Müxtəlif

ალტ-ინფოს მანიპულაცია, თითქოს Youtube არმოწონების ღილაკს “ლიბერალური პროპაგანდის” დასაცავად აუქმებს

20 February, 2019

2019 წლის 17 თებერვალს, ულტრა-ნაციონალისტურმა გამოცემამ “ალტ-ინფო” გამოაქვეყნა სტატია, სათაურით “მას შემდეგ, რაც YouTube-ზე ჯილეტის ფემინისტური და თვითონ YouTube-ის ადმინისტრაციის ლგბტ პროპაგანდის შემცველმა ვიდეოებმა უზარმაზარი რაოდენობის არმოწონების შეფასებები დაუმსახურა, YouTube არმოწონების ღილაკის გაუქმებაზე ფიქრობს”. სტატიაში აღნიშნულია, რომ Youtube-ის არმოწონების ღილაკის შესაძლო გაუქმების  მიზეზი “ლიბერალური პროპაგანდის” დაცვაა. ალტ-ინფოს თანახმად Youtube-ის ადმინისტრაცია აცხადებს, თითქოს ხალხი, რომელსაც ლიბერალური პროპაგანდა არ მოსწონს, არმოწონების ღილაკს, როგორც იარაღს, ისე იყენებს და ამ პრობლემის გადაჭრის მიზნით  Youtube-მა მისი გაუქმება გადაწყვიტა.

ალტ-ინფო:  “YouTube-ის ადმინისტრაცია ფიქრობს, რომ ხალხი, რომელსაც ლიბერალური პროპაგანდა არ მოსწონს, არმოწონების ღილაკს იარაღად იყენებს და ამ ღილაკის გაუქმების ან რაიმე სხვა შეზღუდვის გზით ამ პრობლემის გადაჭრის შესაძლებლობას განიხილავს”.

“ალტ-ინფოს” განცხადება, თითქოს  Youtube “არმოწონების” ღილაკის გაუქმებას ლიბერალური “პროპაგანდის”  დაცვის მიზნით განიხილავს, დეზინფორმაციაა. რეალურად, აღნიშნულ საკითხზე  Youtube-ის ადმინისტრაციის მიერ გაკეთებული ერთადერთი კომენტარის თანახმად “არმოწონების” ღილაკის შესაძლო შეცვლა/გაუქმების საფუძველი ვიდეოების წინააღმდეგ მიზანმიმართული, ორგანიზებული თავდასხმებია, როდესაც ადამიანთა ჯგუფი არმოწონების ღილაკს ვიდეოს ნახვის გარეშე იყენებს. Youtube-ის ადმინისტრაცია მომხმარებელს პრობლემის გადაჭრის 3 შესაძლო გზას სთავაზობს და ღილაკის გაუქმებას ყველაზე ნაკლებ სავარაუდო შესაძლებლობად განიხილავს.

როგორია Youtube-ის პოზიცია?

"Youtube-ის ადმინისტრაციას ოფიციალური განცხადება არმოწონების ღილაკის გაუქმების შესახებ არ გაუვრცელებია . ერთადერთი წყარო, რომელიც “არმოწონების” ღილაკის შესაძლო გაუქმებაზე საუბრობს, ტომ ლოინგი, იუთუბის პროდუქტების მართვის დირექტორია. მის მიერ გავრცელებულ ვიდეორგოლში ლოინგი აღნიშნავს, რომ ვიდეორგოლის ნახვის გარეშე ორგანიზებული ჯგუფები (Dislike Mob) არმოწონების ღილაკს მიზანმიმართულად იყენებენ საკუთარი ინეტესების შესაბამისად. მსგავსი ჯგუფების ხელში არმოწონების ღილაკის გაუმართლებელი გამოყენების თავიდან ასარიდებლად Youtube-ის გუნდმა პრობლემის გადაჭრაზე ფიქრი დაიწყო. ტომ ლოინგი მომხმარებელს 3 შესაძლო ალტერნატივას აცნობს და აღნიშნავს, რომ ამ საკითხის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული ჯერ არ არის. Youtube-ის მიერ ამ ეტაპზე შემდეგი ნაბიჯები განიხილება:

ა) “არმოწონების ღილაკი დარჩება, თუმცა “არმოწონებათა” რაოდენობა აღარ იქნება მითითებული.
ბ) არმოწონების შემთხვევაში გამოჩნდება დამატებითი კითხვარი, სადაც მოსანიშნი იქნება კონკრეტული მიზეზი.
გ) არმოწონების ღილაკის საერთოდ გაუქმება.

აღსანიშნავია, რომ Youtube-ის მიერ გამოწვეყნებულ ვიდეორგოლში არმოწონების ღილაკის გაუქმება ყველაზე ნაკლებ სავარაუდო გადაწვეტილებად განიხილება. ტომ ლოინგი ხაზს უსვამს, რომ ეს ქმედება  ნაკლებად დემოკრატიული იქნება, რასაც მის მთავარ ნაკლად ასახელებს. ვიდეოში განმარტებულია, რომ არმოწონების ღილაკის შესახებ შესაძლოა Youtube-მა ამ ეტაპზე არაფერი შეცვალოს.

რას წარმოადგენს  “არმოწონების ღილაკის” ორგანიზებული ჯგუფების მიერ გამოყენება ( Dislike Mob)?

"

Dislike Mob არის მოხმარებელი ან მომხმარებელთა ჯგუფი, რომელიც ორგანიზებულად ახდენს კონკრეტული ვიდეორგოლის “არმოწონებას”, რითაც ვიდეორგოლს რეიტინგი უვარდება და საბოლოოდ, არაპოპულარული ხდება. ორგანზებული ქმედება ხშირად კომერციული მიზნით, ახალი ბაზარზე გამოჩენილი  პროდუქტების წინააღმდეგ გამოიყენება, ასევე იყენებენ კიბერ ბულინგის დროსაც.

“ალტ-ინფოს” მასალაში  წყაროდ Information Liberation-ის სტატია არის მითითებული. Information Liberation 2005 წელს დაარსდა . Mediabiasfactcheck.com-ის შეფასებით, Information Liberation არის ულტრა-მემარჯვენე, პროპაგანდისტული და კონსპირაციული გამოცემა, რომელიც გამჭვირვალობის ნაკლებობითაც ხასიათდება.


მოამზადა გიორგი ინალიშვილმა
მითების დეტექტორის ლაბორატორია