Siyasət

“იმედი” ტრამპს დემოკრატებისგან იცავს

17 Sentyabr, 2019

15 სექტემბერს გადაცემაში “იმედის კვირა” გავიდა სიუჟეტი, სახელწოდებით “ანტიტრამპისტების პოლიტიკა”, რომელიც 10 სექტემბერს თბილისში „ეკონომიკური კვლევის ცენტრისა“ და „მაკკეინის ინსტიტუტის“ და EPRC-ის მიერ ორგანიზებულ რიგით მეხუთე საერთაშორისო კონფერენციაზე “პატრიორთა ალიანსის” ლიდერის ირმა ინაშვილის მირ ღონისძიების ჩაშლის მცდელობას შეეხებოდა. სიუჟეტი მეტწილად კონფერენციაში მონაწილე საერთაშორისო დიპლომატებისა და ექსპერტების, კერძოდ კი დევიდ კრამერის, მეთიუ ბრაიზასა და კურტ ვოლკერის სტატუსსა და პოზიციებს, ასევე სენატორ ჯონ მაკკეინს შეეხებოდა.

მთლიანობაში სიუჟეტი მცდელობაა, სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის ცალკეული წარმომადგენლების კრიტიკა საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ პროცესთან მიმართებით ამერიკელ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს, კერძოდ ტრამპს შორის დაპირისპირებად წარმოაჩინონ. ამასთანავე, მაკკეინის ინსტიტუტის და  EPRC-ის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაზე ირმა ინაშვილთან დაკავშირებული ინციდენტი ცალმხრივად, პრორუსული პარტია “პატრიოტთა ალიანსის” პოზიციიდან არის გაშუქებული, სადაც “იმედი” არც პარტიის მიერ ამერიკის საელჩოსთან გამართულ საპროტესტო აქციაზე ამახვილებს ყურადღებას და არც ამ ორგანიზაციის კავშირებზე კრემლთან. 

    1. კრამერი, ბრაიზა, ვოლკერი - წინა ხელისუფლებასთან დაახლოებული ანტიტრამპისტები, რომელთა სახელები აშშ-ში არავის გაუგია

სიუჟეტის მთავარი ხაზი იყო, რომ კონფერენციაში მონაწილე საერთაშორისო ექსპერტები ერთი მხრივ ანტი-ტრამპისტები, მეორე მხრივ კი “ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან” და “ევროპულ საქართველოსთან” დაახლოებული პირები არიან, რომლებსაც აშშ-ში გავლენა არ აქვთ. ეს გზავნილი ჩანდა როგორც წამყვანის, ასევე სიუჟეტის ავტორის ტექსტშიც.
რეალურად, კონფერენციას მაღალი რანგის თანამდებობის პირები ესწრებოდნენ. კურტ ვოლკერი უკრაინაში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალური წარმომადგენელია. კონფერენციას ასევე ესწრებოდნენ ფილიპ რიკერი, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ლორა კუპერი, თავდაცვის მდივნის მოადგილე რუსეთის, უკრაინისა და ევრაზიის საკითხებში, ბროკ ბირმანი, USAID-ის ადმინისტრაციის თანაშემწე და სხვები.

იმის დასამტკიცებლად, რომ კრამერსა და ბრაიზას თავად ამერიკის შეერთებულ შტატებში პოლიტიკური გავლენა არ აქვთ, ჟურნალისტმა ამ თემაზე კომენტარი “ამერიკის ხმის” პოლიტიკის მიმომხილველ “ჯონ მალინას” სთხოვა. ინტერვიუს დასაწყისში ჟურნალისტი მიმომხილველს დევიდ კრამერის გვარს ახსენებს, თუმცა ინტერვიუში არ ჩანს კონკრეტულად რა შეკითხვა დაუსვა ჟურნალისტმა რესპონდენტს. 

ჯონ მალონი: “მეთიუ ბრაიზა, დევიდ კრამერი, მაიკლ კარპენტერი, კურტ ვოლკერი - პირველად მესმის ეს გვარები. ვერ ვიხსენებ ვერცერთ მათგანს. არ ვფიქრობ, რომ ისინი გავლენიანები არიან, წინააღმდეგ შემთხვევაში, აუცილებლდ მეცოდინებოდა მათ შესახებ.” (იმედის თარგმანი)


განახლება: 17 სექტემბერს "ამერიკის ხმის" ხელმძღვანელობა ტვ "იმედის" აღნიშნულ სიუჟეტს განცხადებით გამოეხმაურა, სადაც შეშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ მათი ჟურნალისტის პასუხი კონტექსტიდან ამოღებულად გაშუქდა. 

"ბატონი მალონი „ამერიკის ხმის“ გამოცდილი ჟურნალისტია, რომელიც ამერიკულ პოლიტიკას წლებია აშუქებს. ნებისმიერი მცდელობა, ამ ინტერვიუში მისი პასუხები ამოღებულ იქნას კონტექსტიდან იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს „ამერიკის ხმის“ ჟურნალისტების კალიბრს და კვალიფიკაციას, ან იმისთვის, რომ არასწორად იქნას გადაცემული „ამერიკის ხმის“ საქმიანობა საქართველოში ნებისმიერ სიახლესთან დაკავშირებით, ღრმად შემაშფოთებელია," ნათქვამია განცხადებაში. 


