NATO

“პატრიოტთა ალიანსის” დეზინფორმაცია, თითქოს ავღანეთის მისიაში NATO-ს წევრი ქვეყნები არ მონაწილეობენ

23 Aprel, 2019

2019 წლის 17 აპრილს ტელეკომპანია “ობიექტივის” გადაცემა “დღის ბოლოს” ეთერში დავით თარხან-მოურავმა, პარტია “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერმა, განაცხადა, რომ  NATO-ს ავღანეთის მისიაში საქართველოს ათასობით ჯარისკაცი მონაწილეობს მაშინ, როცა NATO-ს წევრი ქვეყნები იქ ჯარისკაცებს არ აგზავნიან.

დავით თარხან-მოურავი: “ყველაზე დიდი დარტყმა რაც საზოგადოებისთვისაა, რაც გაიგო საზოგადოებამ რა არი? რომ აქამდე ჩვენ ვიცოდით, რომ ჩვენ ვაგზავნით ჩვენ ჯარისკაცებს, ქართველ ჯარისკაცებს, ვთქვათ, ავღანეთში, სადაც ჩადის 500, 600, 1000 კაცი, რომელმაც იქ უნდა წვრთნაც გაიაროს, გაიზარდოს, რეალურ სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობენ, მიიღოს გამოცდილება, ანუ, ეს უზარმაზარი წვლილია მაშინ, როცა სხვა ქვეყნები, საფრანგეთი, NATO-ს წევრი ქვეყნები არცერთ ჯარისკაცს არ აგზავნიან, ჩვენ ასობით ჯარისკაცს...“.  

დავით თარხან-მოურავის განცხადება, თითქოს ავღანეთში NATO-ს მისიაში NATO-ს წევრები ჯარისკაცებს არ გზავნიან,  ტყუილია. ავღანეთში NATO-ს “მტკიცე მხარდაჭერის მისიაში” NATO-ს 29 წევრიდან 27 ქვეყანა მონაწილეობს და მისიის 17034 ჯარისკაციდან 15181 ანუ დაახლოებით 90% NATO-ს წევრ ქვეყნებზე მოდის.  მისიაში, საქართველოს გარდა, NATO-ს სხვა 11 პარტნიორიც არის ჩართული.

ავღანეთში NATO-ს “მტკიცე მხარდაჭერის მისიაში” NATO-ს 29 წევრიდან 27 ქვეყანა მონაწილეობს და მისიის 17034 ჯარისკაციდან 15181 ანუ დაახლოებით 90% NATO-ს წევრ ქვეყნებზე მოდის.

"

2015 წლის 1 იანვრიდან დღემდე, ავღანეთში სამშვიდობო მისია “მტკიცე მხარდაჭერის მისია” (Resolute Support Mission) მიმდინარეობს, რომელიც ავღანეთის ეროვნული უსაფრთხოების ძალების დახმარებასა და ქვეყანაში სტაბილურობის განმტკიცებას ისახავს  მიზნად.

2019 წლის მარტის მონაცემებით,  მისიაში  17 034 სამხედო იღებს მონაწილეობას,  მათ შორის, NATO-ს წევრი ქვეყნებდან 15181 ჯარისკაცია,  რაც მისიაში მონაწილეთა თითქმის 90%-ს წარმოადგენს .

NATO-ს წევრი სახელმწიფოებიდან მისიაში არ მონაწილეობს მხოლოდ კანადა და საფრანგეთი.

მისიაში, საქართველოს გარდა, NATO-ს სხვა 11 პარტნიორიც მონაწილეობს.

ავღანეთში NATO-ს “მტკიცე მხარდაჭერის მისიაში”  NATO-ს 12 პარტნიორი ქვეყანა მონაწილეობს: სომხეთი, ავსტრალია, ავსტრია, აზერბაიჯანი, ბოსნია-ჰერცოგოვინა, ფინეთი, საქართველო, მონღოლეთი, ახალი ზელანდია, შვედეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, უკრაინა.

მისიაში ყველაზე დიდი რაოდენობით სამხედროები არიან  აშშ-დან - 8475, გერმანიიდან - 1300 , გაერთიანებული სამეფოდან-1100. მათ შემდეგ ყველაზე მსხვილი კონტრიბუტორები არიან: იტალია - 895, საქართველო - 870, რუმინეთი - 733 და თურქეთი - 593.

რატომ მონაწილეობს საქართველო  “მტკიცე მხარდაჭერის მისიაში”?

სამშვიდობო მისიებში მონაწილეობა ხელს უწყობს საქართველოს სამხედრო ძალების პროფესიულ განვითარებას და NATO-სთან თავსებადობის დონის ამაღლებას. გარდა ამისა, საქართველო NATO-ს მისიებში აქტიური წვლილის შეტანით ამტკიცებს, რომ მას აქვს პოტენციალი, აქტიურად ჩაერთოს მშვიდობის დამყარების პროცესებში და იყოს NATO-ს ღირსეული წევრი.

2019 წლის მარტის მონაცემებით NATO-ს “მტკიცე მხარდაჭერის მისიაში”  მონაწილე სამხედროები ქვეყნების მიხედვით:

"


მოამზადა ლიკა ჩხეტიანმა
მითების დეტექტორის ლაბორატორია