Mühacirlər

დეზინფორმაცია, თითქოს მიგრანტების მხარდასაჭერი მედია-კამპანიისთვის მილიონობით ევროა გამოყოფილი

12 February, 2019

30 იანვარს "საქართველო და მსოფლიოში" გამოქვეყნდა სტატია, სათაურით “ღალატი”, სადაც პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის დირექტორმა დიმიტრი ლორთქიფანიძე  აცხადებს, თითქოს გაეროს მიგრაციის კომპაქტის ფარგლებში ქართული მედიისათვის 5 წლის მანძილზე მიგრანტების მღების აუცილებლობის შესახებ მასალების მოსამზადებლად  4,5 მლნ. ევროს ოდენობის გრანტია გამოყოფილი. ამავე სტატიაში ულტრა-მემარჯვენე პარტიის "ქართული იდეის" ლიდერი ლევან ჩაჩუაც იდენტურ კომენტარს აკეთებს და ამტკიცებს, რომ ქართული მედიისთვის მიგრანტთა თემატიკაზე 4 მლნ ევროა გამოყოფილი. ლევან ჩაჩუას პირად ფეისბუკ გვერდზე კი ამავე თემაზე გამოქვეყნებულ პოსტში ის “პროპაგანდისტული შტურმზე”  საუბრობს, რომელმაც მიგრანტების მისაღებად საქართველოში ნიადაგი უნდა მოამზადოს და ამ მიზნით მედიისათვის გამოყოფილი 5 მლნ ევროს წყაროდ ევროკავშირის პროექტს - „მიგრაციის მართვის მდგრადობის ხელშეწყობა საქართველოში“  ( ENIGMMA 2-ს) უთითებს.

დიმიტრი ლორთქიფანიძე პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრი: "ეს პაქტი [მარაკეშის] პოლიტიკურია, ნაწილი ასეულობით მილიონი მიგრანტისა, რომელიც დედამიწის გარშემო მოძრაობს, საქართველომ უნდა შეიფაროს, რადგან 164 ქვეყანასთან ერთად მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მიგრანტთა ურდოები, რომლებიც საქართველოს მოადგებიან, უპრობლემად მიიღონ.... ეს ყველაფერი დაკავშირებულია ფინანსებთან. გრანტის სახით შემოედინება ფული. იმისათვის, რომ პროცესი უმტკივნეულო იყოს, დახარჯულია 4 მილიონ 500 ათასი ევრო. ამას ჩვენი მედიასაშუალებები აკეთებენ და ამიტომაც არ მოდიან აქციების გასაშუქებლად. მარტში დაიწყება “მიგრანტთა პაქტის” აღსულება. ქართულმა მედიამ კი 5 წლის განმავლობაში უნდა წეროს და გადაცემები აკეთოს იმაზე, რომ მიგრანტების მიღება აუცილებელია. მოკლედ, საზოგადოებას, ასე ვთქვათ, ტვინი უნდა გამოურეცხოს. ყველაფერი გარანტირებულად დაფინანსებული იქნება, ყველაფერი, რაც მიგრანტთა მიღებას შეეხება".  

ლევან ჩაჩუა, ქართული იდეა: "ხელისუფლებამ კარგად იცის, რა საფრთხესაც შეიცავს [მარაკეშის] მიგრაციის პაქტი. ჩვენ ხელთ გვაქვს დოკუმენტები, რომელთა თანახმად დასტურდება, რომ ქართული მედიისთვის გამოყოფილია 4 მილიონი ევრო (ჩვენს ფულზე 15 მილიონი ლარი), რათა ჟურნალისტებმა საზოგადოებას მიაწოდონ ეს ფაქტი ისე ლამაზად, რომ ხალხმა იფიქროს, მიგრანტების შემოსვლა პრობლემა თითქოს არ არის, ხოლო ადამიანები, რომლებიც ამ აზრის, ამ იდეისა და, თუ გნებავთ, დაკვეთის შესრულების წინააღმდეგ გამოდიან, მოიხსენიონ: რასისტებად, ქსენოფობებად, რუსეთუმეებად და ა.შ. ხელისუფლება ამბობს, რომ გაეროს ეს პაქტი მათ არ ავალდებულებს არაფერს და მხოლოდ რეკომენდაციის ხასიათს ატარებს….”