"

“ჯიმ მალინას” სახელით ამერიკის ხმის პოლიტიკური კომენტატორი არ იძებნება, თუმცა ფოტოების საძოებო სისტემა “ამერიკის ხმის” საიტს პოულობს, სადაც მითითებულია, რომ აღნიშნული რესპონდენტი ჯიმ მალონი (Jim Malone) - “ამერიკის ხმის” ნაციონალური კორრესპონდენტი.

"

თავად ამერიკის ხმის საიტზე ბრაიზას, კრამერის, კარპენტერის თუ ვოლკერის შესახებ არა ერთი მასალა იძებნბა.

""

""

  2. დევიდ კრამერი - ანტიტრამპისტი, რომელიც მედიაში ტრამპის და რუსეთის კავშირებზე ცილისწამებებს ტირაჟირებს

სიუჟეტის ავტორი ტრამპის შესახებ ე.წ. “რუსულ დოსიესაც” ახსენებს და აღნიშნავს, რომ მიულერის გამოძიებამ ტრამპის რუსულ კავშირებზე ბრალდებები სრულად გააქარწყლა. თუმცა ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ ამ ცილისწამებას ჯონ მაკკეინთან დაახლოებული დევიდ კრამერი სხვადასხვა გავლენიან მედია საშუალებებში მიზანმიმართულად ავრცელებდა. 

იმედი: “ე.წ. რუსული დოსიეს ავტორი ბრიტანელი კრისტოფერ სტილი იყო, სპეცპროკურორ მიულერის თითქმის ორწლიანმა გამოძიებამ კი სრულად გააქარწყლა ხმები ტრამპის რუსულ კავშირებზე და ახლა უკვე ამერიკულ მედიაში აქტიურად იწერება, რომ დემოკრატების მიერ დაფინანსებულ კრისტოფერ სტილის ცილისმწამებლურ მასალას მაკკეინთან ასოცირებული დევიდ კრამერი გავლენიან მედიასაშუალებებში მიზანმიმართულად ავრცელებდა.”

აღსანიშნავია, რომ ე.წ. “მიულერის ანგარიშზე” სიუჟეტი ცალმხრივია და მაყურებელს სრულ სურათს ამ გამოძიებასთან დაკავშირებით არ აწვდის. ევროკავშირის სტრატეგიული კომუნიკაციების სპეციალური ჯგუფის პროექტი EU vs. Disinfo მიულერის ანგარიშთან დაკავშირებული დეზინფორმაციული გზავნილების 22 შემთხვევას ითვლის. აქედან წამყვანი ნარატივია, თითქოს მიულერის გამოძიებამ ამერიკის არჩევნებში რუსეთის სისტემური ჩარევა არ დაადასტურა, მეორე მხრივ კი კრემლისტური მედიის მიერ განზრახ ხდებოდა ცნების “ტრამპის და რუსეთის საიდუმლო შეთანხმება (collusion” დამკვიდრება, თითქოს მიულერის ანგარიშმა ეს შეთანხმება ვერ დაადასტურა EUvsDisinfo-ს განმარტებით, ანგარიშში მკაფიოდ არის აღნიშნული, რომ რუსეთი აშშ-ის 2016 წლის არჩევნებში სისტემურად ერეოდა.

გზავნილი, რომ ტრამპი მოწინააღმდეგე დემოკრატების უსაფუძვლო თავდასხმების მსხვერპლია კრემლის მედიის ერთ-ერთი მთავარი ხაზია. 

"

"

"

  3. საქართველოში ამერიკის ელჩის დანიშვნის პროცესის გაჭიანურება დემოკრატების ბრალია, რომლებიც ტრამპის წინააღმდეგ ელჩების დანიშვნის პროცესს განზრახ ახანგრძლივებენ.

სიუჟეტი საქართველოში ამერიკის ელჩის დანიშვნის საკითხსაც ეხება. სიუჟეტის ავტორი სვამს კითხვას “რამდენად მართებულია ტრამპი ოპოზიციის მითითებით წყდებოდეს არა მარტო ის, თუ რომელი პოლიტიკური ფიგურა უნდა ესწრებოდეს კონფრენციას, არამედ ის, თუ ვინ უნდა იყოს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში?”

