Tarix

მეჩითოვი საქართველოში 9 აპრილს, წითელაშვილი კი ლიეტუვაში 13 იანვარს საბჭოთა ჯარის ძალადობას ამართლებენ

12 Noyabr, 2018

საქართველოს კულტურის მინისტრის ყოფილი მოადგილის და ფოტო დოკუმენტალისტის იური მეჩითოვის მიერ 2018 წლის 10 ნოემბერს Al Jazeera-სთვის მიცემულ ინტერვიუს, სადაც მან 9 აპრილისა და საბჭოთა წარსულის შესახებ ისაუბრა საქართველოში მწვავე რეაქცია მოჰყვა. საზოგადოების კრიტიკული დამოკიდებულება იმ შეფასებას მოჰყვა, სადაც მეჩითოვი ამტკიცებდა, რომ 9 აპრილს თბილისში განზრახ არავინ მოუკლავთ, ადამიანები იქ ასფიქსიით გარდაიცვალნენ, ხოლო ორგანიზატორებმა 9 აპრილის შოუ იმისთვის დადგეს, რომ ასეთი შედეგი მიეღოთ:

იური მეჩითოვი: "აქციის მონაწილეები 13-დან 25 წლამდე იყვნენ ძირითადად. მხოლოდ ახალგაზრდები. მონაწილეების 90% შეიკრიბა იმიტომ, რომ 9 აპრილი შოუ იყო და ისინი შოუს მონაწილეები იყვნენ. ეს იყო კრიმინალური აქტი, აქციის ორგანიზატორების მხრიდან, რათა მიეღოთ ასეთი შედეგი. ეს იყო გეგმა ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად. არავის სურდა ვინმეს მოკვლა. ისინი ყველა ჭყლეტაში დაიღუპნენ. 20 ქალი ასფიქსიით გარდაიცვალა. ჭრილობები ჰქონდათ, მაგრამ ისინი განზრახ არავის მოუკლავს. რა გაქვთ საბჭოთა კავშირის საწინააღმდეგო, არ ვიცი?! ხალხი ისეთი ბედნიერი იყო. საკუთარი თვალით მაქვს ნანახი. რა გაქვთ რუსეთის საწინააღმდეგო? 200 წელი ვიყავით რუსეთის ქვეშ და ვიყავით აყვავებულები."

ავტორიტარული რეჟიმების მეირ ჩადენილი დანაშაულებების უარყოფა ან გამართლება, ტრაგედიის ტრივიალიზაცია  არა მხოლოდ 1989 წლის 9 აპრილის მოვლენებთან მიმართებით, ასევე 1991 წლის 13 იანვარს საბჭოთა ჯარის მიერ ლიეტუველების პროტესტზე ძალადობრივ რეაგირებასთან დაკავშირებით გამოვლინდა. მეჩითოვის მსგავსად, ჯაშუშობაში ბრალდებული ტრისტან წითელაშვილი “ასავალ-დასავალთან” 2017 წლის ინტერვიუში ამტკიცებდა, რომ 1991 წლის 13 იანვარს ლიეტუველები არა საბჭოთა ჯარებმა, არამედ თავად ლიეტუველებმა დახოცეს.

დეზინფორმაცია, თითქოს 1991 წელს ლიტველები საბჭოთა ჯარის ნაცვლად ლიტველებმა დახოცეს

გაზეთ "ასავალ-დასავალის” 24 მაისი-4 ივნისის ნომერში გამოქვეყნდა ინტერვიუ ტრისტან წითელაშვილის, სადაც ის აცხადებდა, რომ 1991 წლის 13 იანვარს ლიეტუველებს ცეცხლი არა საბჭოთა ჯარმა, არამედ მოძრაობა "საიუდისის” ერთ-ერთმა ლიდერმა აუდრიუს ბუტკიავიჩუსმა გაუხსნა.

