Müxtəlif

როგორ მაქცია რუსულმა საიტმა პაპილომასთან მებრძოლ ყალბ ,,ვუნდერკინდად ”

16 Sentyabr, 2019

2019 წლის 9 სექტემბერს (სტატიის გამოქვეყნების თარიღი ყოველდღიურად იცვლება) რუსულენოვან ვებ-გვერდზე pressa-segodnya.online გამოქვეყნდა სტატია, სათაურით  ,,სტუდენტმა ვუნდერკინდმა საქართველოდან პაპილომა ვირუსისა და პარაზიტების მკურნალობის მეთოდის აღმოჩენისათვის ქვეყნის უმაღლესი სამედიცინო ჯილდო მიიღო” (Студент-вундеркинд из Грузии получил высшую медицинскую награду страны за открытие способа лечения вируса папиллом и паразитов). სტატია ქართველ სტუდენტზე ლევან გურაშვილზეა, რომელმაც თითქოს პაპილომა ვირუსის განკურნების უნიკალური მეთოდები აღმოაჩინა. მასალაში ვკითხულობთ, რომ 2019 წლის გაზაფხულზე ევროპულ პარაზიტოლოგთა კონგრესზე ლევანის წარმოდგენილმა აღმოჩნენამ ყველა გააკვირვა და უამრავი შეთავაზების წინაპირობა გახდა. სტატიას ახლავს ფოტო, რომელზეც გამოცემის თანახმად, ლევან გურაშვილია გამოსახული.

"

სტატია ორი ნაწილისგან შედგება: 

პირველი ნაწილი ლევან გურაშვილის ინტერვიუს ეთმობა, სადაც „ახალგაზრდა მეცნიერი“ საკუთარი მიღწევების შესახებ საუბრობს, თუმცა არაფერია ნახსენები იმ მედიკამენტის დასახელებაზე, რომელიც მან შექმნა. 

სტატიის მეორე ნაწილში მთავარ გმირად „ცნობილი ქართველი პარაზიტოლოგი და მეცნიერებათა დოქტორი“ მარიამ კოხრეიძე გვევლინება, რომელიც სტატიის მიხედვით, ლევანსა და ჯანდაცვის სამინისტროს შორის, შუამავალ პირს წარმოადგენს. კოხრეიძე ასახელებს მედიკამენტს ,,Detoxic”, რომელიც სტატიის თანახმად, ლევან გურაშვილმა შექმნა.  

"

"

სტატიის ბოლოს  კმაყოფილი მომხმარებლების კომენტარებს ვკითხულობთ. სტატიაში ასევე გვხვდება ღილაკი, რომელიც აღნიშნული მედიკამენტის 50%-იანი ფასდაკლებით ონლაინ გამოწერის საშუალებას გაძლევთ.

სტატია სავარაუდოდ clickbait საიტმა გაავრცელა, რომელიც სენსაციური სათაურით მკითხველის მიზიდვას და საიტზე ,,დაკლიკვით” თანხის გამომუშავებას ცდილობს. მასალაში გამოყენებული 3 ფოტო გაყალბებულია და სრულიად სხვა პიროვნების იდენტობას იპარავს: არც ,,ვუნდერკინდია” ლევან გურაშვილი, არც ტვ ,,მაესტროს” ჟურნალისტს აქვს შეხება პაპილომას ვირუსთან და არც ქართველი პარაზიტოლოგი მარიამ კოხრეიძეა ასახული სურათზე. 

ვინ არიან ,,ვუნდერკინდი” ლევან გურაშვილი, მარიამ კოხრეიძე და რა კავშირი აქვს ტვ ,,მაესტროს” ჟურნალისტს პაპილომას ვირუსთან?

სტატიაში გამოქვეყნებულ მთავარ ფოტოზე ასახული ადამიანი, რომელიც წესით ლევან გურაშვილი უნდა იყოს, ვარ მე, გიორგი ორკოდაშვილი, ,,მითების დეტექტორის” ლაბორატორიის კუსრდამთავრებული. სტატიაში გამოქვეყნებული ფოტო, გადაღებულია 2018 წლის 12 მაისს, სკოლის დაჯილდოვების ცერემონიის შემდეგ, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნებრასკის ქალაქ ფრიმონტში. რეალურ ფოტოზე ხელში სკოლის დიპლომი მიჭირავს, მაგრამ საეჭვო რუსული ვებ-გვერდის გადაწყვეტილებით, ჩემი სკოლის დიპლომი „ლევან გურაშვილის” მიერ “აღმოჩენილი“ მედიკამენტის „Detoxic” გამოსახულებით ჩანაცვლდა. გარდა ამისა, სტატიაში გამოქვეყნებულ ფოტოზე გამქრალია სკოლის მიერ მომზადებული ჩემი პოსტერი, რომელიც, სკოლისა და ჩემი სახელის იდენტიფიკაციის საშუალებას იძლევა.

სტატიაში გამოქვეყნებული ფოტო:

"

რეალური ფოტო: 

"

სხვა გაყალბებული იდენტობები

სტატიაში ასევე მოხსენიებულია „ცნობილი ქართველი პარაზიტოლოგი და მეცნიერებათა დოქტორი“ მარიამ კოხრეიძე. მითითებული ფოტოს  გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ სინამდვილეში ფოტოზე მოსკოვში მოღვაზე მეან-გინეკოლოგი ზარემა მურთუზალიევაა გამოსახული. ზარემა მურთუზალიევას ექიმობას მოწმობს რამდენიმე წყარო, მათ შორის meds.ru, rdoctor.ru და med-otzyv.ru.  

