტით არის გადახურული. 

45

სგავსი შინაარსის მანიპულაციები კონსტანტინოპოლის მიერ უკრაინის ეკლესიის აღიარების შემდეგ აფხაზეთზეც ვრცელდებოდა, თითქოს უკრაინის შემდეგ კონსტანტინოპოლი აფხაზეთის ეკლესიის დამოუკიდებლობას აღიარებდა. რეალურად, როგორც ცხინვალის შემთხვევაში, ოკუპირებულ აფხაზეთშიც ეკლესიას რუსეთი სრულად აკონტროლებს. 

  1. რუსეთის საპატრიარქო საქართველოს პატრიარქის ტიტულს სრულად არ აღიარებს. ილია II-ის სრული წოდებიდან რუსეთის საპატრიარქო ტოვებს “ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის” წოდებას.
     
  2. ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მდებარე ყველა ტაძარს (ახალი ათონის მონასტრის გარდა) მოსკოვის საპატრიარქო აკონტროლებს.
     
  3. მოსკოვის საპატრიარქოს აფხაზეთის ტერიტორიაზე  მის მიერვე ნაკურთხი 15-მდე მღვდელი ჰყავს დადგენილი (ერთის გამოკლებით).
     
  4. აფხაზეთის ეპარქიას მაიკოპისა და ადიღეს რუსი ეპისკოპოსი მართავს.
     
  5.  ოკუპირებულ აფხაზეთში მდებარე ქართულ, მე-11 საუკუნის ილორის ტაძარს რუსული გუმბათი დაადგეს, ფასადები თეთრად გადაღებეს, ხოლო ქართული წარწერები შელესეს.
     
  6. აფხაზეთში, ბედიის ტაძარში არსებული ბაგრატ მესამის ერთადერთი ფრესკა განადგურდა.
     
  7. აფხაზეთში, დრანდის ტაძარში განადგურდა ძველი ემბაზი და ჩაიდგა მინი აუზი
     
  8. პოლიგონის მოწყობის მიზნით სოფელ წებელდაში განადგურდა VIII საუკუნის ეკლესია და ნამოსახლარი.
     

    მოამზადა ირაკლი იაგორაშვილმა
    მითების დეტექტორის ლაბორატორიის რეგიონული ქსელი