İdentlik

ოვერტონის ფანჯრის შესახებ რუსულ კონსპირაციას “ქართული იდეა” იმეორებს

8 İyun, 2018

2018 წლის 7 ივნისს ულტრა-ნაციონალისტური პოლიტიკური პარტია “ქართული იდეის” ფეისბუკ გვერდზე გამოქვეყნდა პოსტი, სათაურით “ჰომოსექსუალიზმის თავსმოხვევა "ოვერტონის თეორიის" მიხედვით”. პოსტში ე.წ. “ოვერტონის თეორია” საზოგადოებრივი აზრის მანიპულირების ინსტრუმენტად არის წარმოდგენილი, ხოლო მისი ეფექტურობა “საზოგადოებაში ჰომოსექსუალობის მიმღებლობის” მაგალითზეა განხილული.

ქართული იდეა: “ოვერტონის ფანჯარა იყოფა ეტაპებად, (სულ არის 6 საფეხური). თითოეული ეტაპის გავლა ნიშნავს იმას, რომ საზოგადოებრივი აზრი უმტკივნეულოდ იცვლება სრულიად საწინააღმდეგო აზრით.”

"
კონსპირაცია “ოვერტონის ფანჯრის” შესახებ უკვე წლებია რუსულ მედიაში ვრცელდება და შესაბამისად, ქართულ ტაბლოიდურ მედიაშიც აისახება. “ქართული იდეა” პოსტის წყაროდ მათლმადიდებლურ ინტერნეტ ჟურნალს “ხარება” ასახელებს, რომელიც, თავის მხრივ, რუსულ ტაბლოიდურ ვებ-გვერდს  Интересные Факты ეყრდნობა.

"

"
Google-ის საძიებო სისტემაში ინფორმაციის რუსულ ენაზე ძიებისას, ოვერტონის ფანჯრის შესახებ უმეტესად კონსპირაციები იძებნება, რომლებშიც საუბარია იმის შესახებ, თითქოს ამერიკელმა სოციოლოგმა ჯოზეფ ოვერტონმა საკუთარი თეორია კონსერვატორულ-ორთოდოქსულ საზოგადოებებში მათთვის მიუღებელი იდეების დასანერგად შეიმუშავა, სათაურებში კი ძირითადად გამოყენებულია ისეთი ტერმინები, როგორიცაა “განადგურება”, “გაპირუტყვება”, “ცოდვის ლეგალიზება”, “ბინძური იდეების ჩამორეცხვა”, “დამახინჯება”, “ჩანერგვა” და ა.შ. ამ მასალებში ჰომოსექსუალობა, პედოფილია და კანიბალიზმი ერთ სიბრტყეზე, თანაბრად მიუღებელ დანაშაულებებად განიხილება. წყაროებს შორის არის რუსული ონლაინ გამოცემა Православие.ru, რომელიც 2000 წელს რუსეთის პატრიარქის ალექსეი II-ს კურთხევით შეიქმნა და რომლის მთავარი რედაქტორიც სრეტენსკის მონასტრის წინამძღოლი, ეპისკოპოსი ტიხონია.
"

"
ქართულ ონლაინ სივრცეში “ოვერტონის ფანჯრის” შესახებ შეთქმულებები მანამდეც ვრცელდებოდა. აღნიშნული თეორია ჰომოსექსუალობისა და კანიბალიზმის მაგალითზე იყო განხილული საქართველოსა და მსოფლიოს ორ პუბლიკაციაში 2017 წლის 27 სექტემბერსა და 2016 წლის 2 მარტს, ასევე ვებ პორტალზე zneoba.ge, რომელიც ძირითადად რელიგიურ საკითხებზე ფოკისირდება. ვებ-გვერდზე qadageba.ge კი ამავე თემაზე გამოქვეყნებულია მართლმადიდებელი სასულიერო პირის, დავით ისაკაძის ქადაგება.

რა არის “ოვერტონის ფანჯარა”?

ოვერტონის ფანჯრის კონცეფცია “მაქკინაკის ცენტრი საჯარო პოლიტიკისთვის” ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ჯოზეფ ოვერტონის მიერ 1990-იან წლებში შემუშავდა. ცენტრის ამჟამინდელი პრეზიდენტი ჯოზეფ ლეჰმანი განმარტავს, რომ ოვერტონისთვის საჯარო პოლიტიკის ნებისმიერ სფერო განლაგებულია ვერტიკალურ შკალაზე “მეტად თავისუფალი”, “ნაკლებად თავისუფალი”, რომელიც სხვაგვარად წარმოდგენილი იყო, როგორც “ნაკლები ჩარევა”, “მეტი ჩარევა”. ოვერტონის აზრით, საჯარო პოლიტიკის კონრკეტული სფეროებში, როგორიცაა განათლება, პოლიტიკურად მისაღები მხოლოდ მცირე რაოდენობის პოლიტიკის იდეა შეიძლება იყოს მისაღები. პოლიტიკურად მისაღები ალტერნატივების “ფანჯარა” განისაზღვრება არა პოლიტიკოსის არჩევანით, არამედ იმის მიხედვით, თუ რომელი პოლიტიკის გატარებითა და ლობირებით შეუძლია პოლიტიკოსს მხარდაჭერის მოპოვება და არჩევნებში გამარჯვება.

ვრცლად ოვერტონის ფანჯრის კონსპირაციის შესახებ იხილეთ მითების დეტექტორის ადრინდელი პუბლიკაცია.

ქართული იდეის შესახებ

“ქართული იდეის” ლიდერი ლევან ჩაჩუა “ქართულ მარშთან” ერთად 14-17 მაისს ულტრა-ნაციონალისტურ და ჰომოფობიურ აქციებში მონაწილეობდა. ის ასევე აქტიურად იყო ჩართული 2017 წლის ივლისში ე.წ. “ქართული მარშის” ორგანიზებაში. ლევან ჩაჩუას 2010 წელს ტელეკომპანია კავკასიაში შეჭრისა და ექსტრემისტული საქმიანობის გამო 4 წლით პატიმრობა მიუსაჯეს, თუმცა 2012 წელს ის პოლიტიკური პატიმრის სტატუსით გათავისუფლდა. 2014 წლის 16 დეკემბერს, ახალი პოლიტიკური პარტია “ქართული იდეის” დაარსების შესახებ პარტიის თავმჯდომარე ლევან ჩაჩუამ „რია-ნოვოსტის“ თბილისის საერთაშორისო პრეს-ცენტრში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. პარტია მონაწილეობას იღებდა 2016 წლისსაპარლამენტო არჩევნებში.