მაკკეინის ინსტიტუტის კონფერენციას აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე დენიელ ფრიდიც ესწრებოდა, რომელმაც IPN-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ “ქართულმა ოცნებამ” ამერიკის ელჩად ბრიჯიტ ბრინკის კანდიდატურა პოლიტიკური ნიშნით დაბლოკა. ამის შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ 2018 წლის დეკემბერში გავრცელდა, როდესაც გავლენიანმა გამოცემა Foregin Policy-მა დაბეჭდა, რომ ქართული მხარე ბრინკსის კანდიდატურას იმიტომ ბლოკავდა, რომ ის “ზედმეტად პრო-სააკაშვილური” იყო.  ფრიდის განცხადებას ამ საკითხის მიმართ მედიის დაინტერესება და პოლიტიკოსებისა და მიმომხილველების შეფასებები მოჰყვა. თუმცა ამ საკითხზე “იმედის კვირის” სიუჟეტში კრიტიკული შეკითხვები არ გაჟღერებულა. მეტიც,  საქართველოში აშშ-ის ელჩის დანიშვნის გაჭიანურების საკითხი ტრამპის მოწინააღმდეგე დემოკრატებს დაბრალდა.

იმედი: “ტრამპის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკას სენატში დემოკრატები დიდი ხანია აფერხებენ და ხელოვნურ საგარეო კრიზისს ქმნიან. ამერიკის გავლენიანი მედიასაშუალებები ასეევ აქტიურად წერენ, თუ როგორ ებრძვიან დემოკრატები სენატში ტრამპის საგარეო პოლიტიკას და აფერხებენ ელჩების დადასტურების საკითხს მთელ რიგ სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქვეყნებში."

   4. დევიდ კრამერი და ირმა ინაშვილი

სიუჟეტში ასევე ცალმხრივად არის გაშუქებული კონფერენციაზე ირმა ინაშვილთან დაკავშირებული ინციდენტი. სიუჟეტის ავტორი აღნიშნავს, რომ დევიდ კრამერმა “პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ირმა ინაშვილი და მასთან ერთად ქართული მედიაც კონფერენციაზე არასასურველ სტუმრად მიიჩნია და ფაქტობრივად დარბაზიდან მათი გაძევება სცადა.”

ამ ეპიზოდში მაყურებელს არ მიეწოდა ინფორმაცია ინციდენტის დაწყებისა და სრული კონტექსტის შესახებ. სიუჟეტის ავტორი არ აღნიშნავს იმ ფაქტს, რომ ირმა ინაშვილი კონფერენციაზე დაუპატიჟებლად მივიდა და მისი ჩაშლა სცადა. ასევე აღსანიშნავია, რომ სიუჟეტის ავტორი ირმა ინაშვილის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილედ მოიხსენიებს და არ აღნიშნავს, რომ ირმა ინაშვილი ღიად პრო-რუსული პარტია “პატრიორთა ალიანსის” ლიდერია და კონფერენციის საპასუხოდ დავით თარხან-მოურავთან ერთად 15 სექტემბერს ამერიკის საელჩოს წინ ანტი-დასავლური აქცია გამართა.

    5. ჯონ მაკკეინის დისკრედიტაციის მცდელობა

მაკკეინის ინსტიტუტისა და კონფერენციაში მონაწილე მიმომხილველების დისკრედიტაციის მიზნით “იმედის კვირის” სიუჟეტში თავად ჯონ მაკკეინის ფიგურა არის შეფასებული. სიუჟეტში მაკკეინის შესაახებ ორი, მსგავსი შინაარსის კომენტარია მოცემული. ერთი კომენტარი დონალდ ტრამპს ეკუთვნის, რომელსაც მაკკეინის სამხედრო წარმატებებში ეჭვი შეაქვს. მეორე კომენტარი კი ქართველ ანალიტიკოსს ნუკრი შოშიაშვილს ეკუთვნის, რომელიც მაკკეინის მიდგომებსა და პოზიციებს აფასებს და ამბობს, რომ მას “ნეოიმპერიალისტურს”, “აგრესიულს” და “ნეოლიბერალური წესრიგის მომხრეს” უწოდებენ.

სიუჟეტი ჯონ მაკკეინის სამხედრო კარიერისა თუ პოლიტიკური შეხედულებების შესახებ მაყურებელს მხოლოდ მაკკეინის ტყვედ ჩავარდნის შესახებ ტრამპის ცინიკურ და დამამცირებელ კომენტარს სთავაზობს. 

   6. ტრამპის მოწინააღმდეგე ექსპერტები vs. საქართველოს მეგობარი ტრამპი

სიუჟეტის დასასრულს ჟურნალისტი საქართველოსა და აშშ-ის შორის სტრატეგიულ პარტნიორობაზე საუბრობს. მისი თქმით, ამ ორ ქვეყანას შორის პარტნიორობამ პიკს სწორედ ტრამპის ადმინისტრაციის პერიოდში მიაღწია, რის ერთ-ერთი მაგალითიც საქართველოსთვის ჯაველინების მიყიდვაა. სიუჟეტი მთავრდება იმ მთავარი ხაზით, რომლითაც ის დაიწყო - კონფერენციაში მონაწილე ექსპერტები სინამდვილეში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” და “ევროპული საქართველოს” მოკავშირეები არიან, რომელთა მეორე მხარესაც დგას დონალდ ტრამპი - ოფიციალური პირი, რომელიც ქართველების პოლიტიკურ არჩევანს სცემს პატივს. 


მოამზადა სოფო გელავამ