Mühacirlər

რუსი ექსპერტის განცხადება, თითქოს ქართველებს ტერორიზმის და მიგრაციის საფრთხე აწუხებთ, უსაფუძვლოა

5 Dekabr, 2018

2018 წლის 1 დეკემბერს სპუტნიკ საქართველოს რუსულენოვანმა ვებ-გვერდმა საქართველოში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებზე რუსი პოლიტოლოგის კარინე გევორგიანის კომენტარი გამოაქვეყნა, სადაც ის ამტკიცებს, რომ ქართველებს ისლამური ტერორიზმის საფრთხე და მიგრანტთა შემოდინება უფრო აწუხებთ, ვიდრე საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები.

 

კარინე გევორგიანი, პოლიტოლოგი: “ამ არჩევნებზე [საპრეზიდენტო არჩევნებზე] ქართველმა ხალხმა გამოხატა თავისი აზრი, თუმცა რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ხალხის მღელვარება არჩევნებს კი არა, უფრო რეგიონში არსებულ მდგომარეობას, ისლამისტი ტერორისტების შემოდინებას უკავშირდება. ისინი საქართველოში საკმაოდ კარგად დაფუძდნენ და მოსახლეობა ელოდება, რომ ხელისუფლება როგორღაც გადაწყვეტს ამ საკითხს. საქართველოში ძალიან ბევრი მიგრანტია და ისინი საკმაოდ კარგად გრძნობენ თავს. უნდა ითქვას, რომ ეს საკითხი აქტუალურია, თუმცა მასზე თითქმის არ საუბრობენ”.

გევორგიანის კომენტარი  სპუტნიკ საქართველოს ქართულენოვან  ვებ-გვერდზე არ გამოქვეყნებულა.

გევორგიანის განცხადება უსაფუძვლოა, ვინაიდან საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებით, ქართველებს ყველაზე მეტად ეკონომიკური კეთილდღეობის საკითხები აწუხებთ და არა რეგიონში ტერორიზმის საფრთხე ან მიგრანტები. მეტიც, ბრალდებები მიგრანტთა გაზრდილი რაოდენობის შესახებ უსაფუძვლოა, რადგან გაეროს 2017 წლის საერთაშორისო მიგრაციის ანგარიშის თანახმად, მიგრანტები საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 2 პროცენტს შეადგენენ და მათი რაოდნეობა უკანასკნელი 17 წლის მანძილზე მხოლოდ 2,63 პროცენტით გაიზარდა.

         1. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების თანახმად, ქართველებს ყველაზე მეტად ეკონომიკური საკითხები აწუხებთ და არა ტერორიზმის ან მიგრაციის საფრთხე.

NDI-ს 2018 წლის ივნისის გამოკითხვის შედეგების თანახმად, სამუშაო ადგილები, სიღარიბე, ფასების ზრდა/ინფლაცია და პენსიები 4 ყველაზე მნიშვენლოვანი ეროვნული საკითხია, რომელიც მოსახლეობას აწუხებს.

"

იგივე სურათს ვხედავთ IRI-ს 2018 წლის აპრილის კვლევის შედეგებში. სადაც მიგრაცია, როგორც საქართველოს წინაშე არსებული პრობლემა, მხოლოდ მე-9 ადგილზეა. თუმცა, შესაძლოა, მიგრაციაში როგორც საქართველოში შემოსული მიგრანტები, ისე საქართველოდან ემიგრაციაში წასული მოქალაქეები იგულისხმებოდეს. IRI-ს გამოკითხვის შედეგებით, 4 მთავარი პრობლემა უმუშევრობა, ეკონომიკა, ტერიტორიული მთლიანობა და სოციალური პრობლემებია.

"

როგორც გამოკითხვების შედეგებიდან ჩანს, საქართველოს მოქალაქეების მთავარი საზრუნავი მათი ეკონომიკური მდგომარეობაა და არა ტერორიზმის საფრთხე ან მიგრაცია.