სტატიაში გამოქვეყნებული ფოტო: 

"

რეალური ფოტო:

"

სტატიაში ასევე მოცემულია ფოტო ერთ-ერთი ტელეგადაცემიდან, სადაც წამყვანი ჩანს. ფოტოზე გამოსახული ტელეკომპანია “მაესტროს” ჟურნალისტი ნათია გოგოლაშვილი, რომელმაც “მითების დეტექტორთან” საუბრისას განაცხადა, რომ არც ტელეკომპანია “მაესტროსა” და არც ნათია გოგოლაშვილს პაპილომას საწინააღმდეგო პრეპარატისა და ლევან გურაშვილის წარმატების ისტორიის შესახებ ინფორმაცია არასოდეს გაუშუქებია. 

"

"

ტროლები კომენტარებში

სტატიის ქვემოთ ინტენრეტ-მომხმარებლები “გურაშვილის” მიერ “აღმოჩენილი” მედიკამეტის Detoxic-ის მიმართ კმაყოფილებას გამოხატავენ. მაგალითად, ერთ-ერთი მომხმარებელი, გურამ კავილაძე ამბობს:

“მივიღე დეტოქსიკი. მას ნამდვილად შესანიშნავი ეფექტი აქვს. თავს ახალგაზრდად და ჯანმრთელად ვგრძნობ. მედიკამენტის მიღების შემდეგ 8 თვე გავიდა, იმუნიტეტი შესამჩნევად გამიუმჯობესდა და მას შემდეგ არასდროს ვყოფილვარ ავად. ადრე ამაზე მხოლოდ ოცნება შემეძლო. ყველას გირჩევთ“

გადამოწმების შედეგად, აღოჩნდა, რომ ოთხი მომხმარებელი რეალური ადამიანი არ არის და სხვა მომხმარებლების იდენტობას იპარავს. შესაბამისად, ეს პირები ტროლები არიან. 

ტროლი

ვის იდენტობას იპარავს

წყარო

ჯონი ჯანაშია

ვიქტორ ჩალი

Vkontakte24.ru-ზე არსებული პროფაილი, რეალური ფოტოებით.
https://xn--24-6kchq2abwi5bc.xn--p1ai/viktor-chalyy-8088.html 

გურამ კივილაძე

სერგეი კუზმინი ვკონტაქტეს ანგარიში
https://vk.com/sergey.kuzmin

ნინო გაბისონია

ანასტასია ემილიანოვა https://vkfaces.com/vk/user/eae_bs

მანანა ხოჩავა

ლადოჩკა ბუდანოვა http://vkfaces.tk/vk/user/budanova88

"


რა არის clickbait?

Clickbait ვებ-გვერდები სენსაციური, შეცდომაში შემყვანი  სათაურებით და ვიზუალური ეფექტებით (ფოტო, ანიმაცია) მომხმარებლის ყურადღებას იქცევენ. რაც უფრო მეტია კლიკი, მით უფრო მატულობს ამა თუ იმ გვერდის აუდიტორია და შესაბამისად, გვერდის მიერ თანხის გამომუშავების ალბათობა. Pressa-segodnya.online - ვებ-საიტს, რომელზეც სტატია გამოქვეყნდა არ აქვს მთავარი გვერდი (homepage). მენიუში ნებისმიერი ღილაკის დაწკაპუნებას detoxic-pro-ს ვებ-გვერდზე გადავყავართ. გარდა იმისა, რომ ვებ-გვერდი clickbait-ს ჰგავს, მისი გამოყენება უსაფრთხოც არ არის და საშუალო რისკის შემცველ ვებ-გვერდებს მიეკუთვნება.

"

სტატიის მიზანი

სტატიის ბოლომდე წაკითხვისას, ცხადი ხდება, რომ სრული ტექსტი წარმოადგენს მედიკამენტ Detoxic-ის რეკლამას, რომლის გამოწერაც Detoxic.pro-ს ვებსაიტზეა შესაძლებელი. საიტის მიხედვით, პროდუქტის გამყიდველია შპს „სოლარისი“, რომელიც მოსკოვში მდებარეობს.  Zachestnyibiznes.ru-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, შპს „სოლარისი“ 2013 წელს დარეგისტრირდა, ხოლო 2017 წელს გაუქმდა.  შესაბამისად, ცხადი ხდება, რომ ერთი შეხედვით უწყინარი წარმატების ისტორიის მიღმა, ყალბ ინფორმაციასთან ერთად, პროდუქტის გაყიდვის მიზანი იმალება. 

იდენტური სტატიები სხვა გმირებით

რუნეტში ბევრი მსგავსი სტატია გვხვდება, მათ შორის, მაღალი წნევის საწინააღმდეგო მედიკამენტზე, რომელიც ყაზახმა სტუდენტმა გამოიგონა, და დიაბეტის საწინააღმდეგო წამალზე, რომლის შემქმნელიც რუსი სტუდენტია

აღნინული სტატიების სტრუქტურა და ვებ-საიტის დიზაინიც იდენტურია.  

სტატია ყაზახ სტუდენტზე:

"

სტატია ქართველ სტუდენტზე:

"

საინტერესოა, რომ მომხმარებლებს, რომლებიც ზემოაღნიშნული სტატიების ქვეშ კომენტარებს ტოვებენ, იდენტური ფოტოები აქვთ, მაგრამ განსხვავებული სახელებით სარგებლობენ. მაგალითისთის, გთავაზობთ ერთ-ერთი ტროლის კომენტარს სამივე სტატიაზე:

კომენტარი ქართველ ბიჭზე გამოქვეყნებულ სტატიაზე:

"
კომენტარი ყაზახ ბიჭზე გამოქვეყნებულ სტატიაზე:

"

კომენტარი რუს ბიჭზე გამოქვეყნებულ სტატიაზე:

"


მოამზადა გიორგი ორკოდაშვილმა
მითების დეტექტორის ლაბორატორია