İdentlik

დეზინფორმაცია, თითქოს შავი რასა ნოეს ვაჟის ქამისგან მომდინარეობს

18 May, 2018

გაზეთ “ასავალ-დასავალის” 30 აპრილი - 6 მაისის გამოშვებაში, დეკანოზმა დავით ისაკაძემ განაცხადა, რომ ბიბლიის მიხედვით, შავი რასა დასაბამს იღებს წინასაწარმეტყველი ნოეს ვაჟის ქამისგან, რომლისთვისაც შავი კანი იყო სასჯელი კონკრეტული საქციელის გამო. მოსაზრებას, რომ შავი კანი ერთგვარი “სასჯელია”  2011 წელს მღვდელი თეოდორე გიგნაძეც ავრცელებდა, რომელიც დავით ისაკაძის მსგავსად ამბობდა, რომ შავკანიანობა ცოდვების შედეგია და “ქამიტების მოდგმასთანაა” კავშირში

დავით ისაკაძე, დეკანოზი:

თეოდორე გიგნაძე, სასულიერო პირი

„ბიბლიის მიხედვით, შავი რასა დასაბამს იღებს წინასწარმეტყველი ნოეს ერთ-ერთი ვაჟის ქამისგან, რომლისთვისაც შავი კანი იყო სასჯელი ერთი კონკრეტული საქციელის გამო.

ასავალ-დასავალი
30 აპრილი - 6 მაისი, 2018

“ცოდვა ადამიანს, ბუნებას აზიანებს და რაღაც ცვლილებები შეაქვს. ეს ცვილლებები სამედიცინო თვალსაზრისითშიგნიდან არ ვლინდება, მაგრამ ის რაღაც გავლენას ახდენს ადამიანზე. ქამის ცოდვა ძალიან მძიმე იყო და რაღაც გავლენა ბოლოს თუ არ ვცდები სწორედ მაქედან არიან ის შავკანიანები. ასე რომ ადამიანის შინაგანი მდგომარეობა განსაზღვრავს გარეგანს”.

2011

ზოგიერთი სასულიერო პირის რასისტული მტკიცებები კანის ფერსა და ბიბლიურ სასჯელს შორის ურთიერთკავშირზე, უსაფუძვლოა. ძველ აღთქმაში არ წერია, რომ შავი კანი იყო სასჯელი ნოეს ვაჟის, ქამისთვის. ამასთან, ნოემ წყევლა არა ქამის, არამედ ქანაანის მიმართ წარმოთქვა.

      1. ნოემ დასაჯა ქანაანი და არა ქამი

ძველ აღთქმის პირველი წიგნის,  დაბადების მეცხრე თავში წერია, რომ ნოეს სამი შვილი სემი, ქამი (მამაჲ ქანანისი) და იაფეთი ჰყავდა, რომელთაგანაც მთელი დედამიწა იქნა დასახლებული. ნოემ მიწის მუშაკობა დაიწყო და ვენახი გააშენა. შესვა ღვინო, დათვრა და გაშიშვლდა თავის კარავში. ნოეს შვილმა, ქამმა მამის სიშიშვლე დაინახა და თავის ორ ძმას შეატყობინა. სემმა და იაფეთმა აიღეს სამოსელი, უკუსვლით მივიდნენ ნოესთან და დაფარეს მისი სიშიშვლე. ღვინისგან გამოფხიზლების შემდგომ ნოემ შეიტყო თუ როგორ მოექცა მას უმცროსი ვაჟი და თქვა:

“წყეულიმც იყოს ქანაანი! თავისი ძმების მორჩილთა მორჩილი იყოს!” (დაბ.10:25)

აღნიშნული ეპიზოდიდან ჩანს, რომ ნოემ წყევლა არა ქამის, არამედ ქანაანის მიმართ წარმოთქვა.

18    ესენი იყვნენ ნოეს შვილები, კიდობნიდან რომ გამოვიდნენ: სემი, ქამი და იაფეთი. ქამი იყო ქანაანის მამამთავარი.

19    ეს სამნი იყვნენ ნოეს შვილები, მათგან მთელი დედამიწა იქნა დასახლებული.

20    დაიწყო ნოემ მიწისმუშაკობა და გააშენა ვენახი.