       2. სტატისტიკურად, მიგრანტები საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 2 პროცენტს შეადგენენ და უკანასკნელი 17 წლის მანძილზე მათი რიცხვი მხოლოდ 2,63 პროცენტით გაიზარდა.

გაეროს 2017 წლის საერთაშორისო მიგრაციის ანგარიშის თანახმად, საქართველოში (მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზე) 78 000 უცხოელი მიგრანტი ცხოვრობს. ეს საქართველოს მთლიანი მოსახლეობის 2 პროცენტია, ანუ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, 100 000 მოსახლეზე 2 მიგრანტი მოდის. შედარებისათვის, გაეროს ანგარიშის მიხედვით, 2000 წელს საქართველოში 76 000 უცხოელი მიგრანტი ცხოვრობდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მიგრანტთა რიცხვი უკანასკნელი 17 წლის განმავლობაში მხოლოდ 2,63 პროცენტითაა გაზრდილი.  

შესაბამისად, განცხადება, თითოს საქართველოს ტერიტორიაზე ძალიან ბევრი მიგრანტი ცხოვრობს, მცდარია.

     3. მიგრანტების საფრთხედ წარმოჩენას ძირითადად კრემლის მხარდამჭერი და ულტრა-ნაციონალისტური აქტორები ახდენენ.

დეზინფორმაციას, რომ საქართველოში კოლოსალური რაოდენობის ლტოვილი და თავშესაფრის მაძიებელი პირი იმყოფება, რაც თითქოს უდიდეს საფრთხეს უქმნის ქვეყნის უსაფრთხოებას, ქართულ დისკურსში ძირითადად ულტრა-ნაციონალისტური და ღიად პრო-რუსი აქტორები ავრცელებენ. ისინი ამკვიდრებენ მოსაზრებას, თითქოს ევროკავშირი და ასოცირების ხელშეკრულება საქართველოს აზიისა და აფრიკის რეგიონის მიგრანტების მიღებას ავალდებულებენ.   

მედიის განვითარების ფონდის კვლევამ მუსლიმთა თემატიკის გაშუქება ქართულ, რუსულ, აზერბაიჯანულ და თურქულ ტრადიციულ და ახალ მედიაში აჩვენა, რომ რუსული მედია ხშირად აკავშირებს ტერორიზმს ისლამთან და აღმოსავლური წარმომვლობის მიგრანტებთან და ამკვიდრებს აზრს, რომ ტერორიზმის საფრთხე ევროპის მიგრაციული პოლიტიკის შედეგია. ამასთან, რუსეთი წარმოჩენილია, როგორც ერთადერთი უსაფრთხო სივრცე, სადაც ადამიანები დაცულები არიან, ИГИЛ-ი (ISIS) აკრძალულია, ხოლო ხელისუფლებას ძალუძს ტერაქტების აღკვეთა.   

კარინე გევორგიანის შესახებ

კარინე გევორგიანი რუსი პოლიტოლოგია. 1994 წლიდან ის რუსეთის დუმას დსთ-ს საკითხთა კომიტეტის ექსპერტად მუშაობდა.  

როდესაც ინტერნეტ-გამოცემა Южная Осетия Сегодня-სთან ინტერვიუში გევორგიანს ჰკითხეს ე.წ. სამხრეთ ოსეთის კულტურული იდენტობის შესახებ, ის ამტკიცებდა, რომ ამ ტერიტორიას უდავო კავშირი აქვს რუსულ ცივილიზაციასთან. ამავე ინტერვიუში საქართველოს ნატოში გაწევრიანების მისწრაფების კონტექსტში ექსპერტმა ნატოსთან შედარებით რუსეთის სამხედრო ძლიერების უპირატესობაზე ისაუბრა.  

ამასთან, გევორგიანი მიიჩნევს, რომ ევროკავშირი თავის რიგებში საბჭოთა კავშირის ყოფილ სახელმწიფოებს მხოლოდ იმ მიზნით იღებს, რომ რუსეთის გეოპოლიტიკური წონა შეამციროს.


მოამზადეს ნანა რაფავამ და სოფო გელავამ