Siyasət

გავრილოვის 4 ტყუილი

24 İyun, 2019

20 ივნისს მართლმადიდებლობის საერთაშორისო ფორუმის სხდომის ჩაშლის შემდეგ მოსკოვში დაბრუნებულმა რუსეთის დუმის დეპუტატმა კომუნისტური პარტიიდან  სერგეი გავრილოვმა სხდომის ჩაშლისა და მიმდინარე აქციების შესახებ კრემლის მედიაში 4 ტყუილი გაავრცელა.

ტყუილი 1: სერგეი გავრილოვს საქართველოს წინააღმდეგ არ უბრძოლია

22 ივნისს НТВ-სთან ინტერვიუში გავრილოვმა განაცხადა, თითქოს ქართულმა მედიებმა მის შესახებ ყალბი ინფორმაცია გაავრცელეს და მას საქართველოს წინააღმდეგ არასდროს უბრძოლია. მან ეს საკითხი სამხედრო ჭრილში განიხილა და აღნიშნა, რომ საქართველოს წინააღმდეგ ხელში იარაღი არ აუღია.

სერგეი გავრილოვი, რფ დუმის დეპუტატი კომუნისტური პარტიიდან: “საქართველოში ჩასვლისთანავე რამდენიმე არხს მივმართე და განვაცხადე, რომ არასდროს მიომია აფხაზეთში. საერთოდ არსად მიომია და ხელში იარაღი არ მჭერია. ცხელ წერტილებში სამშვიდობო მისიების ფარგლებში ვიმყოფებოდი, კონფლიქტების მსხვერპლს ჰუმანიტარულ დახმარებას ვუწევდი, მათ შორის სირიაში, კოსოვოში და ა.შ. ჩემი განხადება არცერთ ქართულ არხს გაუვრცელებია.”

ფაქტი 1: 2008 წლის 25 აგვისტო გავრილოვმა რუსეთის დუმაში აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობას მხარი დაუჭირა

2008 წლის აგვისტოს ომის დასრულებიდან რამდენიმე დღეში,  25 აგვისტოს რუსეთმა საქართველოს ოკუპირებული რეგიონები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა. სერგეი გავრილოვმა კენჭისყრაში მხარი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარებას დაუჭირა მხარი.

"

ტყუილი 2: მართლმადიდებლობის საერთაშორისო სხდომის ჩაშლა წინასწარ დაგეგმილი აქციაა, რომლის მიზანიც რუსეთთან ურთიერთობის გამწვავებაა

21 ივნისს Коммерсантъ-სთვის მიცემულ ინტერვიუში გავრილოვმა განაცხადა, თითქოს ფორუმის სხდომის ჩაშლა წინასწარ იყო დაგეგმილი. ამ პროცესების მიზანი კი რუსეთთან ურთიერთობის გამწვავება იყო.

ფაქტი 2: სხდომის ჩაშლა გავრილოვის მიერ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამის დაკავებამ გამოიწვია

სხდომის ჩაშლა და საპროტესტო აქციები წინასწარ დაგეგმილი არ ყოფილა და ის სპონტანურად  მოხდა. 20 ივნისს პარლამენტის სხდომათა დარბაზში პროდასავლური ოპოზიციის წევრებმა გავრილოვს პარლამენტის თავმჯდომარის სკამის დაკავების საშუალება არ მისცეს. ამის შემდეგ ინფორმაცია მედიასა და სოციალურ ქსელებში გავრცელდა, რასაც თბილისში საპროტესტო აქციები მოჰყვა. აქციების საპასუხოდ, ვლადიმირ პუტინმა რუსეთიდან საქართველოში პირდაპირი ფრენები გააუქმა, ხოლო საქართველოში მყოფ რუსეთის მოქალაქეებს ქვეყნის დატოვებისკენ მოუწოდა.

"

ტყუილი 3: ექსტრემისული ჯგუფები საქართველოში რუსული დელეგაციის წევრების მოკვლით იმუქრებოდნენ

Коммерсантъ-თან  ინტერვიუში გავრილოვმა ასევე განაცხადა, თითოქს “ექსტრემისტული ჯგუფები” რუსული დელეგაციის წევრების მოკვლით იმუქრებოდნენ.

ფაქტი 3: გავრილოვს საპროტესტო აქციის მონაწილეები კრემლის პოლიტიკის გამო აკრიტიკებდნენ და მოკვლით მას არავინ დამუქრებია

პარლამენტის დარბაზში ჩაშლილი სხდომის შემდეგ გავრილოვმა სასტუმრო “რადისონში” გადაინაცვლა, სადაც აქტივისტები მას პროტესტით დახვდნენ. გავრილოვმა სასტუმრო ასევე პროტესტის ფონეზე დატოვა, სადაც ანტი-კრემლისტური შეძახილები ისმოდა. მოხდა შეხლა-შემოხლა აქტივისტებსა და პოლიციას შორის, თუმცა დელეგაციის წევრებს პროტესტის მონაწილეები მოკვლით არ დამუქრებიან.

ტყუილი N4: საპროტესტო აქციები ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესშია

НТВ-სთან ინტერვიუში გავრილოვმა განაცხადა, თითქოს აღნიშნული პროცესები ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესშია, რომლის მიზანიც ხელისუფლებაში სააკაშვილის ავტორიტარული მმართველობის დაბრუნებაა. მისი თქმით, აშშ ადგილობრივ ხელისუფლებებზე ახდენს ზეწოლას, რათა მათ რუსეთთან ურთიერთობა გაწყვიტონ.

ფაქტი 4: კრემლის პროპაგანდა საზოგადოების პროტესტს ყველა ქვეყანაში ამერიკის ინტერესებს უკავშირებს

აღნიშნული გზავნილი კრემლის ნარატივია, რომელსაც პროპაგანდისტული ჯგუფები წლებია ავრცელებენ. კრემლის პროპაგანდა მსოფლიოს სხვადასხვა წერტილებში სახალხო პროტესტს ამერიკის შეერთებული შტატების ორგანიზებულად აცხადებს. ამავე ნარატივის ნაწილია ის გზავნილი, თითქოს აშშ სხვადასხვა ქვეყანაში დესტაბილიზაციასა და გადატრიალებებს უწყობს ხელს.

  • ვინ არის სერგეი გავრილოვი?

სერგეი გავრილოვი კომუნისტური პარტიის წევრი და რუსეთის დუმის დეპუტატია. ის საზოგადოებრივი და რელიგიური გაერთიანებების საკითხებზე კომიტეტის თავმჯდომარეა, მისი საქმიანობის ფოკუსი კი რელიგიაა. გავრილოვი ასევე არის ქრისტიანული ღირებულებების დაცვის ფრაქციათაშორისი ჯგუფის კოორდინატორი.

გავრილოვი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებს,  ამართლებს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას, ასევე ბაშარ ალ-ასადის მიერ სირიაში მოსახლეობის წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენებას.