Media

Sputnik-ისა და Russia Today-ს 4 ტყუილი მაკრონსა და “ყვითელი ჟილეტების” დემონსტრაციებზე

11 February, 2019

2019 წლის 4 თებერვალს Sputnik Abkhazia-მ გამოაქვეყნა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას ფეისბუკ პოსტი, რომელიც, მაკრონის მიერ Sputnik-ისა და Russia Today-ის მიმართ წაყენებულ ბრალდებებს ეხება. სპუტნიკის სტატიის თანახმად, მაკრონი ბრალს სდებს Sputnik-სა და Russia Today-ს სოციალური ქსელების ანგარიშების გამოყენებით ფრანგული მედიაზე მანიპულირებაში. საპასუხოდ, მარია ზახაროვა აცხადებს, რომ მაკრონის ბრალდებები ყალბი და მტკიცებულებებს მოკლებულია.  მისივე თქმით, მაკრონი თავად არის საფრანგეთში ყალბი ამბების მთავარი შემქმნელი.

“მითების დეტექტორი” გთავაზობთ Sputnik-ისა და Russia Today-ის 4 თვალსაჩინო დეზინფორმაციას, რომელიც ამ მედიებმა საფრანგეთში 2017 წლის არჩევნების დროს მაკრონის წინააღმდეგ და 2018 წლის ე.წ. “ყვითელი ჟილეტების” დემონსტრაციების შესახებ გაავრცელეს. აღსანიშნავია ისიც, რომ საფრანგეთის მთავრობამ “ყვითელი ჟილეტების” დემონსტრაციებში რუსეთის ჩარევის გამოძიება დაიწყო, როდესაც მოსკოვთან დაკავშირებული სოციალური მედიის ანგარიშები “ყვითელი ჟილეტების” შესახებ ყალბ ინფორმაციას ავრცელებდნენ.

ტყუილი N1. დეზინფორმაცია, თითქოს მაკრონი “ამერიკის აგენტი” და “გეი ლობის” ინტერესების გამტარია

2017 წლის 4 თებერვალს Sputnik International-მა გამოაქვეყნა სტატია, რომელიც მაკრონს „ამერიკის აგენტად“ და აშშ-ის ბანკების ინტერესების ლობისტად მოიხსენიებს. მეტიც, მაკრონის კანდიდატურა განიხილებოდა, როგორც კონსპირაციის შედეგი და ის „ძალიან მდიდარ გეი ლობისთან“ იყო დაკავშირებული.

"

ტყუილი N2. დეზინფორმაცია, თითქოს საფრანგეთის პოლიცია “ყვითელი ჟილეტების” პროტესტის მონაწილეებს სოლიდარობას უცხადებს

Sputnik-მა და RT-მა აჩვენეს ვიდეო,  რომელშიც საფრანგეთის ქალაქ პოს პოლიცია შლემებს იხსნიდა. ეს ინტერპრეტირებული იყო, როგორც პროტესტის მონაწილეებისადმი სოლიდარობის აქტი. თუმცა, ადგილობრივი პოლიცია და ჟურნალისტები აღნიშნავდნენ, რომ სინამდვილეში, პოლიცია შლემებს იხსნიდა პროტესტის მონაწილეებთან დალაპარაკების მიზნით, რის შემდეგაც მათ შლემები კვლავ გაიკეთეს. EUvsDisinfo-ს მიხედვით, Bloomberg-ის სტატიის შემდეგ Sputnik-ი და RT-ი იძულებულები გახდნენ შესწორებული ინფორმაცია გამოექვეყნებინათ, რომელშიც აღნიშნავდნენ, რომ პოლიციის ჟესტი სოლიდარობის გამოხატვის მცდელობა არ ყოფილა.

"

ტყუილი N3. “მაკრონი უკრაინის მიმართ გულგრილია”

Sputnik-ის მიერ 2017 წლის 11 მაისს გამოაქვეყნებულ სტატიაში მოყვანილია მოსკოვის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და დიპლომატიის კათედრის გამგე ნიკოლაი პლატოშკინის მოსაზრება საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნებსა და მაკრონის გამარჯვებაზე. პლატოშკინის მიხედვით, მაკრონი, თავისი წინამორბედისგან განსხვავებით უკრაინის მიმართ გულგრილია. სპუტნიკმა რესპონდენტის მოსაზრებას სარედაქცო კომენტარიც დაურთო და აღნიშნა, რომ მაკრონის პრეზიდენტობის ქვეშ უკრაინა “სერიოზული გამოწვევების” წინაშე დადგებოდა.
ეს მტკიცება EUvsDisinfo-მ გადაამოწმა, რომლის მიხედვითაც, ეს მოსაზრება წყაროებით არ დასტურდება. მეტიც, მაკრონს უკრაინისა და მინსკის შეთანხმების მიმართ მხარდაჭერა არაერთხელ საჯაროდ გამოუხატავას. გარდა ამისა, მაკრონი უკრაინის კრიზის გამო მოსკოვზე ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებს უჭერდა მხარს.

