Avropa İttifaqı

“ალიას” დეზინფორმაცია, თითქოს ასოცირების შეთანხმება ქიმიური ნარჩენების იმპორტს გვავალდებულებს

9 January, 2019

გაზეთ “ალიას” 24 დეკემბერი-13 იანვრის ნომერში გამოქვეყნდა ჟურნალისტ ლევან ჯავახიშვილის ინტერვიუ ორგანიზაცია “ჩემი ბათუმის” წარმომადენელთან ირაკლი ჯანყარაშვილთან. ლევან ჯავახიშვილი ამტკიცებს, თითქოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება საქართველოს ქიმიური ნარჩენების შემოტანა-გადამუშავებას ავალდებულებს. მისი თქმით, ბათუმში ქიმიური ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობა იგეგმება, რაც მთელ აჭარას ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის საშიშად აქცევს.

ლევან ჯავახიშვილი, ალია: „ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას რომ მოვაწერეთ ხელი, მაშინ გავრცელდა ინფორმაცია გარემოსდამცველი ქართველი ექსპერტების მხრიდან, რომ საქართველო ამ ხელშეკრულებაზე ხელისმოწერისთანავე, აიღებს ვალდებულებას საქართველოში ქიმიური ნარჩენების შემოტანა გადამუშავებაზე და ეს ხელშეკრულებაში წერიაო.  მართლა ასეა და ამ ევროპულ ვალდებულებასთან ხომ არ გვაქვს საქმე? ევროპა თავიდან ხომ არ იცილებს ნაგავსა და შხამს და ჩვენ ხომ არ გვტენის?”

ლევან ჯავახიშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ტყუილია,  რადგან:

  1. ასოცირების ხელშეკულება ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში სახიფათო ნარჩენების შემოტანა გადამუშავებას არ ითვალისწინებს;
  2. „ნარჩენების იმპორტის, ექსპორტის და ტრანზიტის შესახებ“ საქართველოს კანონი  საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყოველგვარი ნარჩენის იმპორტს, ექსპორტსა და ტრანზიტს კრძალავს.
  3. ქობულეთთან, სოფელ ცეცხლაურში EBRD-ისა და აჭარის ფინანსთა სამინისტროს პროექტი საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადამამუშავებელი პოლიგონის მშენებლობას გულისხმობს და მას ქიმიური ნარჩენების იმპორტსა და გადამუშავებასთან კავშირი არ აქვს.

ფაქტი N1: ასოცირების ხელშეკულება ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში სახიფათო ნარჩენების შემოტანა-გადამუშავებას არ ითვალისწინებს.

ევროკავშირსა და საქართველოს შორის 2014 წელს გაფორმებული ასოცირების შეთანხმება საქართველოში სახიფათო და ჯანმრთელობისთვის საშიში ნარჩენების შემოტანა-გადამუშავებას არ ითვალისწინებს. შეთანხმება გარემოს დაცვასთან დაკავშირებულ რეგულაციებს და ქიმიური ნარჩენების გადამუშავების სტანდარტის ევროპულ კანონმდებლობასთან დაახლოებას გულისხმობს.

ასოცირების შესახებ ხელშეკრულება  2008 წლის 19 ნოემბერს ევროპარლამენტისა და საბჭოს 2008/98/EC,  1999 წლის 26 აპრილის საბჭოს 1999/31/EC და 2006 წლის 15 მარტის ევროპარლამენტისა 2006/21/EC დირექტივების  საფუძველზე ნარჩენების მართვის პროცესს არეგულირებს, რომლის არცერთი პუნქტი ქიმიური ნარჩენების იმპორტს არ ეხება.

ფაქტი N2: „ნარჩენების იმპორტის, ექსპორტის და ტრანზიტის შესახებ“ საქართველოს კანონი  საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყოველგვარი ნარჩენის იმპორტს, ექსპორტსა და ტრანზიტს კრძალავს.

“მითების დეტექტორი” საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაუკავშირდა, სადაც განგვიმარტეს, რომ საქართველოში მოქმედებს კანონი “ნარჩენების იმპორტის, ექსპორტისა და ტრანზიტის შესახებ”, რომლის მიხედვითაც საქართველოს მთელს ტერიტორიაზე სახიფათო ნარჩენების იმპორტი და ტრანზიტი აკრძალულია.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნების სამინისტრო: “ასოცირების ხელშეკრულება არ გულისხმობს ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში სახიფათო ნარჩენების შემოტანა-გადამუშავებას... საქართველოში ნარჩენების ტრანსსასაზღვრო გადაზიდვები რეგულირდება ბაზელის კონვენციის შესაბამისად მიღებული ,,ნარჩენების იმპორტის, ექსპორტის და ტრანზიტის შესახებ" საქართველოს კანონით.” ზემოაღნიშნული კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე (მისი ტერიტორიული წყლების, საჰაერო სივრცის, კონტინენტური შელფისა და განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის ჩათვლით) აკრძალულია სახიფათო ნარჩენების იმპორტი და ტრანზიტი.”

ფაქტი N3: ქობულეთის სოფელ ცეცხლაურში EBRD-ისა და აჭარის ფინანსთა სამინისტროს პროექტი საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადამამუშავებელი პოლიგონის მშენებლობას გულისხმობს, რასაც ქიმიურ და სხვა საშიშ ნარჩენებთან კავშირი არ აქვს.

ქობულეთის სოფელ ცეცხლაურში ნაგავსაყრელის მშენებლობის პროექტი ევროპის რეკონსტრუქციის ბანკის (EBRD), შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოსა (SIDA) და აჭარის ფინანსთა სამინისტროს მონაწილეობით დაიგეგმა.

“მითების დეტექტორი” “კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელს” (CENN) დაუკავშირდა. CENN-ში განმარტეს, რომ სოფელ ცეცხლაურში პოლიგონის მშენებლობის პროექტი ქიმიური და სხვა საშიში ნივთიერებების გადამუშავებას არ ეხება და ის მხოლოდ საყოფაცხოვრებო, მყარი ნარჩენების გადამუშავებას გულისხმობს. CENN-ის წარმომადგენლის, კახა რუხაიას თქმით, მსგავსი პოლიგონები როგორც თბილისში, ასევე რუსთავში ოპერირებს.

კახა რუხაია, CENN-ის წარმომადგენელი: “ქობულეთში დაგეგმილი საყოფაცხვორებო ნარჩენების განთავსების პოლიგონის მშენებლობა გულისხმობს აჭარის რეგიონში წარმოქმნილი არასახიფათო ნარჩენების იქ გადატანასა და განთავსებას თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად. მსგავსი პოლიგონი არის თბილისთან, ლილოს დასახლებასთან, ასევე არის მსგავსი პოლიგონი რუსთავის და გარდაბნის ტერიტორიაზე. რაც შეეხება სახიფათო ნარჩენებს, ცეცხლაურის პოლიგონის პროექტს ამასთან კავშირი არ აქვს და ის ინფორმაცია, თითქოს ქობულეთთან საშიში ნივთიერებების იმპორტი და გადამუშავება იგეგმება, არასწორია.”

2016 წელს საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობაზე ტენდერი ბათუმის მერიამაც გამოაცხადა, თუმცა ამ ეტაპზე პროექტი შეჩერებულია. არც აღნიშნული ტენდერი, არც ცეცხლაურის დაგეგმილი პროექტი საშიში ნივთიერებების იმპორტს/გადამუშავებას არ გულისხმობს.


მოამზადა ანი ქისტაურმა
მედიაწიგნიერების ლაბორატორიის რეგიონული ქსელი