21    შესვა ღვინო, დათვრა და გაშიშვლდა თავის კარავში.

22    დაინახა ქამმა, ქანაანის მამამთავარმა, მამის სიშიშვლე და შეატყობინა გარეთ თავის ორ ძმას.

23    აიღეს სემმა და იაფეთმა სამოსელი, მოისხეს მხრებზე, უკუსვლით მივიდნენ და დაფარეს მამის სიშიშვლე. პირი უკან ჰქონდათ მიქცეული და მამის სიშიშვლე არ დაუნახავთ.

24    გამოფხიზლდა ნოე ღვინისაგან და შეიტყო, როგორ მოეპყრა მას უმცროსი ვაჟი.

25    თქვა: წყეულიმც იყოს ქანაანი! თავისი ძმების მორჩილთა მორჩილი იყოს!

26    თქვა: კურთხეულ იყოს უფალი, ღმერთი სემისა! მორჩილად გაუხდეს მას ქანაანი!

27    განუფართოს ღმერთმა იაფეთს, სემის კარვებში დაემკვიდროს! დაემორჩილოს მას ქანაანი!

28    იცოცხლა ნოემ წარღვნის შემდეგ სამას ორმოცდაათი წელი.

29    სრული ხანი ნოესი იყო ცხრაას ორმოცდაათი წელი, და მოკვდა.“


ძველი აღთქმა. დაბადება, თავი მეცხრე

    2. ქანაანი ძველი აღთქმის თანახმად ქამის შვილს ერქვა, ამ სახელწოდებით ასევე მოხსენიებულია ფინიკია.

ქანაანის სახელით ბიბლიაში მოხსენიებულია ფინიკია (პალესტინის ძველი სახელწოდება მდ. იორდანამდე). მას შემდეგ რაც ქანაანამდე აბრაამმა მიაღწია, იგი ისრაელის ხალხის აღთქმულ მიწად იქცა. (დაბ. 13:12-17).

ამასთან, დაბადების წიგნის მეათე თავის მიხედვით, ქანაანი ერქვა ქამის ერთ-ერთ შვილს, ნოეს შვილიშვილს.

“ქამის ძენი: ქუში, მიცრაიმი,  ფუტი და ქანაანი” (დაბ. 10:6)

რასისტული კონტექსტი

გარკვეულ რელიგიურ ჯგუფებში დროთა განმავლობაში გავრცელდა ტყუილი სწავლება, იმის შესახებ, რომ ქამი ნოესაგან იყო დაწყევლილი და ამიტომაც ჰქონდა შავი კანი.  აღნიშნული სწავლება გამოყენებული იყო რასიზმისა და მონობის გამართლების მიზნით ფერადკანიანთა მიმართ მთელს მსოფლიოში.

ბიბლია ნოეს და მის ოჯახს რასობრივი თვალსაზრისით არ განიხილავს, თუმცა საუკუნეების განმავლობაში,  დაბადების მეცხრე თავში აღწერილი ამბის ინტერპრეტაცია ისლამის, ქრისტიანობის და იუდაიზმის სწავლულების მიერ სხვადასხვანაირად ხდებოდა. ქამს შავ კანთან, მონობასთან  და რასობრივი იერარქიის იდეასთან აკავშირებდნენ. მეცხრამეტე საუკუნისთვის, ისტორიკოსთა ნაწილი თანხმდებოდა იმაზე, რომ აფრო-ამერიკელების ქამის შთამომავლობად განხილვა იყო ძირითადი არგუმენტი მონობის გასამართლებლად სამხრეთელ ქრისტიანებს შორის.

მცდელობა - გავხადოთ ნოეს შვილი წყევლის ობიექტი მიუხედევად იმისა, რომ ბიბლიის მიხედვით წყევლა ქანაანზე ვრცელდება და არაფერია ნახსენები წყევლის შედეგებზე, ბიბლიური ტექსტების არასწორ ინტერპრეტაციაზე მიუთითებს, რომელიც თავის მხრივ   საზოგადოებაში რასისტული განწყობების შექმნას ისახავს მიზნად.


მოამზადა აკაკი მესაბლიშვილმა
მითების დეტექტორის ლაბორატორია