1990 წლის 11 მარტს ლიეტუვამ დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა და საბჭოთა კავშირს გამოეყო. დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 1 წლის თავზე, 1991 წლის 10 იანვარს საბჭოთა კავშირის ლიდერმა მიხელ გორბაჩოვმა ლიეტუვას საბჭოთა კავშირის კონსტიტუციის აღდგენის და ანტიკონსტიტუციური კანონმდებლობის გაუქმების ულტიმატუმი წაუყენა, რაზეც ლიეტუვის პარლამენტმა, ვიატაუტას ლანდსბერგისის მეთაურობით უარი განაცხადა. 8-9 იანვრისთვის ლიეტუვაში საბჭოთა ჯარის რამდენიმე სპეციალური დანაყოფი იყო გადასროლილი, მათ შორის ცნობილი ანტიტერორისტული ალფა ჯგუფი და ფსკოვის საჰაერო სადესანტო მოიერიშეთა ბრიგადის მედესანტეები. სამხედრო კონტიგენტის შეყვანის ოფიციალურ მოტივად კონსტიტუციური წესრიგის აღდგენა დასახელდა. 1991 წლის 11 იანვარს საბჭოთა ჯარმა პრესის სახლი დაიკავა, რის შემდეგაც ათასობით შეუიარაღებელი ლიეტუვის  მოქალაქე დამოუკიდებლობის დასაცავად პარლამენტისა და სატელევიზიო ცენტრის წინ შეიკრიბა. 13 იანვრის გამთენიისას საბჭოთა ჯარმა ლიეტუვის სატელევიზიო ცენტრს შეუტია. შეტაკების შედეგად 14 ადამიანი გარდაიცვალა, 1000-მდე კი დაშავდა.

ლიეტუვის  13 იანვრის მოვლენების შესახებ რუსული დეზინფორმაციის პირველი ავტორი რუსი ჟურნალისტი ალექსანდრ ნევროზოვი იყო. ნევროზოვმა საბჭოთა ჯარი სამშობლოსთვის თავდადებულ გმირებად წარმოაჩინა, ხოლო საკუთარი მოსახლეობის მკვლელობაში ლიეტუვა დაადანაშაულა.

9 აპრილის შესახებ

ორი წლით ადრე, ლიეტუვას მსგავსად, დამოუკიდებლობის წინააღმდეგ საბჭოთა ტანკები საქართველომაც იხილა. 1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა კავშირის ჯარმა რუსთაველის გამზირზე ქართველების მშვიდობიანი აქცია დაარბია, რასაც 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

"

1989 წლის 9 აპრილი, ძერჟინსკის განსაკუთრებულ დავალებათა დივიზიის ჯარისკაცები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან
წყარო: ამერიკის ხმა


პროპაგანდის მეთოდი

ავტორიტარული რეჟიმების მიერ ჩადენილი დანაშაულებების უარყოფა ისტორიული ნეგაციონიზმის მთავარი მიმართულებაა. თუ გარკვეული ჯგუფები მასობრივ დანაშაულებებს უარყოფენ და ისტორიიდან მისი კვალის წაშლას ცდილობენ, არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამ მოვლენებს არ უარყოფენ, თუმცა სხვადასხვა მიზეზით ამართლებენ. ამ მეთოდის ნაწილია ასევე კონტრბრალდებები ( whataboutism) და ტრივიალიზაცია.

კონტრბრალდებები (Whataboutism) არის ტექნიკა, რომელიც ბრალდებებზე ან რთულ საკითხებზე პასუხის გაცემის ნაცვლად ან საპირისპირო ბრალდებებს აყენებს ან სხვა საკითხზე გადააქვს აქცენტი, რაც არასწორი შედარებებისა და მანიპულაციური მორალური მსჯელობების გზით კრიტიკის ობიექტიდან ყურადღების გადატანას ან/და ამ ობიექტის გამართლებას ცდილობს.

ტრივიალიზაცია მომხდარის გაუფასურება/გაუბრალოებას გულისხმობს.