"

ტყუილი N4. “მაკრონი რეფერენდუმებში რუსეთის ჩარევაზე ყალბ ამბებს ავრცელებს”

RT France-მა 2019 წლის იანვარში გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ნათქვამია, რომ მაკრონი Brexit-ისა და კატალონიის რეფერენდუმებში რუსეთის ჩარევასა და რუსეთის მიერ ხმებით მანიპულირებაზე ყალბ ამბებს ავრცელებს. უნდა აღინიშნოს, რომ დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა გამოაქვეყნა სპეციალური ანგარიში, რომელშიც რუსეთის ჩარევის მტკიცებულება იყო წარმოდგენილი. EUvs Disinfo ციფრულ ტექნოლოგიებსა და კომუნიკაციებზე მომუშავე კომანია “89 up”-ის ანგარიშს ეყრდნობა, რომლის მიხედვითაც, Brexit-ის რეფერენდუმის კამპანიის პერიოდში RT-სა და Sputnik-ს უფრო მეტი ნახვა ჰქონდათ Twitter-ზე, ვიდრე Vote Leave და Leave.EU. გარდა ამისა, გამოვლინდა 156 ათასზე მეტი რუსული ანგარიში ტვიტერზე, რომლებმაც კამპანიის ბოლო 48 საათის განმავლობაში ბრექსიტზე 45 ათასზე მეტი შეტყობინება გამოაქვეყნეს.

"


"


Sputnik-ი და RT - კრემლის პროპაგანდის ინსტრუმენტები

2017 წლის 29 მაისს საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა პუტინთან ერთად გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ RT და Sputnik რუსეთის გავლენის ინსტრუმენტებს წარმოადგენენ, რომლებიც 2017 წლის საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში დეზინფორმაციას ავრცელებდნენ.

2017 წელს მაკრონის კამპანიის გუნდმა  RT-ის მაკრონის საარჩევნო ღონისძიებებზე დასწრება აუკრძალა. მაკრონის სპიკერის სიტყვებით, RT და Sputnik "ორთავიან ერთობას" წარმოადგენს, რომელიც რუსეთის სახელმწიფო პროპაგანდასა და ფეიქ-ნიუსებს ავრცელებს. მისი განმარტებით, პრობლემა იმაშია, რომ “ყალბი ინფორმაციის გავრცელებამ სისტემატური ხასიათი მიიღო”.

Guardian-ის თანახმად, კრემლი მაკრონის გუნდის ბრალდებებმა გააღიზიანა, რაც მოიცავდა რუსეთიდან მომდინარე თავდასხმებს კამპანიის ქსელებზე, მონაცემთა ბაზებსა და საიტებზე. ეს კი, ბადებდა ეჭვს, რომ რუსეთი მაკრონის საარჩევნო კამპანიის ხელის შეშლის გზით მარინ ლე პენის დახმარებას ცდილობდა .

EUvsDisinfo-ს თანახმად, RT-ისა და Sputnik-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ყოველთვის შეესაბამება მათი სპონსორების პრიორიტეტებს და ამ უკანასკნელების პოლიტიკურ ხაზებს, ხოლო მათი პროდუქტი პირდაპირ რუსეთის ხელისუფლების მხრიდან კონტროლდება.

ორგანიზაციამ “ალიანსი დემოკრატიის დასაცავად” (ASD) ტვიტერის 600 ანგარიში შეისწავლა, რომლებიც კრემლის გზავნილებს ავრცელებდნენ, ფოკუსირდებოდნენ საფრანგთზე და იყენებდნენ ჰეშთეგს #giletsjaunes (ქართ: ყვითელი ჟილეტები). Bloomberg-ის თანახმად, ტვიტების უმრავლესობა რუსულ მედიას ეყრდნობოდა, მათ შორის, Sputnik-ს, RT-ს, Ruptly-ს, გერმანულ მედია ვიდეო-ნიუსების სააგენტოს, რომელიც ასევე RT-ს ეკუთვნის.

მაკრონი არ არის ერთადერთი, ვინც სპუტნიკსა და რაშა თუდეის პოლიტიკურ პროცესებში ჩარევაში ადანაშაულებს. აშშ-ის დაზვერვის  ანგარიშში RT და Sputnik განიხილებოდნენ როგორც აშშ-ში 2016 წელს ჩატარებული საპრეზიდენტო კამპანიის დროს საზოგადოებრივ აზრზე მანიპულირების ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი კრემლის ხელში.

Sputnik-ი და RT 2016 წლის ევროპარლამენტის რეზოლუციაშიც მოხვდა, რომელიც რუსეთის მიერ ევროპაში გავრცელებულ პროპაგანდასთან საბრძოლველად სტრატეგიას ეხებოდა. რეზოლუციის თანახმად, Sputnik და RT ევროპის ერთიანობას საფრთხეს უქმნის.

2017 წელს EUvsDisinfo-მ გამოაქვეყნა ანალიზი, რომელშიც მოყვანილია სამი ფაქტი RT-ისა და Sputnik-ის შესახებ. პირველი, ეს ორი მედიასაშუალება არ არის დამოუკიდებელი. სპუტნიკი მთლიანად რუსეთის მთავრობის მიერ ფინანსდება, ხოლო RT - პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზეა შექმნილი. მეორე, ორივე გამოცემა მიკერძოებულია და ყოველკვირეულად იღებენ ინსტრუქციებს კრემლისგან. მესამე, ისინი ქმნიან და ავრცელებ ყალბ ამბებს, რითაც პოლიტიკურ მიზნებს ემსახურებიან.


მოამზადა ლუსინე პიჩიკიანმა
მედიაწიგნიერების ლაბორატორიის რეგიონული ქსელი