Avropa İttifaqı

დეზინფორმაცია, თითქოს სომხეთი და საქართველო ევროკავშირისგან თანაბარ სარგებელს იღებენ

12 İyun, 2019

2019 წლის 4 ივნისს, პარტია “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერმა, დავით თარხან-მოურავმა, ობიექტივის ეთერში განაცხადა, რომ სომხეთი ევროკავშირის “ასოცირებული წევრია” და ისეთივე სარგებელს იღებს ამ თანამშრომლობით, როგორსაც საქართველო.

დავით თარხან მოურავი:  ეხლა სომხეთმა უთხრა ევრაზიულ კავშირს და რუსეთს, რომ მე ორი ვექტორი მაქვს და ევროკავშირშიც უნდა გავწევრიანდე, წავიდა და გაწევრიანდა. ზუსტად ჩვენნაირი წევრია ევროკავშირის, ასოცირებული წევრი, ზუსტად, როგორც ჩვენ… სომხეთზე გამოვიდნენ და თქვეს, რომ ჩვენ ახლა ვცვლით ჩვენ ტაქტიკას, აღარ ვითხოვთ, იყოს ქვეყანა რუსეთთან ეკონომიკურ კავშირში, იყოს ევრაზიული კავშირის წევრი, სამხედრო ბლოკის წევრიც იყოს, მაინც ვღებულობთ ასოცირებულ წევრად... ესე იგი, სომხეთისთვის ევროკავშირმა შეცვალა პოლიტიკა, ასოცირებულ წევრად მიიღო.

დავით თარხან-მოურავის მტკიცება, თითქოს სომხეთი ევროკავშირის ისეთივე “ასოცირებული წევრია” როგორც საქართველო, დეზინფორმაციაა. “ასოცირებული წევრის” სტატუსი არ არსებობს, მოქმედებს მხოლოდ ასოცირების შესახებ შეთანხმება, რომელზეც სომხეთს ხელი არ მოუწერია და საქართველოსგან განსხვავებით ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის ხელშეკრულებით (DCFTA) ვერ სარგებლობს.

  • სომხეთი ევროკავშირის “ასოცირებული წევრი” არ არის. რას გულისხმობს ასოცირების შესახებ შეთანხმება?

“ასოცირებული წევრის” სტატუსი არ არსებობს, შესაბამისად სომხეთი ევროკავშირის “ასოცირებული წევრი” ვერ იქნება. რაც შეეხება ასოცირების ხელშეკრულებას, რომელიც ევროკავშირსა და პარტნიორ ქვეყანას შორის იდება, მოიცავს არაერთ სფეროს, მათ შორის ვაჭრობას და მასთან დაკავშირებულ საკითხებს. ასოცირების შესახებ შეთანხმება ითვალისწინებს ქვეყნის დაახლოებას ევროკავშირის კანონმდებლობასთან და ხელს უწყობს ევროპეიზაციის პროცესს. ხელმომწერი სახელმწიფო ევროკავშირის დახმარებით ატარებს რეფორმებს უსაფრთხოების პოლიტიკის, მართლმსაჯულების, დარგობრივი პოლიტიკის, ვაჭრობის და სხვა სფეროებში, რაც მიზნად ისახავს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და ისეთი საერთო ევროპული ფასეულობების განმტკიცებას, როგორიცაა ადამიანის უფლებების დაცვა, კანონის უზენაესობა, კორუფციასთან ბრძოლა და სხვა.

  • სომხეთს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე ხელი არ მოუწერია

2010 წელს სომხეთმა და ევროკავშირმა დაიწყეს მოლაპარაკებები ასოცირების ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, რომელიც ასევე მოიცავდა თავისუფალი ბაზრის შეთანხმებას. ოფიციალური ერევანი მზად იყო ხელშეკრულების ხელმოსაწერად, თუმცა მოლაპარაკებები 2013 წლის სექტემბერში შეწყდა, როდესაც სომხეთის იმჟამინდელმა პრეზიდეტმა, სერჟ სარქისიანმა ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში შესვლასთან დაკავშირებით გააკეთა განაცხადი, 2015 წლის იანვრიდან კი ოფიციალურად შეუერთდა. სომხეთის პოლიტიკური კურსის ცვლილების შესახებ ევროკავშირი წინასწარ არ იყო ინფორმირებული და სარქისიანმა გადაწყვეტილება მოულოდნელად მიიღო, მას შემდეგ რაც რუსეთის პრეზიდენტმა იგი პირდაპირ დაიბარა მოსკოვში და თავისი პირობები უკარნახა. ამ ფაქტით კარგად გამოჩნდა რუსეთ-სომხეთის ასიმეტრიული ურთიერთობები.

იქიდან გამომდინარე, რომ ასოცირების ხელშეკრულება ითვალისწინებს ასევე ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმებასაც (DCFTA), რომელიც, თავის მხრივ, გამორიცხავს ევრაზიული საბაჟო კავშირის წევრობას განსხვავებული სატარიფო წესების გამო, ევროკავშირსა და სომხეთს შორის ასოცირების ხელშეკრულება არ შედგა. სანაცვლოდ, 2017 წლის 24 ნოემბერს მხარეების მიერ ხელი მოეწერა ყოვლისმომცველი და გაძლიერებული პარტნიორობის ხელშეკრულებას (CEPA), რაც მსგავსია ასოცირების ხელშეკრულების პოლიტიკური ნაწილის, თუმცა არ მოიცავს ეკონომიკურ საკითხებს.

  • საქართველოსგან განსხვავებით სომხეთი DCFTA-ით ვერ სარგებლობს

როგორც ზემოთ აღინიშნა, ასოცირების შეთანხმება (AA) და ყოვლისმომცველი და გაძლიერებული პარტნიორობის ხელშეკრულება (CEPA) ერთმანეთისგან განსხვავდება, რადგან ეს უკანასკნელი არ მოიცავს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმებას (DCFTA). სომხეთი მოლდოვისგან, უკრაინისგან და საქართველოსგან განსვავებით ვერ იღებს სარგებელს DCFTA-სგან, რაც იმას ნიშნავს, რომ სომხური პროდუქცია ევროპის უმსხვილეს ბაზარზე საბაჟო მოსაკრებლის გარეშე ვერ გავა.

აშშ-ის შემდეგ ევროკავშირის ბაზარი მსოფლიოს რიგით მეორე ყველაზე მსხვილი ბაზარია, რომელიც 500 მილიონ მომხმარებელს აერთიანებს და $19 ტრილიონამდე მთლიან შიდა პროდუქტს ითვლის. შედარებისთვის, ევრაზიული საბაჟო კავშირში 180 მილიონი მომხმარებელია, ხოლო მთლიანი შიდა პროდუქტი $1.8 ტრილიონია.

DCFTA-ს ხელმომწერი ქვეყნები ევროკავშირის 4 თავისუფლებით სარგებლობენ, მათ შორის ერთი უვიზო რეჟიმს და ადამიანების თავისუფალ გადაადგილებას ეხება, ხოლო უშუალოდ DCFTA-ს ფარგლებში საქართველო მოლდოვასთან და უკრაინასთან ერთად სარგებლობს საქონლის, მომსახურების და კაპიტალის თავისუფალი გადაადგილებით.


მოამზადა მაიკო რატიანმა