Müxtəlif

დეზინფორმაცია, თითქოს პოლონეთი ჰიტლერს მემორიალს უშენებს

15 May, 2019

2019 წლის 7 მაისს სპუტნიკ-საქართველოს რუსულენოვან ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა რუსი მიმომხილველის, არმენ გასპარიანის ვიდეო, რომელშიც ის პოლონეთს სტალინის მხრიდან მიწების ჩუქებას ახსენებს და აღნიშნავს, თითქოს პოლონეთი “მადლობის ნიშნად” ჰიტლერის მემორიალის მშენებლობას აპირებს.

არმენ გასპარიანი: “სტალინი ჭკვიანი კაცი იყო და ესმოდა, რომ, თუ სადმე გერმანული სული აღორძინდებოდა, ეს აღმოსავლეთ პრუსიის ტერიტორიაზე იქნებოდა. ხოდა, აღმოსავლეთ პრუსიის ტერიტორია ცოტა უნდა შემცირებულიყო, რომ სულსაც ნაკლები გასაქანი ჰქონოდა. მაგრამ აი, ამ, მოუხარშავი საპნის შთამომავლებმა [პოლონელები] ყველა პროგნოზს გადააჭარბეს - ისინი ფიურერს მემორიალს უშენებენ... პოლონელები ამ ადგილზე [„მგლის ბუნაგი“] ადოლფ ალოიზის ძე ჰიტლერის მემორიალს აშენებენ... “

გასპარიანის განცხადება მანიპულაციაა. საქმე ეხება პოლონეთში “მგლის ბუნაგის” რეკონსტრუქციას, რომელიც ჰიტლერის ერთ-ერთ ბუნკერს წარმოადგენდა. “მგლის ბუნაგი” მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლია და მისი განახლება საგანმანათლებლო მიზნებით იგეგმება. გასპარიანი ამ ფაქტით ინტერპრეტირებს და ცდილობს პოლონელები ნაციზმის მხარდამჭერებად წარმოაჩინოს.

ჰიტლერის ბუნკერი ”მგლის ბუნაგი” ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლია პოლონეთში. როგორც დოიჩე ველე და სმითსონიანის ინსტიტუტი წერენ, “მგლის ბუნაგი” საგანმანათლებლო ცენტრად და მუზეუმად გადაკეთდება. ისტორიკოსების თქმით, “მგლის ბუნაგის” რეკონსტრუქციის მიზანი მისი დანიშნულების შეცვლაა, რომელიც დიდი ხანია ტურისტებისათვის “ამაზრზენი გართობის” ადგილად იქცა.

New York Times-სთვის 2012 წელს მიცემულ ინტერვიუში ვარშავის აჯანყების მუზეუმის დირექტორი იან ოლდაკოვსკი ამბობს, რომ “მგლის ბუნაგი” მნახველებისთვის “გროტესკულ დისნეილენდად” გადაიქცა. იმავე სტატიაში პოლონეთის კულტურის სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ “მგლის ბუნაგის” რეკონსტრუქციის მიზანია, დაანახოს ადამიანებს თუ “როგორ შეუძლია საზოგადოებების გამრუდება ისეთ იდეოლოგიებს, როგორიც ნაციზმია”.

როგორც “მგლის ბუნაგის” მემორიალური ძეგლის სპიკერი, სებასტიან ტრაპიკი აცხადებს, 2019 წელს პრიორიტეტი იმ ოთახის რეკონსტრუქციას მიენიჭება, რომელშიც კლაუს ფონ შტაუფენბერგმა ჰიტლერის აფეთქება სცადა. რეკონსტრუქციის პროექტით ასევე გათვალისწინებულია მუზეუმის, საგამოფენო დარბაზების და სხვა ღისშესანიშანობების მოწყობა.


მოამზადა ანა ებანოიძემ
მითების დეტექტორის ლაბორატორია