"

დიმიტრი ლორთქიფანიძისა და  ლევან ჩაჩუას განცხადებები მედიისთვის მიგრანტთა საკითხის გაშუქების მიზნით 4-5 მილიონიან დაფინანსების გამოყოფის შესახებ ტყუილია. ENIGMMA 2-ის პროექტის 18 აქტივობიდან კი, რომელიც მიგრაციის პოლიტიკის შემუშავებასთან ერთად ვიზალიბერალიზაციის საკითხებსაც ფარავას, მხოლოდ 3 არის დაკავშირებული მედია გაშუქების ანალიზთან და ჟურნალისტთა ტრენინგებთან. ამასთანავე, პროექტი როგორც საქართველოში მიგრირებულთა, ასევე უცხოეთში ქართული დიასპორის საჭიროებებზეა ორიენტირებული.

  • რას გულისხმობს პროექტი  ENIGMMA 2?

პროექტი ENIGMMA - 2 „მიგრაციის მართვის მდგრადობის ხელშეწყობა საქართველოში“  2017-2020 წლის პერიოდს მოიცავს და მას მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრი (ICMPD) საქართველოს მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისისთან თანამშრომლობით ახორციელებს. პროექტი ევროკავშირმა 3,5 მლნ ევროთი  საქართველოსთან გაფორმებული ფინანსური შეთანხმების საფუძველზე  ევროპის სამეზობლო ინსტრუმენტის (ENI) 2016 წლის ტექნიკური თანამშრომლობის ხელშეწყობის II პროგრამის ფარგლებში დააფინანსა. აღნიშნული პროექტის პირველი ფაზა 2013-2017 წლებში მიმდინარეობდა.

ENIGMMA 2-ის 3-წლიანი პროექტი 4 კომპონენტისაგან შედგება, რომელიც 18 სხვადასხვა აქტივობას მოიცავს. პროექტის მთავარი მიზანი კვლევით და ანალიტიკურ აქტივობებზე დაყრდნობით მიგრაციის პოლიტიკის შესახებ რეკომენდაციების შემუშავებაა. პროექტ ENIGMMA-ს  მიზნებს შორის არის ისეთი საკითხები, როგორიცაა:

  • მიგრაციის რისკების იდენტიფიცირება,
  • ვიზალიბერალიზაციის შესახებ სახოგადოების ინფორმირება,  
  • ქართველი მიგრანტებისა და დიასპორის თემების საჭიროებათა ანალიზი,  
  • სტუდენტთა მობილობის ხელშეწყობა, მათ შორის უცხოთის უნვივერსიტეტებში ჩარიცხული  ქართველი სტუდენტების დახმარება,
  • მედიის წარმომადგენელთა ცნობიერების ამაღლება მიგრაციის საკითხებზე, რაც მოიცავს როგორც ვიზალიბერალიზაციას, ასევე მიგრაციასთან დაკავშირებული საკითხებს და სხვა.

ENIGMMA 2-ის ფარგლებში დაგეგმილი 18 აქტივობიდან მხოლოდ 3 არის დაკავშირებული მედიის მიერ მიგრაციის საკითხების გაშუქებასთან. პირველი მათგანი მხოლოდ მედიის მონიტორინგსა და კვლევას წარმოადგენს, კიდვ ერთი აქტივობა ცნობიერების ამაღლებისთვის გამიზნული სხვადასხვა ღონისძიებებს, მათ შორის მედიაკამპანიების შემუშავებასა და განხორციელებას გულისხმობს, მესამე აქტივობა კი მიგრაციის საკითხებზე მედიის წარმომადგენელთა ცნობიერების ამაღლებას მოიცავს. თუმცა, მიგრაციის საკითხებზე  ცნობიერების ამაღლების თემა გულისხმობს არა მხოლოდ საქართველოში მყოფ მიგრანტებს, არამედ ქართველ ემიგრანტებს და ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშორებული საკითხებს.

  • ENIGMMA 2-ის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები:

კომპონენტი 1: რეკომენდაციები პოლიტიკის საკითხებზე

  • მიგრაციის სტრატეგიის განხორციელება და შეფასება,
  • მიგრაციის გაშუქების მონიტორინგი ქართულ მედიაში,
  • მიგრაციის სტრატეგიის გავლენის ანალიზი და შეფასება,
  • ანალიტიკური და კვლევითი აქტივობები.

კომპონენტი 2: რეაგირების მექანიზმები

  • მიგრაციის რისკების პრევენცია,
  • ცნობიერების ამაღლება მიგრაციასა და მობილობაზე,
  • დიასპორის ჩართულობა,
  • სტუდენტთა მობილობის ხელშეწყობა.

კომპონენტი 3: შესაძლებლობათა ზრდა

  • განათლება მიგრაციის საკითხებზე,
  • მედიის წარმომადგენელთა ცნობიერების ამაღლება მიგრაციის საკითხებზე,
  • ევროკავშირის მიგრაციის კანონმდებლობა,
  • მიგრაციის კომისიის წევრი უწყებების შესაძლებლობათა ზრდა,
  • პერსონალურ მონაცემთა დაცვა.

კომპონენტი 4: საქართველოსა და ევროკავშირის ექსპერტებს შორის გამოცდილების გაზიარება და თანამშრლომლობა

  • ცნობიერების ამაღლება ევროკავშირის ინსტიტუტების ფუნქციორებაზე,
  • მიგრაციის სფეროში საქართველოსა და ევროკავშირის კანონმდებლობის ჰარმონიზაციის ხელშეწყობ,
  • მიგრაციის კომისიისა და ევროკავშირის ინსტიტუტებს შორის კონტაქტების დამყარება მიგრაციისა და თავშესაფრის მაძიებელთა სფეროში,
  • ევროკავშირის ექსპერტთა ვიზიტები საქართველოში.

პროპაგანდის მეთოდი

სიმულაციური მტკიცებულებების შექმნა: ისეთი ავთენტური დოკუმენტების/ფაქტების გამოყენება, რომლებიც ქმნის მტკიცებულებების არსებობის ილუზიას, მაგრამ რეალურად არარელევანტურია იმ ბრალდებებთან მიმართებით, რომელთა საილუსტრაციოდაც არის გამოყენებული.

ანტიმიგრანტული კონტექსტი
ბოლო პერიოდში არარერთი პუბლიკაცია გამოვეყნდა, რომელიც ამტკიცებს, თითქოს საქართველოს ხელისუფლების მიერ მიგრანტთა შესახებ გაეროს კომპაქტის ხელმოწერა ქვეყანას მიგრანტთა მიღების ვალდებულებას აკისრებს და ამისათვის სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის ევროკავშირის რესურსების მობილიზება ხდება.


ვრცლად გაეროს კომპაქტი შესახებ გავრცელებულ დეზინფორმაციებზე იხილეთ “მითების დეტექტორის” მიერ მომზადებული წინა მასალები:

დეზინფორმაცია, თითქოს მიგრაციის კომპაქტი საქართველოს მიგრანტების მიღებას და დაფინანსებას ავალდებულებს

დეზინფორმაცია, თითქოს გაეროს კომპაქტი საქართველოს მიგრანტების მიღებას ავალდებულებს.

სპუტნიკის მანიპულაცია გაეროს კომპაქტისა და მიგრაციის ნაკადის ზრდის შესახებ.

პრორუსი აქტორების ახალი მესიჯბოქსი: გაეროს კომპაქტი = მიგრანტების ჩამოსახლების საფრთხეს.


მოამზადა ანა ჩიტალაძემ